სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერის დათვლის მეთოდი შეიცვლება და ის კომერციული ბანკის საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის დონეზე იქნება დამოკიდებული

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, შეიცვლება სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერის (CICR) დათვლის მეთოდი და ის დამოკიდებული იქნება კომერციული ბანკის საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის დონეზე, რაც ბანკებისთვის სესხების ლარიზაციის მოტივაციას გაზრდის.

“როგორც წინა კომიტეტის გადაწყვეტილებაში იყო აღნიშნული, მიუხედავად საგრძნობი შემცირებისა, დოლარიზაცია ფინანსური სექტორისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. კრიზისამდელ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა სესხების დოლარიზაციის შემცირების მიზნით რიგი მაკროპრუდენციული ზომები გაატარა, რამაც ხელი შეუწყო არსებული მოწყვლადობის მნიშვნელოვან შემცირებას. თუმცა, საკრედიტო პორტფელში უცხოური ვალუტის სესხების კვლავ მაღალი წილის ფონზე, დოლარიზაცია არაჰეჯირებული მსესხებლებისა და, ჯამურად, ფინანსური სისტემის მდგრადობის ძირითად რისკად რჩება. ლარიზაციის მხარდასაჭერად, სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი არსებული 75% რისკის წონის მოთხოვნის ნაცვლად სესხების დოლარიზაციის მიხედვით განისაზღვრება. 40% ან ნაკლების დოლარიზაციის შემთხვევაში, რისკის წონა 40%-ის ტოლი იქნება და ყოველი 1 პროცენტული პუნქტით (პპ-ით) დოლარიზაციის ზრდა რისკის წონას 3 პპ-ით გაზრდის, მაქსიმუმ 100%-მდე. გადასვლის ეტაპზე სისტემის დონეზე CICR-ის დათვლის აღნიშნული სქემა კაპიტალის მოთხოვნის მატერიალურ ცვლილებას არ გამოიწვევს, თუმცა ცალკეული ბანკებისთვის ბუფერის მოთხოვნა მათი დოლარიზაციის დონიდან გამომდინარე შეიცვლება. იმისათვის, რომ განახლებულ სქემაზე გადასვლა ადვილად მოხდეს, აღნიშნული ცვლილება ძალაში 2022 წლის 1 იანვრიდან შევა,თუმცა ბანკებს, რომლებსაც ბუფერის შევსება ჭირდებათ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 1 წელი მიეცემათ, ხოლო დანარჩენებისთვის ბუფერის შემცირება დაუყოვნებლივ ამოქმედდება. აღნიშნული ინსტრუმენტი ლარიზაციას წაახალისებს და დროთა განმავლობაში, ლარიზაციის ზრდასთან ერთად, კაპიტალის ბუფერის მოთხოვნა შერბილდება, თუმცა ასევე შემცირდება გაცვლითი კურსიდან მომდინარე სისტემური რისკი. თავისი ხასიათით, ეს ცვლილება ივნისში განხორციელებული ინიციატივის მსგავსია, როდესაც მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები ბანკის დეპოზიტების დოლარიზაციას მიება”, განმარტავენ სებ-ში.

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …