სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს განვითარება რეგიონებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე დგას

თბილისი (BPI) – საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს სოფლის განვითარების საერთაშორისო კონფერენცია გახსნა, რომელიც ამ სფეროში ეროვნული პოლიტიკის ჩამოყალიბებას მიეძღვნა.

საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანია, რადგან ის ეხება საქართველოსათვის უაღრესად საჭირო დარგს, სოფლის მეურნეობას, რომელიც ქვეყნის განვითარების საფუძველს წარმოადგენს.
 

,,დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს განვითარება მისი რეგიონებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე დგას. ქართული ეკონომიკის განვითარებას არ ექნება მომავალი, თუ სოფლის მეურნეობის სფერო არ იქნება აგებული თანამედროვე პრინციპებზე. ჩვენ უნდა განვავითაროთ და ვისწავლოთ ის, რაც დღევანდელ მსოფლიოში მდგრადი განვითარების პრინციპებადაა მიჩნეული და სწორედ ამ პრინციპებზე ავაგოთ ჩვენი სოფლის მეურნეობა.

ეს ნიშნავს იმას, რომ შევინარჩუნოთ ძველი, ქართული ტრადიციები და ამასთან, ვისწავლოთ როგორ განვავითაროთ დარგი ისე, რომ არ უშლიდეს ხელს არც გარემოს დაცვას (რომელიც არანაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენი მომავლისათვის) და ამავე დროს, იყოს ჩართული მსოფლიო ეკონომიკაში, იყოს მორგებული მსოფლიო ბაზრებს. ეს ყველაფერი კი არის ის, რაც სხვების გამოცდილების გაზიარებით უნდა ვისწავლოთ”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
 

სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებაში შეტანილი უდიდესი წვლილისა და მხარდაჭერისათვის საერთაშორისო ორგანიზაციებს: ევროკავშირსა და გაეროს, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს.
 

კონფერენციას „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+. ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, სფეროს წამყვანი ექსპერტები და პოლიტიკის შემქმნელები ესწრებოდნენ.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …