საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, პასუხისგებაში მიეცა ორი პირი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ქვემო ქართლის რეგიონში, 3 ლოკაციაზე, ბრალდებულებს მოწყობილი ჰქონდათ სამკერვალოები, სადაც, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და საქონლის გასაღების გაადვილების მიზნით, Adidas-ისა და Nike-ის სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით, ამზადებდნენ მამაკაცისა და ქალის სპორტულ ტანსაცმელს, რომლის რეალიზაციასაც ახდენდნენ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული 641 ცალი Adidas-ის და Nike-ის სახელწოდებით უკანონოდ ნიშანდებული ტანსაცმელი, ასევე ხსენებული ბრენდების დიდი ოდენობით სასაქონლო ნიშანი, რომელიც განკუთვნილი იყო კონტრაფაქციული საქონლის დასამზადებლად.
აღნიშნული დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე ვადით.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა „თელასი” და „ენერგო პრო ჯორჯია” ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი” და სს „ენერგო პრო ჯორჯია” …