სამუხის ველზე ქურციკების რაოდენობამ 200 ინდივიდს გადააჭარბა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ერთობლივი პროექტი, რომელიც საქართველოში ქურციკების პოპულაციის აღდგენას გულისხმობს, წარმატებით ხორციელდება. დღეისთვის, სამუხის ველზე ქურციკების უკვე მეშვიდე თაობა დაიბა და რაოდენობამ 200 ინდივიდს გადააჭარბა.
ქურციკის, იგივე ჯეირნის ულამაზესი სახეობა, რომელიც 60-იან წლებამდე საკმაოდ მრავლად იყო გავრცელებული, ურბანიზაციისა და ბრაკონიერობის შედეგად გადაშენდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჩართულობით, 2013 წელს, ქურციკის პოპულაციის აღდგენის პროექტი დაიწყო. პირველი თაობა, 10 ინდივიდი, აზერბაიჯანიდან, შირვანის ეროვნული პარკიდან შემოიყვანეს და რამდენიმე ათეული წლის შემდეგ პირველად, ისტორიულ გარემოში – სამუხის ველზე გაუშვეს.
დაცული ტერიტორიების სააგენტო და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF) მუდმივად ახორციელებენ მონიტორინგს და დაკვირვებას ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, რაც როგორც ქურციკების რაოდენობის შესწავლას, ისე მათთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას გულისხმობს. ქურციკის აღდგენა დღეისათვის საქართველოს გარემოსდამცველების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ივრის ზეგანზე ეკოსისტემების გაჯანსაღება ამ ცხოველის გარეშე შეუძლებელია.
ქურციკის, იგივე ჯეირნის აღდგენის პროექტი საქართველოს მთავრობისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) ინიციატივით, გერმანიის მთავრობის (KfW) ფინანსური მხარდაჭერითა და აზერბაიჯანის მთავრობის აქტიური ჩართულობით ხორციელდება.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …