საქართველოს სავაჭრო პალატა ესტონეთის სავაჭრო პალატასთან ერთად ახორციელებს პროექტს: „ქალ მეწარმეთა განვითარების პროგრამა საქართველოში“. პროექტის ფარგლებში, 20 ქართველი ქალი მეწარმე ესტონეთში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა.
პირველ სამუშაო დღეს, ქართველი მეწარმეები ესტონელ ქალ მეწარმეებს შეხვდნენ, რომლებიც მათი მენტორები იქნებიან 6 თვის განმავლობაში და ინტენსიურ მენტორინგს გაუწევენ ბიზნესის განვითარების მიმართულებით. გარდა ამისა, ესტონელმა დარგის ექსპერტებმა, ქართველ ქალ მეწარმეებს ადგილობრივი ბიზნესის კეთების პრაქტიკა და გამოცდილება გაუზიარეს, გააცნეს ექსპორტისა და ბიზნესის განვითარების ინსტრუმენტები. შეხვედრა მეწარმე ქალთა პანელური დისკუსიით დასრულდა.
ვიზიტის ფარგლებში, პროგრამის მონაწილეები ტარტუს კრეატიული ინდუსტრიების ცენტრსაც სტუმრობდნენ, სადაც ტარტუს სტარტაპ საზოგადოებას და ადგილობრივ მეწარმეებს შეხვდნენ. ასევე, ბიზნესის აქსელერაციისა და ინკუბაციის პროცესებს გაეცნენე. გარდა ამისა, ქალი მეწარმეები ტალინში e-Estonia შოურუმს ეწვივნენ, რომელიც ტალინის დიგიტალიზაციის ჰაბია და უზრუნველყოფს ბიზნეს და სახელმწიფო სერვისების ელექტრონულ ტრანსფორმაციას.
სასწავლო ვიზიტი, ესტონეთში საქართველოს ელჩთან, არჩილ ყარაულაშვილთან შეხვედრით დასრულდა, რომელმაც ქართული პროდუქციის ესტონურ ბაზარზე ექსპორტის მხარდსაჭერად მზადყოფნა გამოთქვა.
პროექტის მიზანია ქართველ ქალთა ეკონომიკური გაძლიერება და საქართველო-ესტონეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ესტონელი ქალი მეწარმეების საქართველოში ვიზიტიც.
პროექტი ხორციელდება ესტონეთის მთავრობის (Estonian Development Aid program) ფინანსური მხარდაჭერით.