“საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემებს TNT-ის და FEDEX-ის სასაქონლო ნიშნების გამოყენების უფლება აქვს”

თბილისი (BPI) – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტომ „საქართველოს ფოსტის“ საჩივარი, „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების“ მიერ არაკეთილსინდისიერი კონკურენციის სავარაუდო დარღვევის თაობაზე, დაუშვებლად ცნო.

საჩივარში წარმოდგენილ საკითხთან დაკავშირებით – „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების“ მიერ TNT-სა და FedEx-ის სასაქონლო ნიშნების გამოყენების უფლებაზე, როგორც მომჩივანისა და მოპასუხისაგან, ასევე საქპატენტისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სააგენტომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, დეტალურად იმსჯელა. მიღებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, სააგენტოს პოზიციით, საჩივარში დაფიქსირებულ არც ერთ საკითხთან მიმართებაში, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის დარღვევის გონივრული ეჭვი არ იკვეთება. შესაბამისად, წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, როგორიცაა – ხელშეკრულებები, ე.წ. „ბრენდ აუდიტის“ შედეგები და ა.შ. სააგენტოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემებს“ საქართველოს ტერიტორიაზე TNT-ისა და FedEx-ის სასაქონლო ნიშნების გამოყენების უფლება აქვს.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოპასუხე კომპანიას მიეცა რეკომენდაცია – განახორციელოს სოციალურ ქსელებსა და ვებ-გვერდებზე მის შესახებ არსებული ინფორმაციის მონიტორინგი, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა მის მიერ არაოპერირებად ელექტრონულ რესურსებზე შპს „საინფორმაციო კომუნიკაციების სისტემების“ შესახებ განთავსებულ იქნას რელევანტური ინფორმაცია. ასევე, შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირებს მოსთხოვოს ინფორმაციის კორექტირება და საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში წარმოადგინოს ინფორმაცია რეკომენდაციებთან დაკავშირებით მის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ.

მხარეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლიათ თბილისის საქალაქო სასამართლოში.

კონკურენციის ეროვნული სააგენტო, ამ დროისათვის, მოკვლევის 3 საქმეს აწარმოებს, მათ შორის, ერთი შეთანხმებულ ქმედებას, ორი კი არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტს ეხება. ასევე, მიმდინარეობს საავტომობილო საწვავის და ფარმაციის ბაზრის მონიტორინგები.

შემთხვევითი სიახლე

სემეკის ბიუჯეტის ზრდა ბუნებრივია, რადგან ბოლო 10 წელში მათი საქმიანობის არეალი გაზრდილია – ვახტანგ ჭარაია

“სემეკის საქმიანობა 2013 წელთან შედარებით დღეის მდგომარეობით გაცილებით გაზრდილია, შესაბამისად, მეტი თანხა რომ დაიხარჯება მათ …