საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე გიორგი ჭიჭინაძე საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინაშე წარსდგა და 2022 წლის ანგარიში გააცნო. ანგარიში მოიცავდა, როგორც სტატისტიკურ მონაცემებს, ასევე საინვესტიციო სამსახურის მუშაობას და სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას.
გიორგი ჭიჭინაძის თქმით, საანგარიშგებო პერიოდში, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ დასაქმებულთა რაოდენობამ ჯამში 1,359,887 შეადგინა. ამავე პერიოდში, სააგენტოს სისტემაში რეგისტრირებული დამსაქმებლების რაოდენობა იყო 94,994 და შენატანების საერთო ოდენობამ, კი ამავე პერიოდში 2,583,270,821.47 ლარი შეადგინა. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში, დაგროვებითი პენსია დაენიშნა 1,858 პირს და ჯამში 2019-2022 წლებში პენსიის სახით გაიცა 9,722,021.67 ლარი.
დირექტორის მოადგილემ, დამსწრეებს ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლისთვის მზადების პროცედურები გააცნო და განუმარტა, რომ საპენსიო სააგენტო უკვე მზად არის ISO 27001 -ის შესაბამისობის სერტიფიცირებისთვის, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს საპენსიო სააგენტოს მიერ განხორციელებული სამუშაოს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.
რაც შეეხება, საინვესტიციო სამსახურის მუშაობას, მოგეხსენებათ, რომ 2022 წლის იანვრიდან, საინვესტიციო სამსახურმა დაიწყო საინვესტიციო პორტფელის შედეგების ყოველთვიური ანგარიშების გამოქვეყნება, რომელშიც დეტალურადაა აღწერილი ფონდში მიმდინარე საინვესტიციო პროცესები. 2022 წლის განმავლობაში, საინვესტიციო სამსახურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას წარმოადგენდა პორტფელის ისეთი განაწილების შენარჩუნება, რომელიც ინფლაციისგან პორტფელის მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფდა. 2022 წლის პირველ ნახევარში სააგენტომ საინვესტიციო პორტფელში შეინარჩუნა ცვლადი საპროცენტო განაკვეთის მქონე სარგებლიანი ანგარიშების მნიშვნელოვანი წილი, რომელთა სარგებელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული და წარმოადგენს ინფლაციისგან ირიბ დაზღვევის გზას. საინვესტიციო საბჭოს მიერ შემუშავდა ინვესტიციების მართვის კომიტეტის კონცეფცია, საპენსიო აქტივების ინვესტირება, კი კანონის თანახმად, მხოლოდ ნაკლებადრისკიან საინვესტიციო პორტფელში ხორციელდებოდა. ამ პერიოდში, საინვესტიციო სამსახურმა დაიწყო საინვესტიციო პორტფელის შედეგების ყოველთვიური ანგარიშის სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდზე გამოქვეყნება. მარტში თვიდან საინვესტიციო სამსახურმა ბაზარზე უცხოური ვალუტის შესყიდვა დაიწყო, ხოლო აპრილში წარმატებით განხორციელდა პირველი ინვესტიციები, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ფასიან ქაღალდებში.
საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე ინვესტიციებისთვის საინვესტიციო სამსახურმა მოლაპარაკებები წარმატებით აწარმოვა და თანამშრომლობა დაიწყო მსოფლიოში უმსხვილეს საინვესტიციო ბანკებთან – JP Morgan Chase- თან და Citibank-თან. ასევე აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, საპენსიო სააგენტო გახდა ბლუმბერგში ეგრეთწოდებული Bmatch პლატფორმის მონაწილე. მცირე მოცულობით შეიძინა სუვერენული ევროობლიგაციები, ხოლო უცხოური ვალუტის დარჩენილი პოზიციები დროებით განთავსდა აშშ-ის მოკლევადიან სახაზინო ვალდებულებებში. ნოემბრის თვეში განხორციელდა პირველი ინვესტიცია ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციაში. ინვესტიციამ, პორტფელის 0.1%, სულ 3.5 მილიონი ლარი შეადგინა.
საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელობა, კანონის თანახმად პერმანენტულად ხვდება საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს და ისმენს მათ შეხედულებებს, აცნობს მიმდინარე შედეგებს და გეგმებს.