თბილისი (BPI) – საქართველოს ბანკი, როგორც საიმედო ბიზნეს პარტნიორი, კვლავ განაგრძობს ბიზნესების მხარდაჭერას. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით და „შპს ჯოლიოსთან“ თანამშრომლობით, ფოთში საკვები ზეთის საწარმო შენდება. მშენებლობა ნოემბრის შუა რიცხვებში სრულად დასრულდება. კომპანია სატესტო რეჟიმში დაიწყებს პროდუქტის ჩამოსხმას. ყოველდღიურ საქმიანობაში კომპანია 40 ადამიანს დაასაქმებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, ბანკის მხარდაჭერით კი 5 მლნ ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოიყო, რაც საწარმოს მშენებლობას და დანადგარების შეძენას მოხმარდება. საწარმო თვეში 3000 ტონა მზესუმზირის გადამუშავებას შეძლებს, რაც დაახლოებით 1 მლნ რაფინირებული ზეთის ბოთლის წარმოებას უტოლდება. გარდა ამისა, იგეგმება მზესუმზირის გადამუშავების შედეგად მიღებული „მზესუმზირის შროტის“ რეალიზაცია, რაც ცხოველთა კვებისთვის გამოიყენება.
წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის შემოტანა უკრაინიდან მოხდება, ჩამოსხმული ზეთის რეალიზაცია კი საქართველოში, როგორც საცალო, ასევე სავაჭრო ქსელებში დისტრიბუციის სახით განხორციელდება. საწარმოში არსებული ყველა დანადგარი უმაღლესი ხარისხის ზეთის წარმოებას უზრუნველყოფს, მეტიც, კომპანიას უკვე შეტანილი აქვს განაცხადი ISO 22000-ზე, რაც სურსათის უვნებლობის მენეჯმენტს გულისხმობს.
„სასიხარულოა, რომ ბანკთან თანამშრომლობით ქვეყანაში კიდევ ერთი ადგილობრივი საწარმო შენდება. ჩვენთვის დიდი პატივია გავუწიოთ პარტნიორობა ისეთ წამოწყებებს, რომელიც ხელს უწყობს როგორც ბიზნესის განვითარებას, ასევე სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენი და „შპს ჯოლიოს“ თანამშრომლობით ფოთში საკვები ზეთის საწარმო ნოემბრის თვიდან დაიწყებს ოპერირებას. საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში აგრძელებს რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას, რადგან გვჯერა, რომ წარმატებული კერძო სექტორი კიდევ უფრო ძლიერი ეკონომიკის საწინდარია“, – განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.