საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა

31 ოქტომბრიდან საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა. საქართველოდან ესპანეთში პირდაპირი გზით მოხვედრა, ამ ეტაპზე კვირაში ერთი სიხშირით, მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაა შესაძლებელი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებს ესპანეთში გამგზავრება ტურისტული მიზნითაც შეუძლიათ. პირდაპირ რეგულარულ რეისებს ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით და პირიქით, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი ასრულებს.

პირველი რეისის 170-ვე მგზავრს ქუთაისის აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ. განახლებულ რეისს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე და DMO Imereti-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი დახვდნენ.

“მოხარულები ვართ, რომ ზამთრის სანავიგაციო სეზონის დაწყებისთანავე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა  განახლდა. მგზავრებს ქუთაისიდან ბარსელონას მიმართულებით და პირიქით, კვირაში ერთი სიხშირით Wizz Air-ის საშუალებით შეუძლიათ ფრენა. პირველსავე დღეს ამ მიმართულებით 170 მგზავრმა ისარგებლა და იმედი გვაქვს, რომ მათი რაოდენობა  მომდევნო ეტაპზე კიდევ უფრო გაიზრდება. რამდენიმე დღეში ქუთაისიდან კიდევ ორი ევროპული მიმართულება: ვენა და ბერლინი გვემატება,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.

ესპანეთში ტურისტულად გამგზავრება საქართველოში ხელმისაწვდომი ნებისმიერი ვაქცინით მხოლოდ ორჯერ აცრილ პირებს შეუძლიათ, რომლებმაც საზღვარზე უნდა წარადგინონ ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტი (ე.წ. COVID-19 ბარათი, QR კოდით). ესპანეთში გამგზავრებამდე 48 საათით ადრე, აუცილებელია სამედიცინო კონტროლის ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსება www.spth.gob.es/create და მიღებული QR-კოდის საზღვარზე წარდგენა.

ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები ასევე, 3 ქალაქის: 2 ნოემბრიდან ბერლინისა და ვენის, ხოლო 16 დეკემბრიდან აბუ-დაბის მიმართულებით დაიწყება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალი მიმართულებები და სიხშირეები ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კვლავ დაემატება.

 

შემთხვევითი სიახლე

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მონაწილეობა მიიღო ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის ყოველწლიურ ფორუმში (EQAF), რომელიც უმაღლესი …