საქართველოს სადაზღვეო ბაზრის TOP-5: ჯიპიაი, იმედი L, არდი, ირაო, პსპ – CIU Business Institute

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ინსტიტუტი (​CIU Business Institute) სადაზღვევო ბაზრის 2021 წლის 9 თვის შედეგებს მიმოიხილავს და განმარტავს, რომ 2021 წლის III კვარტლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 606,7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 18,2%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (2020 9 თვე 513,2 მლნ. ლარი). CIU Business Institute-ს მონაცემებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგება 131,2 მილიონ ლარს გაუტოლდა. აღნიშნული წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია 28%-ით და შეადგენს 31,9 მლნ. ლარს. (2020 9 თვე 44,3 მლნ ლარი).

საინტერესოა ის ფაქტი, რომ საქართველოს მოსახლეობის 17% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით. სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის მოქმედი პოლისების რაოდენობის თვალსაზრისით ბოლო სამი წლის განმავლობაში ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა. 2021 წლის 9 თვის მონაცემებით აღნიშნული მაჩვენებელი 640,695-ს უტოლდება, რაც 5,2%-ით აღემატება 2020 წლის შესაბამის პერიოდს

​”2021 წლის 9 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ სულ 243,9 მლნ. ლარი შეადგინა. აღნიშნული, 15,4%-ით აღემატება 2020 წლის 9 თვის მაჩვენებელს.

მოზიდული პრემიისა და ბაზრის წილის თვალსაზრისით ტოპ 5 კომპანიის შემადგენლობა 2020 და 2021 წლის 9 თვის მონაცმებით სრულად იდენტურია.

2021 წლის 9 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემია და ბაზრის წილი ტოპ 5 კომპანიის ჭრილში შემდეგნაირად ნაწილდება: ჯიპიაი 29% (70,24); იმედი L 21% (51,89); არდი 15%, (37,66); ირაო 8% (18,69); პსპ 6% (13,95)”, – – აღნიშნულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ინსტიტუტის მიერ მომზადებულ მიმოხილვაში.

ცნობისათვის, 2021 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

შეგახსენებთ, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის ბაზაზე, ბიზნესისა და ეკონომიკის კვლევების ცენტრი – CIU ბიზნესის ინსტიტუტი (CIU Business Institute) დაფუძნდა. ბიზნეს ინსტიტუტმა უკვე მოიპოვა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნეს გამოცემის ბიზნეს ინსაიდერის „კვლევის მხარდამჭერი ლიცენზია“ (“INSIDER Research Support License“). CIU ბიზნესის ინსტიტუტის კვლევები ძირითადად მიმართული იქნება ეკონომიკის, ბიზნესის, მდგრადი განვითარების, რისკ-მენეჯმენტის, მეწარმეობისა და ინოვაციების მიმართულებით. მომდევნო კვირიდან ბიზნესის ინსტიტუტი მიზნობრივ აუდიტორიას ბიზნესისა და ეკონომიკის შესახებ უკვე მიაწვდის ინფორმაციას კვლევების, ანალიტიკის, პოლიტიკის დოკუმენტების, პროგნოზებისა და რეიტინგების სახით.

კვლევითი ინსტიტუტი ერთის მხრივ, ხელს შეუწყობს აკადემიურ სივრცეში შექმნილი კვლევების ბაზარზე გატანის ორგანიზაციული მექანიზმების შემუშავებას, ხოლო მეორე მხრივ, დააფუძნებს აკადემიური სივრცისა (კსუ ბიზნესის ფაკულტეტის) და დარგების ერთობლივ კვლევით ლაბორატორიებს. შესაბამისად, მომდევნო ორი თვის განმავლობაში CIU ბიზნესის ფაკულტეტზე სხვადასხვა დარგში წარმატებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეიქმნება ხუთი ლაბორატორია: მეწარმეობისა და ინოვაციების, ფინანსური განათლების, დუალური განათლების, მარკეტინგისა და ბიზნეს მედიის მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის ინსტიტუტის კვლევით საქმიანობაში ჩართვისა და ბიზნეს ინსაიდერის „კვლევის მხარდამჭერი ლიცენზიის“ ფარგლებში არსებულ მონაცემებზე წვდომის საშუალება სრულად ექნებათ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორებს. ამავდროულად, კვლევითი ცენტრი უპრეცედენტო მასშტაბის ინიციატივას „ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამას“ შესთავაზებს კსუ-ს ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს, რომელიც „ახალი ეკონომიკური აზროვნების ინსტიტუტის“ (Institute for New Economic Thinking) კონცეფციას დაეფუძნება.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …