პარლამენტმა მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლითაც „საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ 1988 წლის 25 იანვრის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები წესრიგდება.
საკანონმდებლო პაკეტი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის წევრობიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მიზნით შემუშავდა.
კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების შედეგად, საქართველოს ფინანსურ ინსტიტუტებს დაეკისრებათ ვალდებულება აწარმოონ ანგარიშგების საერთო სტანდარტით (CRS) დადგენილი სათანადო პროცედურები და ფინანსური ანგარიშების შესახებ ინფორმაცია შემოსავლების სამსახურს მიაწოდონ; შემოსავლების სამსახურს მიეცემა უფლება, რომ ფინანსური ინსტიტუტებისგან მიღებული ინფორმაცია გადასცეს უცხო ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს და ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების საერთო სტანდარტთან (CRS) დაკავშირებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების შემოწმება და კონტროლი განახორციელოს.
ცვლილებები ასევე ადგენს სანქციის ზომებს, რომელიც, ამავე კანონპროექტით შემოღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში ფინანსურ ინსტიტუტს დაეკისრება.
ცვლილებები შედის ფასიანი ქაღალდების ბაზრის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების, არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის, საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების, კომერციული ბანკების საქმიანობის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, დაზღვევის და საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონებში, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში.