საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების საზღვაო უსაფრთხოება მნიშვნელოვნად გაიზრდება

თბილის (BPI) – საქართველო ევროკავშირის ქვეყნების შორ მანძილზე გემების იდენტიფიკაციის და მონიტორინგის სისტემას (LRIT CDC) მიუერთდება. ამით საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოებს შორის პირველია, რომელიც აღნიშნული სისტემის ნაწილი გახდა.

ევროკავშირმა გადაწყვეტილება გემების იდენტიფიკაციის და მონიტორინგის სისტემასთან საქართველოს მიერთების შესახებ ქვეყანაში საზღვაო ტრანსპორტის დარგში არსებული მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე მიიღო. ევროკავშირი საქართველოს თხოვნას გაწევრიანების შესახებ 1 წელი იხილავდა. საქართველოს საზღვაო სექტორმა გაიარა უმკაცრესი 1 წლიანი მონიტორინგი და უმკაცრეს კრიტერიუმებზე დაყრდნობით წარმატებით გადალახა გაწევრიანების ყველა ეტაპი.

შედეგად, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს მიერთებას ევროკავშირის კოლექტიურ მონაცემთა ცენტრთან (LRIT CDC). ასეთი ტიპის ინტეგრაცია პირდაპირ ევროპულ სერვისებში, ერთ-ერტი პირველია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ისტორიაში

აღნიშნულ სისტემაში ჩართვით საქართველოს გაუჩნდება შესაძლებლობა ყოველ 6 საათში ავტომატურ რეჟიმში მიიღოს ინფორმაცია მისი დროშის ქვეშ მცურავი გემების შესახებ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან; ასევე, მოთხოვნის შესაბამისად, მიიღოს ინფორმაცია ევროკავშირის წყლებში მცურავ ნებისმიერ გემზე, რომელიც გაივლის საქართველოს საზღვრებიდან 1000 საზღვაო მილის ფარგლებში. გარდა ამისა, ევროკავშირის LRIT სისტემაში ჩართვით საქართველოს ხელი მიუწვდება მსოფლიო მასშტაბის საერთაშორისო ქსელთან (LRIT) და მის წევრ სახელმწიფოებთან ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობით კუთხით.

შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება მსოფლიო საზღვაო სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის ხარისხი, საქართველო გახდება პრესტიჟული ევროპული სტრუქტურის წევრი ქვეყანა, რაც პირდაპირ პროპორციულად აისახება საქართველოს საზღვაო დროშის იმიჯზე.

ასევე მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს შესაძლებლობები საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ზღვაზე ძებნა-გადარჩენის და ზღვის გარემოს დაცვის თვალსაზრისით. ამდენად, ამ სისტემაში გაწევრიანება წარმოადგენს მეკობრეობასთან ბრძოლისა და ჩვენი მეზღვაურების დაცვის ქმედით საშუალებას.

ევროკავშირის ქვეყნების შორ მანძილზე გემების იდენტიფიკაციის და მონიტორინგის სისტემა დღესდღეობით მსოფლიოს გლობალურ LRIT სისტემაში ჩართული ყველაზე თანამედროვე და მსხვილი მონაცემთა მართვის ცენტრია, რომელიც დღის განმავლობაში 8000 გემს უწევს მონიტორინგს.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …