საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობის აქტზე მუშაობს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ USAID-ს მიერ ორგანიზებული ღონისძიების ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში განახლებადი ენერგიის როლს ეხებოდა.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყანა გეგმავს დივერსიფიცირებული გახადოს საკუთარი განახლებადი წყაროები. მან ასევე ხაზი გაუსვა რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც, პარლამენტის წევრის მოსაზრებით, ინვესტორების დაინტერესებას გაზრდის.

„განახლებადი ენერგიის გენერირებისთვის, საქართველოში ტრადიციულად გამოიყენება ჰიდრორესურსები, რომლებიც ელექტროენერგიის გენერირებაში დომინირებენ. მომავალში, დიდი ჰესების მშენებლობა დაკავშირებულია გარკვეულ გამოწვევებთან და ქვეყანა გეგმავს დივერსიფიცირებული გახადოს საკუთარი განახლებადი წყაროები, ენერგო მოხმარების სტრუქტურაში მზისა და ქარის ენერგიის აქტიური ჩართვით. შედეგად, 2030 წლისთვის ენერგიის მთლიან მოხმარებაში განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილი 35%-მდე გაიზრდება. ჩემი მოსაზრებით, რამდენიმე პროექტის მკვეთრად გამოკვეთა დაგვჭირდება ამ მიმართულებით იმისთვის, რომ ინვესტორების მხრიდან დაინტერესება იყოს მაღალი. ვინაიდან, საქართველოს არ გააჩნია ენერგეტიკულ გაერთიანების წევრ ქვეყნებთან გეოგრაფიული საზღვარი, მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული დაკავშირების კუთხით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელება, რომლის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულებაც 3 მლრდ. დოლარს აჭარბებს. შესაბამისად, ქვეყანას უჩნდება პოტენციალი შეიძინოს კავკასიის ელექტროენერგიის ჰაბის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი იქნება მაღალ კონკურენტუნარიანი, აქტიურად გამოიყენებს განახლებადი ენერგიის რესურსებს და განახორციელებს ჭარბი ენერგიის ექსპორტს უცხოურ ბაზრებზე.

2022 წელს საქართველოს მთავრობამ განახლებადი ენერგიის წარმოების მიმართულებით რამდენიმე პროექტი დაამტკიცა, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 200 მლნ აშშ დოლარია (მზის, ქარის და ჰიდროელექტროსადგურების პროექტების საერთო ჯამური დადგმული სიმძლავრე 150 მგვტ. იქნება). „სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ოთხი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას იწყებს, რომელთა სავარაუდო ჯამური ინვესტიცია 270 მილიონ ევროს შეადგენს. საქართველოს მთავრობა ,,ხუდონჰესის“ პროექტის ,,გაცოცხლებას“ გეგმავს, რომლის თანახმადაც გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა 1,5-ჯერ გაიზრდება, ძველ სქემებთან შედარებით. შესაბამისად, ელექტროენერგიის თვითღირებულება იქნება შედარებით დაბალი, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის შიგნით ტარიფების სტაბილურობას და კონკურენტუნარიან პირობებს შეუწყობს ხელს,“ – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

დეპუტატმა თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რუსული ენერგეტიკული რესურსებისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობის აქტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

„აღნიშნული პროექტების შესაძლო განხორციელების სიცხადეს ის ფაქტიც სძენს, რომ ევროკავშირის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ევროპა სრულად დამოუკიდებელი გახდეს რუსული ენერგეტიკული რესურსებისგან. შესაბამისად საჭირო გახდა თავისი ენერგეტიკული სისტემის გადაიარაღება, რისთვისაც მას დამატებით 210 მილიარდი ევრო სჭირდება, რათა 2027 წლისთვის ყველა მიზანი მიღწეული იყოს. ამასთან, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ისლანდია და ნორვეგია, ახდენენ ელექტროენერგიის 100%-ის გენერირებას განახლებადი რესურსების გამოყენებით. სხვა განვითარებული ქვეყანები კი მიზნად ისახავენ უახლოეს მომავალში განახლებად ენერგიაზე სრულიად გადასვლას. მაგალითად, დანიის მთავრობა ზემოხსენებული მიზნის მიღწევას 2050 წლისთვის გეგმავს. მიმაჩნია, რომ ამ პროცესებს ჩვენი ქვეყანა არა თუ არ უნდა ჩამორჩეს, არამედ აქტიური მონაწილე იყოს, რაც სტაბილური მარეგულირებელი და საბაზრო ჩარჩოს ქონის შესაძლებლობას ქმნის, რომელიც ელექტროენერგიის გამომუშავებაში ინვესტიციების მოზიდვისა და სტაბილური/უწყვეტი ენერგომომარაგების უზრუნველყოფას ნიშნავს. გარდა ამისა, მუშაობას ვიწყებთ ენერგო დამოუკიდებლობის აქტზე, რომლის ფარგლებშიც ამერიკის მთავრობის დიდი მხარდაჭერა გვაქვს და რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ. გარკვეული შეთანხმებები უკვე არსებობს, პროცესი მიმდინარეა და სამუშაო ჯგუფებიც უკვე აქტიურად მუშაობენ. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ მზად ვიქნებით იმისთვის, რომ ამ სამუშაოებში რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული პირი ჩავრთოთ და უზრუნველვყოთ საერთო სახალხო თანამონაწილეობა,“ – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

განახლებადი ენერგიის ინვესტიციების შესახებ კონფერენცია USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული კომპანიების, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკის ბიუჯეტის ზრდა ბუნებრივია, რადგან ბოლო 10 წელში მათი საქმიანობის არეალი გაზრდილია – ვახტანგ ჭარაია

“სემეკის საქმიანობა 2013 წელთან შედარებით დღეის მდგომარეობით გაცილებით გაზრდილია, შესაბამისად, მეტი თანხა რომ დაიხარჯება მათ …