საქართველოს ხელისუფლებას და სსფ-ს მისიას შორის მიღწეულია შეთანხმება მხარდამჭერი პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულების თაობაზე

26 ოქტომბრიდან-7 ნოემბრამდე სსფ-ს მისია ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი ქვეყანაში სსფ-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის (Stand-By Arrangement (SBA)) პირველი მიმოხილვა იყო.

“პროდუქტიული განხილვების შედეგად, საქართველოს ხელისუფლება და სსფ-ს მისია, საქართველოში სსფ-ს მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებაზე შეთანხმდნენ, ტექნიკურ დონეზე. ეს შეთანხმება სსფ-ს ხელმძღვანელობის დასტურის შემდეგ, სსფ-ს აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს განსახილველად ამა წლის დეკემბერში წარედგინება. ამ მიმოხილვის დასრულების შემდეგ საქართველოსთვის 30 მილიონი SDR (დაახლოებით 38 მილიონი აშშ დოლარი) ხდება ხელმისაწვდომი.

 

2022 წელს თვალნათელი იყო საქართველოს ეკონომიკის სიძლიერე, რადგანაც, დღეის მდგომარეობით, უკრაინაში ომის უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ადრე მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა. პანდემიიდან სწრაფი აღდგენის შემდგომ, ტურიზმიდან მზარდმა შემოსავლებმა, ომით გამოწვეული იმიგრაციისა და ფინანსური ნაკადების შემოდინების ზრდამ, ასევე საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის ზრდამ ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და ფისკალური შემოსავლების მატება განაპირობა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და ლარი გააძლიერა და სავალუტო რეზერვების დაგროვებას ხელი შეუწყო. დაკრედიტების ზრდა შენელდა, თუმცა ინფლაცია კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება, სასაქონლო ჯგუფებზე ჯერ კიდევ მაღალი ფასებისა და ძლიერი შიდა მოთხოვნის გამო. საქართველოს ეროვნული ბანკის სწრაფმა და შესაბამისმა ქმედებამ ომის ფინანსურ სექტორზე გავლენის შეზღუდვას ხელი შეუწყო, მათ შორის ბანკებს შესაბამისი სანქციების დაცვა მოეთხოვათ“, – განაცხადა ვიზიტის დასასრულს ჯეიმს ჯონიმ.

 

მისი თქმით, 2022 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 10 პროცენტია; ხოლო წლის ბოლოს წლიური ინფლაცია 10½ პროცენტი იქნება.

 

„2023 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტემპის და ინფლაციის შენელებას ველით, საგარეო შემოდინების შემცირების, გლობალური ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის გაუარესების, შემცირებული ფისკალური დეფიციტის და საკმარისად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ფონზე. საშუალოვადიან პერიოდში, ეკონომიკის ზრდა მის პოტენციურ მაჩვენებელს, დაახლოებით 5 პროცენტს, დაუახლოვდება ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების და პროდუქტიულობის გაზრდაზე მიმართული სტრუქტურული რეფორმები დახმარებით. პროგნოზის მიხედვით, საშუალო ინფლაცია სებ-ის სამიზნე, 3 პროცენტიან, მაჩვენებლამდე 2024 წელს შემცირდება.

პირველი მიმოხილვის დასრულებისთვის საჭირო ყველა რაოდენობრივი კრიტერიუმი: ინფლაციის, ფისკალური და საერთაშორისო რეზერვების მაჩვენებლების ჩათვლით, დაკმაყოფილებულია. ხელისუფლების მიერ გატარებული სტრუქტურული რეფორმები მოიცავს საგადასახადო პოლიტიკასა და ადმინისტრირებას, ფინანსურ ზედამხედველობას, სახელმწიფო ინვესტიციების მართვას და კლიმატთან დაკავშირებული ფინანსური რისკების შეფასებას. ხელისუფლებამ ახლახან გამოაცხადა განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის ისეთი სქემა, რომელიც, თავის მხრივ, ფისკალურ რისკებს შეზღუდავს. ასევე პროგრესია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მმართველობის რეფორმის მიმართულებით.

გლობალური ეკონომიკური და ფინანსური განვითარების გარშემო არსებული მაღალი გაურკვევლობის ფონზე, ეკონომიკური პოლიტიკა მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და სტრუქტურულ რეფორმებზე მტკიცედ ორიენტირებული უნდა დარჩეს.

ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების მუდმივ ერთგულებას ინფლაციის თარგეთირების ჩარჩოს, მცურავი გაცვლითი კურსისა და რეზერვების გონივრული მართვის მიმართ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაცვლითი კურსის მოქნილობა სათანადოდ შეინარჩუნა და საერთაშორისო რეზერვები დააგროვა, ისარგებლა რა მიმდინარე წელს საგარეო შემოდინებების მატებით შექმნილი ხელსაყრელი პირობებით და სავალუტო ინტერვენციები ცენტრალური ბანკების სტანდარტული ინტერვენციების ინსტრუმენტებით გააგრძელა. ინფლაციის დაღმავალი ტრენდის შესანარჩუნებლად აუცილებელია საკმოდ მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება.

ფისკალური პოლიტიკა მართებულად იყო ორიენტირებული ბუფერების შექმნაზე და რისკების მართვაზე. ხელისუფლება გადაჭარბებით მიღებული შემოსავლების ნაწილს ზოგავს და 2022 წელს ბიუჯეტის უფრო დაბალ დეფიციტს მიაღწევს, ვიდრე სსფ-ს მიერ მხრდაჭერილი პროგრამის დაწყებისას, ამა წლის ივნისში იყო ნავარაუდევი. ხელისუფლება მზადაა შემდგომი ფისკალური წესრიგისთვის რათა 2023 წელს ფისკალური წესის მოთხოვნები შესრულდეს. შემოსავლების მობილიზაციისა და სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მიმართულებით უწყვეტი პროგრესი ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურისა და განათლების პრიორიტეტების მხარდაჭერას და ხარჯვის ხარისხისა და ეფექტურობის გაუმჯობესებას.

ხელისუფლების ყოვლისმომცველი სტრუქტურული რეფორმის დღის წესრიგის განხორციელება ეკონომიკის ზრდას გააძლიერებს და მის სარგებელს გააფართოებს. შრომის ბაზარზე უნარების შეუსაბამობის აღმოფხვრა, განათლებისა და ტრენინგის ხარისხის გაუმჯობესება, სოციალური დაცვის გაძლიერება და რეგიონული კავშირის გაღრმავება უმუშევრობის შემცირებას, კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ინკლუზიურობას ხელს შეუწყობს.

სსფ-ის გუნდი მადლობას უხდის ხელისუფლებას, საერთაშორისო პარტნიორებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს ღია და კონსტრუქციული დისკუსიებისთვის”, – ჯეიმს ჯონი.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …