საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებას.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების მორიგ ეტაპს, რომლის მიზანია, აღდგეს ეკონომიკური აქტივობა და ბიზნესი დაუბრუნდეს ცხოვრების მეტ-ნაკლებად ჩვეულ რიტმს.  დღეს, საბედნიეროდ, საქართველოში გვაქვს ვითარება, როდესაც სამედიცინო პერსონალისა და ეპიდემილოგების ძალისხმევით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ეფექტური მუშაობის, ბიზნეს სექტორისა და მოქალაქეების პასუხისმგებლიანი მიდგომის გათვალისწინებით, ვირუსის გავრცელება მნიშვნელოვნად შენელებულია და შესაბამისად ყოველდღიურად უმჯობესდება ეპიდსიტუაცია. ამასთან, ვხედავთ იმასაც, რომ კრიტიკულად აუცილებელია რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად ავამუშავოთ ეკონომიკა და ეტაპობრივად დავუბრუნდეთ ეკონომიკის განვითარებისა და ზრდის იმ ნიშნულებს, რაც პანდემიამდე გვქონდა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში კარგად ვაცნობიერებთ ეკონომიკის გახსნასთან დაკავშირებულ რისკებსაც, თუმცა შეჩერებული საქმიანობის ყოველი ზედმეტი დღე ბიზნესის, დასაქმებულებისა და თითოეული მოქალაქის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს. შესაბამისად, როდესაც ბიზნესი საუბრობს ეკონომიკის გახსნის ტემპების დაჩქარებაზე, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ, როგორც შესაბამისი გადაწყვეტილების მიმღებთა პასუხისმგებლობას, ასევე ცალკეული ბიზნეს სუბიექტის, ყოველი დასაქმებულისა და მოქალაქის პასუხისმგებლობას, რომ საფრთხის სრულად აღმოფხვრამდე განსაკუთრებული ყურადღებით მოვეკიდოთ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს, სრულად და განუხრელად დავიცვათ საკუთარი დასაქმებულების თუ მომხმარებლების უსაფრთხოება.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყოველდღიური, აქტიური კომუნიკაციისა და კონსულტაციების რეჟიმშია ბიზნეს სექტორთან. შესაბამისად, გვქონდა რა სრული ინფორმაცია გასული ორი თვის განმავლობაში დაგროვილი პრობლემატიკის შესახებ, გვქონდა კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, უსაფრთხოების დაცვის შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით გადაეხედათ და შეემცირებინათ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ბიზნესის ამოქმედებისთვის დადგენილი ვადები.

მისასალმებელია, რომ საქართველოს მთავრობამ პანდემიისგან მომდინარე საფრთხეების შემცირების ფონზე, ეკონომიკის აღდგენა და ბიზნესის მხარდაჭერა უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა, შეზღუდვების შემსუბუქების განცხადებული მორიგი ტალღა, რომელიც 11 მაისიდან შევა ძალაში, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საწარმოებისა და სავაჭრო ობიექტების დიდი ნაწილისთვის. ამასთან, გამოვთქვამთ იმედს, რომ შეზღუდვების მოქმედების ქვეშ დარჩენილ კომპანიებსაც ძალიან მალე მიეცემათ მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა, რაც ნიშნავს სამუშაო ადგილებზე ათასობით ჩვენი თანამოქალაქის დაბრუნებას და  COVID 19-ის გამო შექმნილი რთული სოციალური ვითარების გაუმჯობესებას“- ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …