სასაკლაოების მიერ 2021 წლის IV კვარტალში წარმოებული ხორცის 41%-ი ფრინველის ხორცზე მოდის

2021 წლის IV კვარტალში საქართველოში 105 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 20.0 პროცენტი მდებარეობს ქვემო ქართლის რეგიონში, 18.1 პროცენტი – კახეთის რეგიონში, 13.3 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 13.3 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 11.4 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო დანარჩენი 23.8 პროცენტი – სხვა რეგიონებშია განთავსებული.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წლის IV კვარტალში სასაკლაოებში დაიკლა 101.9 ათასი სული პირუტყვი, საიდანაც 34.6 პროცენტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, 41.9 პროცენტი – ღორი, ხოლო 11.0 პროცენტი ცხვარი და თხა იყო. დანარჩენი პირუტყვის წილი (არ მოიცავს ფრინველს) 12.5 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 217.4 ათასი ერთეულით განისაზღვრა. სასაკლაოების მიერ 2021 წლის IV კვარტალში 11 908.4 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 33.1 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 41.0 პროცენტი – ფრინველის ხორცზე, 24.3 პროცენტი – ღორის ხორცზე, 1.4 პროცენტი – ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია. საანგარიშო პერიოდში მომსახურება გაეწია 7.6 ათას პირს, საიდანაც 39.8 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 971 კაცი შეადგინა. ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი შეადგენს: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური – 31.5 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლის საფასური – 15.1 ლარი, ხოლო ღორის დაკვლის საფასური – 27.7 ლარი.

2021 წლის IV კვარტალში საქართველოში 142 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (64.1 პროცენტი) შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია ქ. თბილისში (9.2 პროცენტი), ქვემო ქართლის რეგიონში (6.3 პროცენტი), კახეთის რეგიონში (6.3 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (4.9 პროცენტი), აჭარის ა.რ.-ში (4.9 პროცენტი), იმერეთის რეგიონში (2.1 პროცენტი), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (1.4 პროცენტი) და გურიის რეგიონში (0.7 პროცენტი).

2021 წლის IV კვარტალში მომსახურება გაეწია 261 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით – 376 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალოთვიური რაოდენობა 1 064 კაცით განისაზღვრა. 2021 წლის IV კვარტლის განმავლობაში მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 59.2 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 49.8 პროცენტი ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 23.8 პროცენტი ხილი და ბოსტნეული, 14.0 პროცენტი ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 8.0 პროცენტი თევზეული, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

2021 წლის IV კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან 20.8 პროცენტს საკუთარი წარმოების პროდუქცია, 17.1 პროცენტს შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქციის მოცულობა, ხოლო 62.1 პროცენტს მომსახურების სახით შენახული პროდუქციის მოცულობა შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 5.0 მლნ. ლარი შეადგინა.

2021 წლის IV კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 64.5 მლნ. ლარის ღირებულების (11.8 ათასი ტონა) პროდუქცია, საიდანაც, ღირებულებით გამოსახულებაში, იმპორტირებულმა პროდუქციამ შეადგინა 32.2 პროცენტი, საკუთარი წარმოების პროდუქციამ – 46.3 პროცენტი, ხოლო შესყიდულმა (ადგილობრივი) პროდუქციამ – 21.5 პროცენტი. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, სამაცივრეების მიერ გაყიდული საკუთარი წარმოების პროდუქციის მთლიანი მოცულობის 81.0 პროცენტი მოდიოდა ქათმის ხორცზე. იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (49.0 პროცენტი), პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (28.9 პროცენტი) და თევზეული (11.4 პროცენტი) წარმოადგენდა.

 

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …