სამთავრობო პროგრამა და ბიზნესის მოლოდინები

თბილისი (BPI) – „ერთი წელი გამოწვევებით აღსავსე იქნება მთავრობის იმ ახალი შემადგენლობისთვის, რომელიც გუნდს ეკონომიკის ერთგვარად შეჩერებული დინამიკის პირობებში მოსვლას დასთანხმდა“ – ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტ ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ სტუმრობის დროს განაცხადა.

როგორც ცნობილია, ახალი სამთავრობო პროგრამა, ფაქტობრივად ერთწლიან გეგმას წარმოადგენს.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამ პროგრამაში ძალიან ბევრი ის პროექტი ამოიკითხა, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წლიდან იყო აქტუალური და ღია. მისი განმარტებით, პროგრამაში სწორედ ის წერია, რაც დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება. პროგრამის მიმართ ჩემი ყველაზე მთავარი მოლოდინი არის ის, თუ რამდენად ეფექტურად აღსრულდება რაც წერია, რადგან მომავალი ერთი წელი მართლაც გამოწვევებით აღსავსე იქნება მთავრობის იმ ახალი შემადგენლობისთვის, რომელიც დასთანხმდა და ცოტა არ იყოს შეჩერებული ეკონომიკური დინამიკის რეალობაში მოგვევლინა გუნდის მდგომარეობიდან გამომყვანად. დინამიკა ეკონომიკაში შეჩერებული იყოეს უნდა ვაღიაროთ. თუ გადავხედავთ, ბოლო ორი წლის განმავლობაში ბევრი პროექტი გაჩერდა და განვითარების პერსპექტივა არ ჰქონდა, – განმარტა კობახიძემ.

მისივე თქმით, ახალი სამთავრობო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი სწორად არის შედგენილი, გათვალისწინებულია ყველა ის ძირითადი პუნქტი, რაც აქამდე პრობლემური იყო და ბიზნეს ასოციაციების ძალისხმევით წამოიწია. როგორც კობახიძემ აღნიშნა,  ბიზნესს ისღა დარჩენია, მის შესრულებას დააკვირდეს და აკონტროლოს. რაც შეეხება მთავრობას, კობახიძე თვლის, რომ პროგრამის აღსრულებაზე მთავრობის ყველა რგოლი თანაბრად არის პასუხისმგებელი.

მისი განცხადებით, ბიზნესი პირველ რიგში უნდა დააკვირდეს, როგორ და რამდენად სწრაფად შესრულდება ყველაფერი, რაც აქ წერია. მთავრობის თითოეული წევრის ამოცანაა მოცემული პროგრამის ყველა ნაწილის მართვა და ეფექტური აღსრულება, მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების, როგორიცაა ბიზნესომბუდსმენის აპარატის განვითარება და გაძლიერება, ბიუროკრატიის მოშლა და მცირე მეწარმეებთან უფრო აქტიური კომუნიკაცია, ინდუსტრიის დონეზე პრობლემების მოგვარება.

მისი განცხადებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროდან დამთავრებული ეკონომიკის სამინისტროთი, დღეს ყველა მობილიზებული უნდა იყოს.

მისივე თქმით, მართალია მოცემულ პროგრამაში ციფრები ნაკლებია, მაგრამ ის ბიზნესს მთავრობის კონტროლის მეტ საშუალებას აძლევს, რადგან სხვა პროგრამებთან შედარებით მკაფიოდ არის გაწერილი.

როგორც ბიზნეს, ამ პროგრამამ საშუალება მომცა უფრო მარტივად ვაკონტროლო. როდესაც პროგრამაში წერია, რომ მთავრობა უნდა გამოვიდეს ეკონომიკის იმ სექტორებიდან, რომლის კეთებაც ბიზნესს შეუძლია, ნელნელა უკან დაიხიოს და საბიუჯეტო თანხები გამოათავისუფლოს, ეს ძალიან კარგი საშუალებაა ბიზნესისთვის მთავრობას ამ პროგრამით ელაპარაკოს, თუ ამ მოცემულობის საპირისპიროდ გადადგმულ ნაბიჯებს დავინახავთ. ყველა იმ ციფრმა, რაც აქამდე იყო წარმოდგენილი, როგორიც გახლდათ ოთხპუნქტიანი გეგმა, ხუთპუნქტიანი გეგმა, განათლებაში ჩადებული ორი მილიარდი თუ ქუთაისში გასაყვანი რკინიგზა, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ციფრებმა მთავრობას არ მისცა ის ეკონომიკური ეფექტი, რომლითაც შეიძლებოდა დღეს რომელიმე კონკრეტული პრემიერის ან სამთავრობო გუნდის წარმატება გაგვეზომა“, – განმარტა კობახიძემ.

„გლობალ ბენეფიტ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი იმედოვვნებს, რომ გახარია, როგორც ყოფილი წარმატებული ბიზნესომბუდსმენი, პრემიერის რანგში კიდევ უფრო ეფექტურად მოაგვარებს ბიზნესის პრობლემებს.

გიორგი გახარია იყო ბიზნესომბუდსმენი, როდესაც მე ვიყავი მთავრობის ადმინისტრაციაში. თავისი პოზიციიდან და ეკონომიკური ხედვიდან გამომდინარე, ის ბიზნესის აბსოლუტური მხარდამჭერი იყო და ბიზნესის პრობლემებს სწრაფად აგვარებდა, რაც იმედს მაძლევს, რომ მისი როლი უფრო ეფექტურად დავინახო პრემიერმინისტრის რანგში, სადაც მეტი უფლებები ექნება“, – განმარტა ნინო კობახიძემ.

მისი განცხადებით, ზოგადად, მმართველი ადამიანების ამდენმა ცვლილებამ სტრუქტურულ და ცენტრალურ დონეზე უფრო დაგვაზარალა, ვიდრე წინ წაგვწია. „უნდა ვაღიაროთ, რომ აბსოლუტურად განსხვავებული მმართველი ადამიანების ამდენმა ცვლილებამ სტრუქტურულ და ცენტრალურ დონეზე, უფრო დაგვაზარალა, ვიდრე წინ წაგვწია. ამიტომ ახლა ისღა დაგვრჩენია, მოტივაციით ვუყუროთ იმ პროცესს, რომ იქნებ ახლა მაინც გამოვიდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც ცნობილია, ახალი სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტებში პირველად ცაკლე თავად ჩაიწერა ტრანსპორტის სექტორი და ჩაიწერა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას ქვეყნისთვის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით აქვს მნიშვნელობა.

„გლობალ ბენეფიტ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი  ამ საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პრიორიტეტულობა მთავრობას კითხვის ნიშნის ქვეშ არასოდეს დაუყენებია. ამიტომ, მისთვის გაუგებარია, ბოლო დროს რატომ გახდა ეს საკითხი საკამათო.

„ვერაფრით ვერ მივიღებ იმ მესიჯს, რომ მთავრობას როდისმე ანაკლიის პორტის აშენება არ უნდოდა“-აცხადებს კობახიძე.

„სულ მიკვირს, რომ ამაზე კითხვა ჩნდება და სამწუხაროა, პასუხს ისე კარგად ვერ სცემენ. 2014 წელს, როცა ღრმაწყლოვანი პორტის საკითხი დაიძრა, ერთ-ერთი პირველი ვიყავი მთავრობაში, ვინც ამ პროექტს კოორდინაციას ვუწევდი და მთავრობის განსაკუთრებული ინტერესი იყო, რომ ანაკლიის პორტი აშენებულიყო. ანაკლიის პროექტის მატიანე ვარ და ვერაფრით მივიღებ იმ მესიჯს, რომ მთავრობას როდისმე ანაკლიის პორტის აშენება არ უნდოდა“, – განმარტა კობახიძემ.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …