საწარმო, რომლის წარმადობა დღიურად 1,5 ტონას შეადგენს, უზრუნველყოფს თანამედროვე ტექნოლოგიებით მაღალი ხარისხის რძის პროდუქტების, მათ შორის, ტრადიციული პროდუქტის დამბალხაჭოს წარმოებას. პროდუქციის რეალიზება ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „ყვარის მთა“ სოფლის განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, რძის გადამმუშავებელ საწარმოში საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა დანერგა, სახელმწიფო თანადაფინანსებამ 90 % პროცენტი, 13,500 ლარი შეადგინა.
რძის გადამმუშავებელ საწარმოში სამუშაო პროცესს სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსი თორნიკე კაპანაძე და თიანეთის მერი ლევან წიკლაური გაეცნენ.
„სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტები ფარავს ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტს, მათ შორის, ერთ-ერთი საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობაა. ამ მიზნით ხორციელდება ტექნიკური დახმარების პროგრამა, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტებისა და სისტემების დანერგვა“, – განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვისა და ტექნიკური დახმარების დეპარტამენტის უფროსმა, თორნიკე კაპანაძემ.
თიანეთის მერის ლევან წიკლაურის განცხადებით, სახელმწიფო პროგრამების ხელშეწყობით მოქმედი პროექტები მოტივაციაა ადგილობრივი მოსახლეობისათვის, თავადაც ჩაერთონ პროგრამებში და მიიღონ დაფინანსება.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რომელიც თიანეთის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან საქმიანობს, 19 მეპაიეს აერთიანებს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 235,000 ლარის ღირებულების რძის მიმღებ-გადამმუშავებელი საწარმოო დანადგარები და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცა; კოოპერატივმა 302 ჰა სათიბ-საძოვარი 25 წლიანი იჯარის უფლებით მიიღო.