საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს 7%-ით გაიზრდება – აზიის განვითარების ბანკი

საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2022 წელს 7% არის მოსალოდნელი, გაზრდილი ექსპორტისა და ტურიზმის, ფულადი გადარიცხვებისა და ძლიერი კერძო მოხმარების ფონზე, ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

 

აზიის განვითარების პროგნოზი 2022-ის განახლებული ვერსიის მიხედვით, რომელიც ADB-ის ყოველწლიური მთავარი ეკონომიკური პუბლიკაციაა, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 2023 წელს 6%-ით არის მოსალოდნელი. მიმდინარე წლის აპრილში ADB 2022 წელს 3.5%-იან, ხოლო 2023 წელს 5%-იან ზრდას ელოდა, მიუხედავად რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო გაზრდილი რისკებისა.

 

„საქართველოში ტურიზმისა და ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, რაც მიანიშნებს, რომ ქვეყანა პანდემიის უარყოფითი შედეგების გადალახვის პროცესშია,“ განაცხადა ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში შეინ როზენტალმა. „ADB საქართველოს ინფრასტრუქტურულ და სოციალურ განვითარებაში ეხმარება ბაზარზე წვდომის ხარჯების შემცირებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართობის მიზნით. საქართველოს ასევე შეუძლია სარგებელი მიიღოს ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს უზრუნველყოფით მდგრადი ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესსა და სოფლის მეურნეობაში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით.“

 

განახლების მიხედვით მომსახურების სფერო 15.3%-ით გაიზარდა საბინაო, კვების სერვისების, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და უძრავი ქონების ხარჯზე. გაიზარდა წარმოებაც 18%-ით მრეწველობისა და კომუნალური მომსახურების ზრდის შედეგად, სოფლის მეურნეობაში კი კარგი ამინდისა და მოსავლის ფონზე 2.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

 

2022 წელს ინფლაციის ზრდა 11%-ით არის მოსალოდნელი მომავალ წელს 5%-იან შემცირებამდე, რაც მსოფლიოში სამომხმარებლო საქონელზე მოსალოდნელზე მაღალი ფასებითა და ძლიერი შიდა ზრდით არის განპირობებული.

 

ფისკალური დეფიციტი 2021 წლის 6.1%-დან 2022 წელს 4%-ზე ნაკლებ ნიშნულამდე შემცირდება ძლიერი ეკონომიკური ზრდისა და პანდემიის საპასუხოდ მიღებული შეზღუდვების მოხსნის შედეგად. სახელმწიფო ვალი მშპ-ს 49.5%-ის ექვივალენტიდან, 47%-მდე შემცირდა, რაც ნაწილობრივ შემცირებული სახელმწიფო დაკრედიტების შედეგია.

 

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 2021 წლის პირველ კვარტალში არსებული მშპ-ს 12.5%-იანი ექვივალენტიდან ერთი წლის შემდეგ მცირედით – 13%-მდე გაიზარდა.

 

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …