საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სხვა პირების დახმარებით, ქ. თბილისში მდებარე, ერთ-ერთი კომპანიის საკუთრებაში რიცხული, ჯამში 47 800 კვ/მ მოცულობის ორი მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მიზნით, გააყალბა აღნიშნული კომპანიის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გახდა მისი ერთპიროვნული დირექტორი და დამფუძნებელი, რის შემდგომაც მიწის ნაკვეთები გადააფორმა თავისივე სახელზე რეგისტრირებულ სხვა კომპანიაზე.
დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდგომ, ბრალდებული გეგმავდა მიწის ნაკვეთების იპოთეკით დატვირთვას 200 000 აშშ დოლარამდე თანხის დაუფლების მიზნით, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
გამოძიების პროცესში მიწის ნაკვეთებს დაედო ყადაღა.
წინასწარი მონაცემებით, მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება აღემატება 16 000 000 ლარს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და 210-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.