სათამაშო ბიზნესი VS გიორგი ბახტურიძე – სასამართლომ ასოციაციის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისი (BPI) – თბილისის საქალაქო სასამართლომ სათამაშო ბიზნესის ასოციაციის სარჩელი თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელის, გიორგი ბახტურიძის წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა.

სარჩელის თანახმად, მომჩივანი გიორგი ბახტურიძისგან მედიის საშუალებით გაკეთებული განცხადებების პრესკონფერენციის საშუალებით უარყოფას მოითხოვდა, – თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა სათამაშო ბიზნესს ზოგადად კრიმინალური ხასიათის მქონე უწოდა.

როგორც ალიანსში განმარტავენ, სათამაშო ბიზნესის ასოციაცია აცხადებდა, რომ ბახტურიძის გამონათქვამებით ასოციაციაში შემავალ სუბიექტებს ზიანი მიადგა, თუმცა, სასამართლო პროცესზე  ზიანის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა.

ბახტურიძის განმარტებით, სათამაშო ბიზნესის შესახებ მან გამოთქვა აზრი, რომელიც დღემდე სხვადასხვა მედია საშუალების მიერ, ან გარკვეული კვლევების საფუძველზე გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა და არავის აქვს უფლება აზრის გამოხატვის თავისუფლება შეუზღუდოს, მით უფრო მაშინ, როდესაც ამ უფლებას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ მკაფიოდ განმარტავს და იცავს კანონი. 

მოსამართლე მაია გიგაურის განცხადებით, ვერ დადასტურდა, რომ მოპასუხის მიერ გამოთქმული ფრაზები მოსარჩელის, სათამაშო ბიზნესის ასოციაციის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას ლახავს. ამასთან, მოპასუხეს სიტყვის და აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება გარანტირებული აქვს როგორც კონსტიტუციით, ისე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონით. 

მოსარჩელეს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილება კანონით მინიჭებულ ვადებში გაასაჩივროს.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ამჯერად სააპელაციო სასამართლოს მიმართოს და ამ ინსტანციიდან მოითხოვოს გიორგი ბახტურიძის და შემდგომ ნებისმიერი პირის სიტყვის და აზრის გამოხატვის  თავისუფლების შეზღუდვა იმ მოტივით, რომ მასში შემავალ სუბიექტებს ზიანი ადგება. ალოგიკურია, რომ საკუთარი იმიჯის შელახვის ბრალდებებს აყენებს სათამაშო ბიზნესი, როდესაც ის თვითონ არის უამრავი ადამიანისთვის გამოუსწორებელი, ტრაგიკული ზიანის გამომწვევი. შესაბამისი რეგულაციების არარსებობის შემთხვევაში, სათამაშო ბიზნესი ლუდომანიით დაავადებულ, კიდევ უამრავ ადამიანს გააუბედურებს.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …