სებ-მა სამომხმარებლო ფინანსებისა და ფინანსური განათლების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სამომხმარებლო ფინანსებისა და ფინანსური განათლების თემაზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც მონაწილე ქვეყნებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ისახავდა მიზნად.

ღონისძიება ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელის (OECD/INFE) ორგანიზებით, OECD/INFE-სა და ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს ტექნიკური მხარდაჭერის 5-წლიანი პროექტის ფარგლებში, წელს მესამედ გაიმართა. კონფერენციას ესწრებოდნენ პროექტის მონაწილე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის 7 ქვეყნის – ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, რუმინეთი, ხორვატია და საქართველო – წარმომადგენლები, ასევე, მოწვეული სპეციალისტები და ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან.

ორდღიან კონფერენციაში, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა, მონაწილეებმა მომხმარებელთა მხრიდან ციფრულ ფინანსურ პროდუქტებზე წვდომისა და გამოყენების  საკითხებზე ისაუბრეს.

ღონისძიების პირველი დღე ფინანსური პროდუქტების გაციფრულების ტენდენციების გაცნობას, COVID-19 პანდემიის ზეგავლენისა და, ამ მიმართულებით, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში არსებული ვითარების მიმოხილვას დაეთმო. გამომსვლელებმა თავიანთი ქვეყნების მაგალითზე ისაუბრეს იმის შესახებ, თუ როგორ შეძლეს ფინანსური განათლების პროგრამების ადაპტირება და მომხმარებელთა უფლებების დაცვა ახალი გამოწვევების საპასუხოდ. შეხვედრის მეორე დღეს კი მონაწილეებმა ფინანსური განათლების ციფრული გზებით მიწოდების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება და ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა კონფერენციის მონაწილეებს ონლაინ პორტალის – ფინედუს მეშვეობით ფინანსური განათლების მიწოდების, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებთან დაკავშირებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარეს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის ბიუჯეტის ზრდა ბუნებრივია, რადგან ბოლო 10 წელში მათი საქმიანობის არეალი გაზრდილია – ვახტანგ ჭარაია

“სემეკის საქმიანობა 2013 წელთან შედარებით დღეის მდგომარეობით გაცილებით გაზრდილია, შესაბამისად, მეტი თანხა რომ დაიხარჯება მათ …