რუსული კაპიტალი საქართველოში – აფბას კვლევა

თბილისი (BPI) – “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა” ქართულ ბიზნესსა და ენერგეტიკაში რუსულ ინტერესებზე კვლევას აქვეყნებს.

აფბას ცნობით, ბოლო პერიოდში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ქართულ ბიზნესში რუსული კაპიტალის არსებობის შესახებ. საკითხთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი აზრი ორად იყოფა. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსული კაპიტალის შემოდინება საფრთხის შემცველია, ხოლო მეორე ნაწილის აზრით, ნებისმიერი ტიპის კაპიტალი საქართველოს ეკონომიკაში თავისუფლად უნდა შემოდიოდეს. აღსანიშნავია, რომ საქართველო არის ღია ტიპის მცირე ეკონომინა და, შესაბამისად, ინვესტიციების თავისუფლად მოძრაობა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის.

რადგან საზოგადოებრივი ინტერესი მიმართულია რუსული კაპიტალის მიმართ, არასამთავრობო ორგანიზაცია – „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ წარმოგიდგენთ იმ კომპანიების სიას, რომელთა მფლობელებიც რუსეთის მოქალაქეები ან თავად რუსული კომპანიები არიან.

ბუნებრივია, სრული და დეტალური ინფორმაციის მოძიება შეუძლებელია, თუმცა კვლევაში მოყვანილია ყველა ის მსხვილი კომპანია, რომელიც დღეს ქართულ ბაზარზე ოპერირებს და ამ კომპანიებში 50%–იან წილზე მეტს რუსეთის მოქალაქეები ან რუსული კომპანიები ფლობენ.

ა/ო „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ გთავაზობთ აღნიშნული კომპანიების ჩამონათვალს ბიზნესსექტორების მიხედვით:

ენერგეტიკა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მნიშვნელოვან წილს ფლობს რუსული მსხვილი კომპანია ,,ინტერ რაო”, რომელიც რუსეთის სახელმწიფო კომპანიაა.

,,ინტერ რაოს” ეკუთვნის სს ,,თელასის” 75%, რომელიც თბილისში ელექტროენერგიის დისტრიბუციას ახორციელებს.

,,ინტერ რაოს” ასევე ეკუთვნის თბოსადგური შპს ,,მტკვარი ენერგეტიკა” , რომლის ძირითადი საქმიანობაც ელექტროენერგიის გამომუშავება და რეალიზაციაა. ისევე როგორც ,,მტკვარი ენერგეტიკი” , ჰიდროელექტროსადგურები – ,,ხრამჰესი 1” და ხრამჰესი 2” ,,ინტერ რაოს” საკუთრებაშია.

რუსეთის მოქალაქე ფლობს შპს “ენერგიასაც”, რომელსაც ეკუთვნის “დარიალი ჰესი”, “ლარსი ჰესი”,” შილდა ჰესი”. რუსეთის მოქალაქეების საკუთრებაშია “ავანიჰესი”, “ალგეთი ჰესი”, “სკურდიდი ჰესი”.  კომპანია “ენერგია”, 2010 წელს საქართველოში დაფუძნდა, მისი 70 პროცენტი რუსეთის მოქალაქე მევლუდ ბლიაძეს ეკუთვნის, 30 პროცენტი კი შპს „ფერის“ მფლობელობაშია. შპს “ენერგია” სს “დარიალი ენერჯის” აქციონერია.

ხაზგასასმელია, რომ რუსული კაპიტალი ასევე წარმოდგენილია მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელების სეგმენტშიც. ქართული და რუსული მხარე ერთობლივად ფლობენ “საქრუსენერგოს”, რომელიც ქვეყანაში მაღალი ძაბვის ელექტროსადენების მნიშვნელოვანი ნაწილის მფლობელია.

ნავთობპროდუქტები

საქართველოში რამდენიმე ათეული ნავთობკომპანია საქმიანობს. მათ შორის კი არის ,,ლუკოილ ჯორჯია”, რომელსაც ბენზინგასამართ სადგურების საკუთარი ქსელი აქვს. ის რუსული სააქციო საზოგადოების ,,ლუკოილის” შვილობილი კომპანიაა და საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან არსებობს. კომპანიის 100% -იანი წილის მფლობელია ჰოლანდიაში არსებული 1998 წელს რეგისტრირებული კომპანია “ლუკოილ ევროპა ჰოლდინგს ბი.ვი“, კომპანიის დირექტორია აზერბაიჯანის მოქალაქე გოგშარ მაჰმუდოვი.

„გალფი“ – “პეტროკას ენერჯი ლიმიტედი” საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკომპანიაა, რომელიც ახორციელებს საწვავის ექსპორტს ევროპიდან და აწვდის საქართველოში მოქმედ ბენზინგასამართი სადგურების სხვა ქსელს და მისი მფლობელი ქართული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი დავით იაკობაშვილია.

დიდი ხმაური მოჰყვა რუსული “როსნეფტის” მიერ იაკობაშვილის კუთვნილი “პეტროკას ენერჯი ლიმიტედის” 49%-ის ყიდვას. იაკობაშვილის ეს კომპანია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ვაჭრობითა და გადაზიდვებით არის დაკავებული. კომპანია საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში 140-მდე ავტოგასამართ სადგურს (“გალფი”), ფოთში კი ორ ნავთობტერმინალს განაგებს. “როსნეფტის” 69,50%-ს რუსული კომპანია “როსნეფტგაზი” ფლობს, რომლის 100%-იანი მესაკუთრე რუსეთის სახელმწიფოა, ამიტომ “როსნეფტსა” და “პეტროკას ენერჯი ლიმიტედს” შორის ხელშეკრულებას საქართველოში მაშინვე მოჰყვა კრიტიკა საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური წრეების მხრიდან. ხაზგასასმელია, რომ რუსულ სახელმწიფო კომპანია “როსნეფტს” დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებიც შეეხო. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი გარემოებაა  ის, რომ  აღნიშნული კომპანია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზეც ოპერირებს, რითაც არღვევს საქართველოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

მადნეული

RMG Gold და RMG ჩოპპერ ძვირფასი ლითონების მომპოვებელი კომპანიები არიან, რომელთა ერთადერთი მფლობელი ოფშორულ ზონაში, ნიდერლანდებში რეგისტრირებული RICH METALS GROUP-ია. მისი მფლობელები კი რუსი მილიარდერები, დმიტრი ტროიცკი და დმიტრი კორჟიევები არიან, ასევე სამეთვალყურეო საბჭოს წევრია ირინა ნიკიფოროვა.

ტელეკომუნიკაცია

2007 წელს კავშირგაბმულობის კომუნიკაციის კომპანია ,,მობიტელი” საქართველოში ,,ბილაინის” სახელით შემოვიდა. კომპანია რუსული ,,ვილპემკომის” ჯგუფის წევრია. ვიმპელკომის აქციათა ხმათა 43% ნორვეგიულ საკომუნიკაციო კომპანია თელენორ-ს ეკუთვნის. 47.9% რუსი ოლიგარქის, მიხაილ ფრიდმანის კუთვნილი კონსორციუმის ალფა ჯგუფის წევრი ალტიმო-ს საკუთრებაა.

საბანკო სექტორი

,,ვითიბი ბანკი ჯორჯია” – ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი მონაცემებით, “ვითიბი ბანკი ჯორჯიას” აქციათა 97.38%-ს რუსული “ვითიბი ბანკი” ფლობს. ამ უკანასკნელის აქციების 59.34%-ის მფლობელი რუსეთის სახელმწიფოა. რუსული “ვითიბი ბანკი” რამდენიმე ათეულ საფინანსო და საკრედიტო ორგანიზაციას ფლობს ევროპისა და აზიის ქვეყნებში. საქართველოში არსებული “ვითიბი ბანკიც” მათ შორისაა.

ტრანსპორტი

ერთი წელია, რაც საქართველოში ტაქსის ონლაინ გამოძახების რუსული ტრანსნაციონალური კომპანია “იანდექსი” მუშაობს. კომპანიის 100%-ის მფლობელი ნიდერლანდებში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოებაა. კომპანიის გენერალური დირექტორი რუსეთის მოქალაქე არკადი ვოლოჟია, რომელიც კომპანიაში აქციების 10,78%-ს ფლობს. სხვათა შორის, რუსული კომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლას ტაქსის ბიზნესით დასაქმებულთა უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი რუსულ კომპანიას დემპინგური ფასებით მომსახურებაში ადანაშაულებდნენ.

ალკოჰოლური სასმელები

ღვინის მწარმოებელი კომპანია “ტიფლისკი ვინნი პოგრები”, რომელიც საქართველოში 2003 წელს დაფუძნდა. რეესტრის მიხედვით, ამჟამად კომპანიის ოფიციალური მფლობელი რუსეთში დაფუძნებული შპს “დკ-სერვისია”.

შპს “კარლსბერგ საქართველოს” ერთპიროვნული მფლობელი რუსული შპს “ლუდსახარში კომპანია ბალტიკაა”. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან რუსეთის მოქალაქე ანტონ როგაჩევსკი, რომელიც რუსული ღსს “ლუდსახარში ბალტიკის” ვიცე პრეზიდენტია იურიდიულ საკითხებში, დანიის მოქალაქე ტომას კეჟლერ ჰანსენ და პოლონეთის მოქალაქე იაცეკ კშიშტოფ პასტუშკა – ეს უკანასკნელი “კარლსბერგის ჯგუფის” ვიცე პრეზიდენტია აღმოსავლეთ ევროპაში და რუსეთში არსებული “ლუდსახარში ბალტიკის” პრეზიდენტია. 2012 წელს “ლუდსახარში ბალტიკის” 100 პროცენტი დანიურმა კონცერნმა “კარლსბერგი ჯგუფმა” იყიდა. რეორგანიზაციის პროცესი 2014 წლის იანვარში დასრულდა. „ბალტიკა“ თვეში დაახლოებით 2.5 მილიონ ლიტრ ლუდს ასხამს. კომპანია, საქართველოს გარდა, ლუდის ექსპორტს კიდევ 74 ქვეყანაში ეწევა.

კვების პროდუქტები

რუსული კომპანია „ვიმ–ბილ–დან“–ის შვილობილი კომპანიაა და მის 100%–იან წილს ფლობს  საქართველოში რეგისტრირებული შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველო“, რომელიც საქართველოში რძის პროდუქტების, არაალკოჰოლური სასმელებისა და სხვა პროდუქციის წარმოებითა და იმპროტითაა დაკავებული. ქართულ ბაზარზე მისი პროდუქცია სხვადასხვა სახელწოდებებით ვრცელდება – „სოფლის ნობათი“, „ჩუდო“, „სანდორა“, „მარგო“ და ა.შ. კომპანიის დირექტორია ნუნუ ფორჩხიძე, თუმცა, როგორც „ვიმ–ბილ–დან“–ის მფლობელი რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბიზნესმენი დავით იაკობაშვილია.

სამშენებლო ბიზნესი

სამშენებლო კომპანია „ელიტ დეველოპმენტი“ (ELITE DEVELOPMENT) ერთ–ერთი მსხვილი სამშენებლო კომპანიაა, რომელსაც თბილისის სხვადასხვა უბანში 15 საცხოვრებელი სახლი აქვს აშენებული და ამ ეტაპზე კიდევ 3 პროექტს ახორციელებს. კომპანიის დირექტორია რუსეთის მოქალაქე ოლგა მოისეენკოვა. ასევე, კომპანიის 30%–იან წილს ფლობს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვლადიმერ მოისენკოოვი, ხოლო 70%–იანი წილის მფლობელია არაბთა გაერთიანებულ საემიროებში რეგისტრირებული და ოლგა მოისეეკნკოვას კომპანია – AIRLINE TRANSPORT INCORPORATION.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …