საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე მოძრაობის შეჩერების მიზეზებსა და გზის გახსნის საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„ვინაიდან დიდია საზოგადოების ინტერესი, რიკოთის მონაკვეთზე სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენასთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და დეტალური ინფორმაცია აღნიშნულ მონაკვეთზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
მოგეხსენებათ, 30 მარტს რიკოთის მონაკვეთზე შევწყვიტეთ მოძრაობა და გადავრთეთ გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე, აღნიშნული გარემოება გამოწვეული იყო უკიდურესი აუცილებლობიდან, ვინაიდან თოვლის დნობის შედეგად, გზასთან სიახლოვეს, დაახლოებით 200 მეტრში, განვითარდა მეწყრული პროცესები. შესაბამისი დაკვირვების შედეგად, გამოვლინდა ბზარების ზრდის და აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული პროცესების განვითარების და ჩამოსვლის ტენდენცია. ამიტომ, სპეციალისტების დაკვირვების შემდეგ და მათი რეკომენდაციით, მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვეზღუდა რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა“ – აღნიშნა გიორგი წერეთელმა.
ამ ეტაპზე რიკოთის 149-ე კმ-ზე გზის გაფართოვების სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს შესაბამისი გეოლოგიური კვლევებისათვის გზის მიყვანის სამუშაოები, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს გეოლოგიური, გეოფიზიკური კვლევები საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტების მიერ. კვირის ბოლოსათვის უკვე ცნობილი იქნება პირველადი, წინასწარი შედეგები, რომლის შემდეგაც იმსჯელებენ როგორც საფრთხეების დონეზე, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობაზე.
გიორგი წერეთელმა ბრიფინგზე, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მდგომარეობაზე და ამ მიმართულებით გადაადგილების შეფერხების მიზეზებზეც ისაუბრა.
„რაც შეეხება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის 109 კმ-იან მონაკვეთს, რომელზეც ამჟამად გადართულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ამ ეტაპზე 109 კმ-იანი გზის მხოლოდ და მხოლოდ 6 კმ-ზე მიმდინარეობს გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები. კონკრეტულად, ტარდება ზამთრის პერიოდში დაზიანებული გზის საფარის და დამეწყრილი ადგილების რეაბილიტაცია, რაც ხელს უშლის მოძრაობას და შეფერხებით ხდება გადაადგილება მხოლოდ და მხოლოდ ამ 6 კმ-იან მონაკვეთზე. ამ დისკომფორტისთვის, საავტომობილო გზების დეპარატამენტი კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს მოსახლეობას, მგზავრებს, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს“ – განაცხადა გიორგი წერეთელმა.
გიორგი წერეთლის თქმით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რიკოთის მონაკვეთზე რაც შეიძლება დროულად აღდგეს მოძრაობა და უსაფრთხო გადაადგილება იქნეს უზრუნველყოფილი.