სატელეფონო ნომერზე სარეკლამო შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღებისას მომხმარებლის პრეტენზიაზე დარღვევა არ დაფიქსირდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მოქალაქის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე წარმოებული საქმის შესწავლა დაასრულა. საკითხი ეხებოდა – კომპანია „ექსტრა არეას“ მხრიდან განმცხადებლის კუთვნილ სატელეფონო ნომერზე სარეკლამო შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებების(SMS) მიღებას.

საქმის მასალების, მხარეების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ www.extra.ge-ს კონკრეტულ მომხმარებელს შეკვეთილი/მიღებული აქვს ნივთი ვებ-გვერდიდან და სარეკლამო შეტყობინებების მიღებაზე თანხმობა აქვს გაცემული.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მომხმარებლის სატელეფონო ნომერზე გაგზავნილ ყველა სარეკლამო მოკლე ტექსტურ შეტყობინებას აქვს შესაბამისი NO SMS კოდი, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოიყენოს და უარი თქვას მისთვის არასასურველი შეტყობინების მიღებაზე. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შემოწმებულ იქნა მომხმარებლისთვის გაგზავნილი SMS-ები და არც ერთი სარეკლამო შეტყობინების შემდეგ NO SMS შესაძლებლობის გამოყენება არ ფიქსირდება.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, „ექსტრა არეას“ სადავო ქმედება კეთილსინდისიერების მოთხოვნებს არ ეწინააღმდეგება, საშუალო მომხმარებლის ეკონომიკურ ქცევას უარყოფითად არ ცვლის და მომხმარებელთა ჯგუფის საშუალო წევრის ეკონომიკურ ქცევაზე უარყოფით გავლენას არ ახდენს. შესაბამისად, საქმის შესწავლის შედეგად მოპასუხე ეკონომიკური აგენტის მხრიდან კანონდარღვევის ფაქტი არ დადასტურდა.

2022 წლის 1 ნოემბრიდან – დღემდე, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, შემოსულია 189 განაცხადი, სააგენტომ 79 საკითხზე საქმის შესწავლა დაიწყო. დარღვევის ფაქტი დადასტურდა – 5 შემთხვევაში, ხოლო 2 საქმეზე დარღვევა არ დადასტურდა. საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის სასარგებლოდ, გაფორმა 24 პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს სააგენტო აქტიურად აკვირდება. ამ დროისთვის, 4 საქმესთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია.

 

 

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …