საქართველოს პირველმა არხმა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციისგან ექსკლუზიური ჩვენების უფლება შეისყიდა

საქართველოს პირველმა არხმა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციისგან (FIBA) საკალათბურთო მატჩების ტრანსლირების ექსკლუზიური უფლება შეისყიდა. გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, ტელემაყურებელი იხილავს საქართველოს ნაკრების ყველა მატჩს მსოფლიოსა და ევროპის უახლოესი ჩემპიონატების შესარჩევ ტურნირებში.

2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველი მატჩი 26 ნოემბერს საქართველოსა და უკრაინის ნაკრებ გუნდებს შორის შედგება. აუდიტორია პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხის ეთერში იხილავს.

„საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სპორტი ისეთივე პრიორიტეტია, როგორც ინფორმირება და შემეცნება. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობის უკეთესი მომავალია. დიდი სპორტული ღონისძიებები კი სწორედ ის პროდუქტია, რომლესაც ჩვენი მაყურებელი ერთმნიშვნელოვნად პირველ არხზე ელოდება. ვერავინ იტყვის, რომ საერთაშორისო ტრანსლაციების ლიცენზიის მოპოვება ადვილია, აქ არ არის მხოლოდ ფინანსებზე საუბარი, არამედ პარტნიორობაზე, ქვეყნის შიგნით და მის გარეთ. წლიურად პირველი არხი მხოლოდ საერთაშორისო ლიცენზიებზე ოთხ მილიონ ლარს ხარჯავს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სპორტული ტრანსლირება არხისთვის არ წარმოადგენს კომერციულ ინტერესს, არამედ ქვეყნის ეროვნული ნაკრებების, სპორტსმენების ასპარეზობის ქართველ მაყურებლამდე მიტანის მიზანს ემსახურება. ქვეყნის ეროვნული და სპორტული მიღწევები, გამარჯვებები ნამდვილად არის ის, რაც ყველას გვაერთიანებს”, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი მაყურებელს ექსკლუზიურად შესთავაზებს მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატს, 2025 წლის ევრობასკეტს და, აგრეთვე, ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატსა და ევრობასკეტს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტრადიციულად, ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიებების ტრანსლირებას ახორციელებს. პირველ არხს FIBA-სთან წინა წლებშიც ჰქონდა გაფორმებული კონტრაქტი, რომლის ფარგლებშიც მაყურებელს 2022 წელს შესთავაზებს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატს. შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტი 2021 COVID-19-ის პანდემიის გამო 2022 წლისთვის გადაიდო.

საქართველოს პირველი არხი მაყურებელს 2022 წლის თებერვალში პეკინის ზამთრის ოლიმპიადის ტრანსლაციას შესთავაზებს. ქართველი სპორტსმენები რამდენიმე სახეობაში იასპარეზებენ, მაყურებელს კი პირველი არხის მეშვეობით შეეძლება მათი გულშემატკივრობა.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ასევე შეისყიდა 2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ტრანსლირების ლიცენზია.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …