თბილისი (BPI) – თებერვალში კომერციული ბანკების მოგებამ 100 მლნ ლარს გადააჭარბა, მარტში რა ზარალზე გავიდა სექტორი დღის ბოლოს გაცხადდება, სებ-ი ოფიციალურ ვებგვერდზე რომ გამოაქვეყნებს.
საბანკო ასოციაცია ზარალს ელის, თუმცა ეს მხოლოდ ბუღალტრული ზარალია, განპირობებული, ვალდებულებების გადავადების გამო რეზერვების შექმნით.
წლის პირველ 2 თვეში კომერციულმა ბანკებმა 794.2 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს, ხარჯები კი 578.9 მლნ ლარს შეადგენდა.
სებ-ი ლიკვიდობის მიწოდებისთვის მზად არის, ამისთვის აქვს სავალუტო რეზერვები, მათ შორის, სებ-ში ბანკების დარეზერვებული $1.4 მლრდ.
სებ-ის საგანგებო ღონისძიებები:
პანდემიაზე რეაგირებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტი ბანკებში არსებული ანგარიშებიდან ₾ 850 მილიონს, სებ-ში მთავრობის ანგარიშზე გადაიტანს
სებ-ის რეფინანსირების სესხებთან ერთად ლარის ლიკვიდობას ბანკებს და მისოებს $400 მლნ მაქსიმალური ლიმიტის მქონე სვოპ ოპერაციებითაც მიაწვდის (1 თვიანი, 1 წლით 12 ჯერ განახლების უფლებით)
თანხა საბაზრო წილის პროპორციულად განაწილდება. ამასთან, ზედმეტი კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად, ერთ ორგანიზაციაზე 25%-მდე ლიმიტი დაწესდება.
სებ-ი სისტემისთვის ფულის მიწოდების ვალდებულებას იღებს პანდემიის გავლის შემდეგაც ასევე მთლიანად ეკონომიკაში ლიკვიდობის ადეკვატური დონის უზრუნველყოფისას, მონეტარული ინსტრუმენტების და უცხოური ვალუტით დაგროვილი ბუფერებით.
“ლიკვიდობა საფინანსო სისტემისათვის ეკონომიკის დაკრედიტების შემზღუდველი ფაქტორი არ იქნება, მათ შორის, არც პანდემიის გახანგრძლივების შემთხვევაში”, – იმედოვნებს სებ-ი.
ბანკებს შეუმსუბუქდება კაპიტალის მოთხოვნები, რაც გულისხმობს კაპიტალის კონსერვაციის ბუფერისა (რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების 2,5%-ის ოდენობით) და პილარ 2-ის ბუფერის ნაწილის (არაჰეჯირებული საკრედიტო რისკის ბუფერის 2/3) გაუქმებას. აღნიშნული საბანკო სექტორს 1,6 მილიარდი ლარის ოდენობის კაპიტალს გამოუთავისუფლებს, რაც შეიძლება მიმართული იქნას პოტენციური ზარალების გასანეიტრალებლად ან ეკონომიკის 16 მილიარდი ლარით დასაკრედიტებლად.
ჯამურად, საბანკო სექტორს მინიმალური მოთხოვნების ზევით 4 მილიარდი ლარის კაპიტალის ბუფერი გააჩნია, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება სრულად გამოთავისუფლდეს. ეროვნული ბანკის მიერ კაპიტალის მოთხოვნების შემსუბუქება ბანკებმა არ უნდა გამოიყენონ დივიდენდის, აქციების გამოსყიდვის, წილობრივი ინვესტიციების, მენეჯმენტის ბონუსების ზრდის ან სხვა ისეთი გადახდების განსახორციელებლად, რომელიც ბანკის კაპიტალს შეამცირებს.