საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა

თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმის პორტის ტერიტორიაზე მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა.

პროექტი სატრანზიტო ტერმინალსა და სასაწყობე ობიექტებს აერთიანებს, რაც ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების მიღებას, შენახვასა და ევროპულ ბაზართან დაკავშირებას მოხმარდება.

პროექტი ამერიკული ტრეიდული კორპორაცია „Trammo“-სა და საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია „Wondernet Express Investment Group“ -ის ხელმძღვანელობით ხორციელდება. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტერმინალი სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ეკოლოგიურ სტანდარტებთან, მისი დიზაინი კი ნებისმიერ კლიმატურ პირობებზეა მორგებული.

პროექტის ჯამური ღირებულება 25 მლნ. აშშ დოლარს აღემატება. წლის განმავლობაში ტერმინალი 1 500 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას უზრუნველყოფს.

აღნიშნულ ობიექტზე უკვე 100-მდე ადგილობრივია დასაქმებული. უახლოეს მომავალში კომპანია როგორც საინვესტიციო თანხის მოცულობის, ასევე სამუშაო ადგილების გაზრდას გეგმავს.

„პროექტის შემუშავებაში ევროპის წამყვანი საპროექტო ინსტიტუტები და გემის დასატვირთი მოწყობილობებისა და სასაწყობე ტექნიკის მსოფლიოში უმსხვილესი მომწოდებლები მონაწილეობდნენ. ტერმინალი სრულიად ავტომატიზირებულია და ფილტრაციის უახლესი ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ობიექტის წყალობით, ახალი ლოჯისტიკური დერეფანი უმოკლესი და ყველაზე ხელსაყრელი მარშრუტი გახდება ცენტრალური აზიიდან შავი ზღვის მიმართულებით“, – განმარტავს მამუკა მურჯიკნელი, ბათუმის მინერალური სასუქების ტერმინალის გენერალური დირექტორი.

„მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა წვლილი შევიტანოთ კიდევ ერთი მასშტაბური და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. ახალი, სრულიად თანამედროვე ტერმინალის მშენებლობის პროცესში სფეროს წამყვანი საერთაშორისო კომპანიები იყვნენ უშუალოდ ჩართულნი. დარწმუნებული ვართ, რომ ობიექტი მნიშვნელოვან როლს ითამაშებს როგორც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაში, ასევე ეკონომიკის გაძლიერებაში. საქართველოს ბანკი კი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას“
– განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ზურაბ ქოქოსაძემ.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …