თბილისი (BPI) – კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობის მიზნით პროექტების განხორციელებას განაგრძობს. „ქართული წიგნის ინსტიტუტთან“ პარტნიორობით, ბანკმა კიდევ 3 მულტიფუნქციური ბიბლიოთეკა – იდეათეკა გახსნა.
კომპიუტერებით, წიგნებით და სხვა შემეცნებითი საშუალებებით აღჭურვილი სივრცეები ზემო ნიქოზის, ამბროლაურის #1 და ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლებში სულ ახლახან გაიხსნა.
საქართველოს ბანკმა პროექტის განხორციელება გასულ წელს დაიწყო. მის ფარგლებში ჯამში უკვე 7 სკოლაში მოეწყო მულტიფუნქციური სივრცე, რომელიც მოსწავლეებისა და მასწავლებლების საყვარელ ადგილად იქცა. იდეათეკა ერთ სივრცეში აერთიანებს ისეთ აქტივობებს, როგორიცაა: ყოველდღიური გაკვეთილები, ჯგუფური პრეზენტაციები, ონლაინ შეხვედრები მოსწავლეებისთვის საინტერესო სპიკერებთან და სხვა. პროექტის მთავარ მიზანს რეგიონების საჯარო სკოლებში, განსაკუთრებით კი საზღვრისპირა სოფლებში თანამედროვე რესურსებზე წვდომის გაზრდა და ფორმალური თუ არაფორმალური განათლების ხელშეწყობა წარმოადგენს.
„ჩვენ ვაგრძელებთ იდეათეკების პროექტს და მოხარული ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა კიდევ 3 რეგიონში გაგვეხსნა მულტიფუნქციური სივრცე. შემოდგომაზე დამატებით 2 საჯარო სკოლაში ვგეგმავთ იდეათეკის გახსნას. ჩვენი მიზანია, ამ პროექტის ფარგლებში წლის განმავლობაში მინიმუმ ერთ საზღვრისპირა სოფელში მოეწყოს მსგავსი სივრცე და წელს მოეწყო კიდეც ზემო ნიქოზში. იდეათეკის პროექტის მეშვეობით ჩვენ გვსურს უფრო მეტ მოსწავლეს მივცეთ არაფორმალურ განათლებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა. 2500-მდე მოსწავლე უკვე აქტიურად იყენებს აღნიშნულ სივრცეებში განთავსებულ რესურსს, როგორიცაა ინტერნეტი, კომპიუტერები, პროექტორები, მრავალფეროვანი ბიბლიოთეკა თუ სხვა შემეცნებითი ხელსაწყოები. იდეათეკები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებას და მოსწავლეთა მეტ ინტერაქციულობასაც. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ამ და სხვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რათა მეტმა ახალგაზრდამ შეძლოს საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.
ინფორმაციისთვის, პროექტის ფარგლებში იდეათეკები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, 7 საჯარო სკოლაში: გორის მუნიციპალიტეტის სასაზღვრო სოფლებში დიცში, ხურვალეთში, ზემო ნიქოზში, თეოფანე დავითაიას სახელობის ქალაქ ფოთის #1 საჯარო სკოლაში, თბილისის 146-ე, ამბროლაურის #1 და ოზურგეთის მე-4 საჯარო სკოლებში უკვე მოეწყო. სულ მალე ამ ჩამონთვალს კიდევ 2: ახალქალაქის მე-3 და დუისის საჯარო სკოლა შეემატება.