ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია და ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესი დაამტკიცა. მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია წარმოადგენს კლასიფიკაციის სისტემას, რომელიც ეკონომიკურ აქტივობებს გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში მწვანე, სოციალურ ან/და მდგრად სტატუსს ანიჭებს. მწვანე ტაქსონომია გარემოსდაცვით მიზნებს და მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობას ემსახურება, ხოლო სოციალური ტაქსონომია კი სოციალური მიზნების მიღწევაზეა ორიენტირებული.
მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიის მიხედვით სესხების კლასიფიცირებისა და ანგარიშგების წესი მწვანე, სოციალურ და მდგრადი სესხების საერთო განმარტებას ადგენს. აღნიშნული რეგულაციის თანახმად კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან სესხების მწვანედ, სოციალურად ან/და მდგრადად კლასიფიცირების პროცესში ტაქსონომიით განსაზღვრული კრიტერიუმებით იხელმძღვანელონ. გარდა ამისა, რეგულაცია ბანკებს ტაქსონომიის მიხედვით ანგარიშგების მოთხოვნებსაც უწესებს.
მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტებისა და დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით შემუშავდა. ამ პროცესში ფინანსური ინსტიტუტებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი. ტაქსონომიის კატეგორიები და ტექნიკური კრიტერიუმები საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაშია. იგი ასევე ითვალისწინებს საქართველოს ეკონომიკის მახასიათებლებს. ყოველივე ეს ტაქსონომიის პრაქტიკულობას და როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე სანდოობას განაპირობებს.
მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიისა და შესაბამისი რეგულაციის გაცნობა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე – მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია.