სამინისტროს ანაკლიის პროექტში კონტი ჯგუფის რეალური მონაწილეობა ეეჭვება
მაია ცქიტიშვილის უწყება ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ამერიკული კონტი ჯგუფის დროულ ჩანაცვლებას ითხოვს და ანაკლიის პროექტში კონტი ჯგუფის რეალურ მონაწილეობას ეჭვქვეშ აყენებს. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განმარტავს, რომ სწორედ კონტი ჯგუფის მონაწილეობამ განაპირობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გამარჯვება რამდენადაც „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შემავალი კომპანიებიდან ერთადერთი კომპანია, რომელიც აკმაყოფილებდა ტენდერის პირობებს იყო სწორედ ამერიკული კომპანია „კონტი ჯგუფი“.
სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტენდერში გამარჯვების შემდეგ „კონტი ჯგუფი“ არ ყოფილა ჩართული პროექტის განხორციელებაში. კონსორციუმში 42%-იანი წილის ფლობის მიუხედავად, “კონტი ჯგუფს” არ მიუღია მონაწილეობა არც პროექტის დაფინანსებაში, არც კონსორციუმის 120 მილიონ დოლარიანი საკუთარი კაპიტალის შევსებაში, არც დაფინანსების მოძიების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში.
“საყურადღებოა ისიც, რომ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” განცხადება “კონტი ჯგუფის” პროექტიდან გასვლის თაობაზე გაკეთდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამინისტრომ ოფიციალური მიმართვით მოუწოდა კონსორციუმის ყველა დამფუძნებელს, მათ შორის “კონტი ჯგუფს”, პროექტის დაფინანსების კუთხით არსებული გამოწვევების გადასაჭრელად, მეტი მხარდაჭერისა და ჩართულობისაკენ.
ვითარების იმდაგვარად წარმოჩენა, თითქოს “კონტი ჯგუფის” გასვლის შემდეგ, ანაკლიის პორტს წარმატებით ააშენებს კონსორციუმის ქართული მხარე, არ შეესაბამება რეალობას.
ანაკლიის პროექტის განხორციელება შეუძლებელია მსგავს პროექტებში გამოცდილი და ფინანსურად ძლიერი სტრატეგიული ინვესტორის გარეშე, რაც ნათლად ჩანს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მაგალითზე.
სწორედ კონსორციუმში „კონტი ჯგუფის“ ფორმალური მონაწილეობის და რეალური სტრატეგიული ინვესტორის თავიდანვე არ არსებობის გამო, 2017 წლიდან დღემდე დაფინანსების მოპოვების ვადების არაერთჯერადი გადავადების და მთავრობის მხრიდან უპრეცენდენტო მხარდაჭერის მიუხედავად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ დღემდე არ აქვს მოზიდული საკუთარი კაპიტალი, არ აქვს წარდგენილი ბანკებისთვის ტვირთბრუნვის და სესხის სრული უზრუნველყოფის გარანტიები და არ აქვს მიღწეული შეთანხმება ბანკებთან სესხის მიღების თაობაზე.
ამდენად, მოვუწოდებთ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” უმოკლეს ვადებში წარუდგინოს მთავრობას დროში გაწერილი გეგმა კონსორციუმის 42%-იანი წილის მქონე ამერიკული კომპანია “კონტი ჯგუფის” ტენდერის მოთხოვნებთან შესაბამისი გამოცდილების და ფინანსური მდგომარეობის მქონე დასავლური სტრატეგიული ინვესტორით იგივე მოცულობით ჩანაცვლების თაობაზე”, – განმარტებულია განცხადებაში.
სამინისტროს იწონებს კონსორციუმის მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ხელშეკრულების პროექტის დროულ წარდგენას და იმედოვნებს, რომ კონსორციუმი შეძლებს პროექტს 2019 წლის ბოლომდე შეათანხმებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.
„ასევე, ვიმედოვნებთ რომ 2019 წლის 15 ოქტომბრისთვის კონსორციუმი წარმოადგენს ბანკებთან საბოლოოდ შეთანხმებულ სესხის პირობებს, კონსორციუმის საკუთარი კაპიტალის შევსებაში მონაწილე ინვესტორებთან მიღწეულ შეთანხმებებს, ხოლო 2019 წლის ბოლოსთვის – პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის საჭირო 520 მილიონი დოლარით დაფინანსების ხელმოწერილ ხელშეკრულებებს.“