პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, დეპუტატებმა მეორე მოსმენით განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, რომელიც სტუდენტის ცნების განსაზღვრებას ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები, რომლებიც ჩარიცხულნი არიან უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მოექცევიან კანონმდებლობით დადგენილი სტუდენტის ცნების ქვეშ.
„ტექნიკური ცვლილების შედეგად სტუდნტის ცნების განსაზღვრებიდან ამოღებულია პირის მიერ ნეიტრალური პირადობის მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ერთდროულად ფლობის ვალდებულება და ის შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის და პირადობის მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ ჩანაწერთან. შესაბამისად, დარეგულირდა როგორც საქართველოს მოქალქეობის მქონე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი პირი, რომელსაც ექნება უფლება ჰქონდეს სტუდენტის სტატუსი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში”, – განაცხადა ვალერიან გობრონიძემ.
კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭი უყარეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი.