საგადასახადო შეღავათების ეფექტურობა შესწავლას საჭიროებს – ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის თქმით, მიმდინარეობს მუშაობა საგადასახადო დანახარჯების რეფორმაზე. როგორც მან 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას აღნიშნა, საგადასახადო შეღავათები წარმოადგენს ბიუჯეტის მნიშვნელოვან პოტენციურ რესურსს და ამ შეღავათების ეფექტურობა შესწავლას საჭიროებს.

 

სწორედ ამ მიზნით, ჩვენ დავიწყეთ ამ საკითხის სიღრმისეული შესწავლა. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და USAID-ის დახმარებით, უახლოეს დღეებში დავასრულებთ საშემოსავლო, მოგებისა და დამატებული ღირებულების გადასახადებში არსებული შეღავათების ფისკალური ეფექტის შეფასებას. საბიუჯეტო კოდექსში წარმოდგენილი ცვლილებებით საკანონმდებლო დონეზე ჩნდება ვალდებულება ამ ანგარიშების ყოველწლიურად ბიუჯეტთან ერთად პარლამენტისთვის წარდგენა“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

 

მისი თქმით, არსებული შეღავათების შეფასება წარმოდგენილი იქნება 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტთან ერთად, რაც ყველა დაინტერესებულ პირს მეტი მსჯელობის საშუალებას მისცემს ამ საკითხზე.

 

როგორც მან აღნიშნა, სავალუტო ფონდის დახმარებით მომდევნო წლიდან იგეგმება მსხვილი საგადასახადო შეღავათების ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზის შესწავლა, რაზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნება მსჯელობა ამ შეღავათების შესაძლო ოპტიმიზაციაზე და შესაძლო რესურსის უფრო მიზნობრივ მიმართვაზე, მათ შორის, შეღავათების ხარჯვითი პროგრამებით ჩანაცვლებაზეც.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …