თბილისი (BPI) – კონკურენციის სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს მიმდინარეობდა საქონლის/მომსახურების ბაზრის 2 მოკვლევა, დასრულდა ერთი. 5 საჩივარზე სააგენტომ მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება; საანგარიშო პერიოდში, მიმდინარეობდა საქონლის/მომსახურების ბაზრის 8 მონიტორინგი. დასრულდა ერთი – სასტუმროების დაჯავშნის ონლაინ პლატფორმების ბაზრის მონიტორინგი. გასული წლის მანძილზე, მოსალოდნელი კონცენტრაციის შეტყობინება უწყებაში შემოვიდა 4, რომელზეც გაიცა თანხმობა; 2019 წელს, ადმინისტრაციული ორგანოების მიმართ, შესაბამის ბაზარზე, კონკურენტული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, სააგენტომ გასცა 1 რეკომენდაცია.
კონკურენციის სააგენტოს მიერ, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, განხორციელდა 22 თემატური სემინარი/კონფერენცია. ფუნქციონირება დაიწყო სააგენტოს ახალმა ვებ-პორტალმა – www.competition.ge
, სადაც გაუმჯობესებულია დაინტერესებულ მხარეებთან ნავიგაცია და განთავსებულია სააგენტოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება. 2019 წლის ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია – ევროკავშირის პროექტისა და GIZ-ის მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. ასევე, საქართველოს პარლამენტში დაინიცირებული კანონპროექტების; კონკურენციის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერებისა და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით განხორციელებული აქტივობების, გზამკვლევი/სამეცნიერო დოკუმენტების შესახებ მასალა.
კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე: ,,2020 წელს სააგენტოს წინაშე ორი მთავარი გამოწვევა დგას – არსებული კანონმდებლობის სრულყოფა, მისი ეფექტურობის გაზრდა და ეკონომიკური აგენტების მხრიდან ნდობის მაღალი ხარისხის მოპოვება. ამ გამოწვევებს მაღალი სტანდარტით მიღებული გადაწყვეტილებებით უნდა ვუპასუხოთ. 2019 წელს, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების მიერ მომზადდა რეკომენდაციები -„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული და სამომავლოდ სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის. ასევე, დღის წესრიგში დგას „მომხმარებლის უფლებების დაცვის“ და „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ კანონპროექტები, რაც სააგენტოს სტრუქტურის და ფუნქციონირების ახლებურ გააზრებას მოითხოვს“.
ანგარიშში წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით, მკითხველი გაეცნობა რა მთავარი გამოწვევების წინაშე დგას დღეს უწყება, როგორია სამომავლო განვითარების სტრატეგია და მთავარი პრიორიტეტები. ასევე, სააგენტოს უფლებამოსილებების, უწყებათაშორისი თანამშრომლობის, საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების მექანიზმების შესახებ ინფორმაციებს.
რაც შეეხება 2020 წლის 4 თვის მონაცემებს – მიმდინარე 7 მონიტორინგიდან დასრულდა – 3: ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების, რითეილის და ჩვილ ბავშვთა კვების ბაზრების შესწავლა. ამ ეტაპისათვის, მიმდინარეა – ავტოდაზღვევის, პურ-პროდუქტების, საწვავის და ფარმაციის მონიტორინგები.
2020 წლის პირველ კვარტალში, დასრულდა 1 მოკვლევა და დადგინდა დონიმირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. პარალელურ რეჟიმში, დაწყებული იქნა მოკვლევა 2 საკითხზე და დაუშვებლად იქნა ცნობილი 2 საჩივარი. მიმდინარეობს ორი საჩივრის შესწავლა მოკვლევის დაწყების თაობაზე. კონკურენციის სააგენტოს მიერ სხვადასხვა დროს მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, ამ დროისათვის, მიმდინარეობს 10 სასამართლო საქმე სხვადასხვა ინსტაციებში. წლის პირველ კვარტალში სამუშაო შეხვედრები შედგა მედიის, სამეცნიერო წრეების, არასამთავრობო სექტორისა და დარგის ექსპერტებთან; დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. რეგიონულ დონეზე, კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების მიზნით, 2020 წლის 1 აპრილიდან, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენელმა დაიწყო საქმიანობა.