საქართველოს ფოსტამ საბერძნეთსა და იტალიაში ამანათების გაგზავნის ტარიფი შეამცირა

თბილისი (BPI) – საბერძნეთსა და იტალიაში ყველაზე მეტი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს, ამის გათვალისწინებით საქართველოს ფოსტამ დაიწყო კამპანია „საქართველოს ფოსტა ემიგრანტებისთვის“. პროექტი გულისხმობს საქართველოდან ამ ქვეყნების მიმართულებით ამანათების სახმელეთო გზით გაგზავნის ტარიფის შემცირებას და ფოსტა ემიგრანტებს საშუალებას აძლევს დასაქმდნენ ადგილზე, თავად მოახდინონ ამანათების გაცემ /შეგროვება და გამოიმუშაონ დამატებითი შემოსავალი. საბერძნეთსა და იტალიაში, საქართველოს ფოსტის უკვე პარტნიორი ემიგრანტების მიერ მიღებული ამანათების ტრანსპორტირებას საქართველოში და მათ ადგილზე დარიგებას საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს საქართველოს ფოსტა.

პროექტის ფარგლებში ტარიფი ვრცელდება სახმელეთო ამანათებზე, რომლის მიმდინარე საფასური საბერძნეთის მიმართულებით გახლავთ 1 კგ. – 1,5 ევრო, ხოლო იტალიის მიმართულებით 1 კგ. – 2 ევრო. აღნიშნული ტარიფი ვრცელდება ნებისმიერი ტიპის შიგთავსის მქონე ამანათებზე.

„ჩვენთვის როგორც ეროვნული საფოსტო ოპერატორისთვის მეტად მნიშვნელოვანია ხელი შევუწყოთ და გავითვალისწინოთ მომხმარებლის მოთხოვნა, სწორედ აქედან გამომდინარე დავიწყეთ პროექტი „საქართველოს ფოსტა ემიგრანტებისთვის“, რომლის მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვა, საფოსტო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ხარისხიანი მომსახურების და ხელმისაწვდომი ტარიფის შეთავაზება. ამასთანავე ემიგრანტების თხოვნის გათვალისწინებით, ამავე პროექტის ფარგლებში საჯარო ინტერესის გამმოხატვის ფორმით მათ შევთავაზეთ პარტნიორობა, რასაც ასევე საკმაოდ მაღალი ინტერესი მოჰყვა.  ჩვენ შევძელით საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზირება და შედეგად მივიღეთ მომხმარებლისთვის მიმზიდველი დაბალი ტარიფი. პირველ ეტაპზე პროექტის განხორციელება დავიწყეთ საბერძნეთის და იტალიის მიმართულებით, ეტაპობრივად პროექტი გაგრძელდება სხვა ევროპული ქვეყნების მიმართულებითაც“- განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ საქართველოს ფოსტის ყველა სერვისცენტრში მთელი საქართველოს მასშტაბით.

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …