თბილისი (BPI) – “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ ფრონტერას წინააღმდეგ დავა მოიგეს.
კორპორაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სხვა საკითხებთან ერთად, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენმა“ არსებითად დაარღვია კონტრაქტი, რაც ძებნა-ძიების ფართობის (მთელი სალიცენზიო ტერიტორიის 99%) სახელმწიფოსთვის დაბრუნებაზე უარის თქმაში გამოიხატა.
ამასთან, გადაწყვეტილების მიხედვით, ფრონტერას დაევალა „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ გადახდილი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის თანხა და ასევე, მოსარჩელეების მიერ საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები აანაზღაუროს. საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, აგრეთვე, დააკმაყოფილა შეუამდგომლობა „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენისა“ და „ფრონტერა აშშ-ის“ შეგებებული სასარჩელო მოთხოვნების გამოთხოვის თაობაზე და ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით წარმოება შეწყვიტა. კონტრაქტის მიხედვით, საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება საბოლოოა.
„ამჟამად, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ და სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებისაკენ მიმართულ შემდგომ ნაბიჯებსა და კონტრაქტით მინიჭებული სხვა უფლებების განხორციელების საკითხებს განიხილავენ.“- აღნიშნულია საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.