საერთაშორისო გამოფენა `ექსპო 2020 დუბაის` ფარგლებში, დუბაიში საქართველოს ეროვნული დღე აღინიშნება, რომელსაც ქართული დელეგაცია დაესწრება

საერთაშორისო გამოფენა `ექსპო 2020 დუბაის` ფარგლებში, დუბაიში დღეს საქართველოს ეროვნული დღე აღინიშნება, რომელსაც ქართული დელეგაცია დაესწრება
დელეგაციის წევრებს შორისაა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ასევე საქართველოს ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომელიც დელეგაციას ხელმძღვანელობს. ქართულ დელეგაციას არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრი, მისი აღმატებულება აჰმედ ბინ ალი ალ საეჰი დახვდა.

საქართველოს ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ექსპო 2020 დუბაიზე ოფიციალური ცერემონიალით გაიხსნება, რომელზეც ეკონომიკის მინისტრი სიტყვით გამოვა.

ოფიციალური ნაწილის შემდეგ დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ იხილონ სუხიშვილების ბალეტისა და ანსამბლ „ბასიანის” ფოლკლორული ნომრები, ასევე გაეცნონ ქართული კულტურის სხვადასხვა ნიმუშებს. გარდა ამისა, დღის განმავლობაში დაგეგმილია გორის ქალთა გუნდის კონცერტი, ხოლო საღამოს დასკვნით ღონისძიებად „დუბაი მილენიუმ ამფითეატრში” სუხიშვილებისა და „ბასიანის” გალა-კონცერტი გაიმართება.

დღესვე ქართული დელეგაცია მოინახულებს საქართველოს პავილიონს, რომელიც ექსპოს გახსნიდან – ოქტომბრიდან ფუნქციონირებს და ამ პერიოდში უკვე რამდენიმე ათასმა ვიზიტორმა დაათვალიერა.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა რამდენიმე შეხვედრას გამართავს ადგილობრივ კომპანიებთან.

„ექსპო 2020 დუბაი” უნიკალური შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ მსოფლიოს მილიონობით ვიზიტორს, ვინც ექვსი თვის განმავლობაში მოინახულებს ამ გრანდიოზულ გამოფენას, გააცნოს ქართული კულტურა, ისტორია და რა თქმა უნდა, ის თანამედროვე შესაძლებლობები, რომელსაც საქართველო სთავაზობს მსოფლიოს ტურიზმის, ინვესტიციების, ბიზნესის კეთებისა და ბევრი სხვა საინტერესო კუთხით.

ქართული პავილიონი წარმოდგენილია ოთხი თემატური მიმართულებით – ტრადიციული მეღვინეობა, ქართული დამწერლობა, დინამიური და განვითარებადი ტურისტული მიმართულება მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ბიზნესგარემო.

ექსპო 2020 დუბაიში მსოფლიოს 191 ქვეყანა მონაწილეობს.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …