საქართველოს ეროვნული ბანკი ოქტომბრის “მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს” აქვეყნებს

“მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში” ინფლაციის, ეკონომიკური ზრდის და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პროგნოზების დეტალურ აღწერას გაეცნობით, რასაც ეფუძნება მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება. გამოცემის მიზანია საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილების დეტალური ახსნა მივაწოდოთ.

მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება
  • ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 10%-ზე შენარჩუნდა
ძირითადი მაკროეკონომიკური ტენდენციები

ინფლაცია

  • საქართველოში ინფლაცია კვლავ დაბალია და მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე ქვემოთ ნარჩუნდება
  • დაბალ ინფლაციას პანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომიდან მომდინარე ფასებზე ზეწოლის შესუსტება განაპირობებს. ამასთანავე, ინფლაციის კლებას ეროვნული ბანკის მკაცრი მონეტარული პოლიტიკა უზრუნველყოფს.

ეკონომიკური ზრდა

  • 2023 წლის მეორე კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი წლიურად 7.5%-ით გაიზარდა.
  • 2023 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის მაღალ ზრდას მნიშვნელოვანწილად ძლიერი საგარეო შემოდინებები განაპირობებდა. წმინდა ექსპორტის წვლილი, საბაზო ეფექტის გამო, გასულ წელთან შედარებით საშუალოდ შემცირებულია, თუმცა მეორე კვარტალში კვლავაც მოწინავეა.

ფინანსური სექტორი

  • ბოლო თვეების მანძილზე სესხების ზრდის ტემპი შედარებით დაჩქარდა, რისი ძირითადი წყაროც გაზრდილი ბიზნეს სესხებია, უმეტესწილად უცხოურ ვალუტაში.
  • დეპოზიტების დოლარიზაცია შემცირების ტენდენციას ინარჩუნებს, ხოლო სესხების დოლარიზაციის შემცირების ტენდენცია შენელდა, რასაც ეროვნული ბანკი ყურადღებით აკვირდება
  • მნიშვნელოვანია, რომ დოლარიზაციის შემცირების პროცესი კვლავ გაგრძელდეს, რასაც ხელს შეუწყობს, მათ შორის, ბოლო პერიოდში მიღებული მაკროპრუდენციული ზომები
მაკროეკონომიკური პროგნოზი
  • საბაზო პროგნოზით, მოკლევადიან პერიოდში ინფლაცია მის მიზნობრივ დონეზე დაბლა შენარჩუნდება, თუმცა იგი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ამას წინა კვარტალში მოველოდით. კერძოდ, წლის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 1%-მდე გაიზრდება, ხოლო მომდევნო წელს, ნაწილობრივ საბაზო ეფექტის გათვალისწინებითაც, მიზნობრივ დონეს გადააჭარბებს და წლის მეორე ნახევარში მის გარშემო დასტაბილურდება.
  • მწვავე გეოპოლიტიკური მდგომარეობა გლობალურად არასტაბილურ გარემოს ქმნის და ინფლაციის პროგნოზის გარშემო დამატებით გაურკვევლობას აჩენს. არსებულ შოკებს დაემატა გეოპოლიტიკური არასტაბილურობის ახალი ფაქტორი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის სახით.
  • ეკონომიკური აქტივობის კუთხით, 2023 წელს რეალური მშპ 6%-ით, ხოლო 2024-ში კი – 5%-ით გაიზრდება. ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მთავარ ხელშემწყობ ფაქტორად კვლავ პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის პოტენციალის მოსალოდნელზე უფრო სწრაფი აღდგენა გვევლინება, რასაც მიმდინარე პერიოდში საწარმოო ფაქტორების გაზრდილი პროდუქტიულობა და ინვესტიციები ასტიმულირებს.
  • მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და რისკების გათვალისწინებით, სხვა თანაბარ პირობებში, საქართველოს ეროვნული ბანკი პოლიტიკის განაკვეთის ნორმალიზებას მხოლოდ ნელი ტემპით გააგრძელებს.

გამოცემის ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე პუბლიკაციების განყოფილებაში.

გამოცემას თან ერთვის ანგარიშის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის მოკლე ვიდეო.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …