საქართველოს ოჯახების 74% ფიქსირებულ ინტერნეტს მოიხმარს

თბილისი (BPI) – საქართველოში იზრდება იმ ოჯახების რაოდენობა, რომელიც ფიქსირებულ ინტერნეტს მოიხმარს. 2019 წლის პირველ კვარტალში  ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურეობების პენეტრაცია 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 7%-ით  გაიზარდა და ჯამში 74%-ი შეადგინა.

კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, გაზრდილია მობილური კომპანიების ჯამური შემოსავალი და მიმდინარე წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შემოსავლების ზრდამ 3% შეადგინა, რაც იურიდიული პირი აბონენტებისგან მიღებული შემოსავლის 12%-იანმა ზრდამ განაპირობა. შემოსავლების ზრდა დაფიქსირდა, როგორც მობილურ ხმოვან, ასევე მობილურ ინტერნეტ მომსახურებაზეც.

ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურება 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 80 ათასით მეტმა აბონენტმა მიიღო.  ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურებების ჯამური შემოსავალი 16%-ით გაიზარდა. ჯამური შემოსავლების 30% კი იურიდიული პირი აბონენტებისგანაა მიღებული.

იზრდება მაუწყებლობის ტრანზიტის საცალო შემოსავალიც. კერძოდ,   2019 წლის პირველ კვარტალში, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მაუწყებლობის ტრანზიტის შემოსავალი 20%-ით გაიზარდა და 26.8 მლნ ლარს შეადგინა. აბონენტების რაოდენობა კი 13% -ით და 709 ათასი გახდა. 

რაც შეეხება IPTV ტექნოლოგიას,  2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით IPTV ტექნოლოგიის საცალო შემოსავალი 35%-ით, ხოლო აბონენტების რაოდენობა 25%-ით არის გაზრდილი.

ელექტრონული კომუნიკაციების 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ კომისიის ანალიტიკურ პორტალზე – www.analytics.gncc.ge

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …