რუსეთმა მზესუმზირის ზეთზე შესაძლოა საექსპორტო გადასახადი გააუქმოს

რუსეთის მარცვლეულის მწარმოებელთა კავშირი პუტინს წინადადებით მიმართავს და მოუწოდებს, საექსპორტო გადასახადები მზესუმზირის ზეთსა და ყველა ზეთოვან თესლზე გააუქმოს, სანაცვლოდ კი მათზე საექსპორტო კვოტები შემოიღოს. გაერთიანების წერილი „რია ნოვოსტიმ“ მოიპოვა.

მიმართვის ავტორები მზესუმზირის ზეთის გლობალურ ჭარბ ბალანსს პროგნოზირებენ. მათი შეფასებით, პირველადი შედეგების მიხედვით, რუსეთში ზეთოვანი კულტურების წარმოებაში ისტორიული რეკორდი არის მოსალოდნელი, რომლის პარალელურად გარდამავალი მარაგების რეკორდული მოცულობით სეზონის ბოლოს მსოფლიო ბაზარიც გადაივსება.

„ფაქტობრივად, ზეთის ბაზარზე კოლაფსს უნდა ველოდოთ, რაც ამჟამად მარცვლეულის სექტორში შეინიშნება,“ – წერია მიმართვაში.

კავშირის ექსპერტები 2022-23 სეზონური წლის ბოლოსთვის 5-7 მილიონი ტონის გარდამავალი მარაგის ფორმირებას მოელიან. ისინი, ასევე, ზეთოვანი თესლების შესასყიდი ფასების შემცირებას უფრთხიან, რასაც მათი ექსპორტის ამკრძალავი ზომები კიდევ უფრო გაამწვავებს. ამდენად, გაერთიანება პუტინს სთავაზობს, მთლიანად უარი თქვას მზესუმზირის ზეთის საექსპორტო გადასახადებზე, ხოლო მათი ხელმისაწვდომობა მიწოდების სავალდებულო კვოტების შემოღებამ უნდა უზრუნველყოს. ამასთან, საექპორტო ფასი ნედლეულის მიმდინარე შესასყიდი ფასებიდან გამოთვლილი ოდენობითა და ექსპორტიდან მიღებული დამატებითი შემოსავლის შესაძლებლობებით უნდა დადგინდეს.

გარდა ამისა, მარცვლეულის მწარმოებელთა კავშირი მიიჩნევს, რომ საექსპორტო შეზღუდვა ყველანაირ ზეთოვან კულტურაზე უნდა გაუქმდეს, ხოლო ადაპტაციის პერიოდში ზეთის თესლის უბაჟო ექსპორტისთვის კვოტა 6 მილიონ ტონამდე დადგინდეს, რაც ზეთისმომპოვებელ საწარმოებს მომავალი წლის 1-ლი მარტიდან 1-ელ სექტემბრამდე დაუწესდებათ. ასევე, შიდა ბაზარი ზეთოვანი თესლების შეძენა-შესანახად თუნდაც შეღავათიანი სესხების გაცემით უნდა გააქტიურდეს, ხოლო სოფლის მეურნეობის მწარმოებლების დაკრედიტირება გირაოში მათი მოსავლის ჩადებით მოხდეს. ამის დაფინანსების წყარო შესაძლოა, მზესუმზირის ზეთის, შროტისა და ზეთოვანი თესლების საბაჟო გადასახადებიდან მიღებული სახსრები გახდეს.

რუსეთში 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან 2022 წლის 31 აგვისტოს პერიოდისთვის მზესუმზირის ზეთზე, ხოლო 1-ლი მაისიდან 31 აგვისტომდე შროტზე მოქნილი საექსპორტო გადასახადი შემოიღეს. ზაფხულში ფედერაციის მთავრობამ მზესუმზირის ზეთის, შროტისა და მზესუმზირის მარცვლებზე საექსპორტო გადასახადის ვადა კიდევ ერთი წლით, 2023 წლის 31 აგვისტომდე გაახანგრძლივა, ხოლო ზეთსა და შროტზე ამ გადასახადების გამოთვლა დოლარიდან რუბლებზე გადაიტანა.

მანამდე პუტინს წერილით კიდევ ერთმა გაერთიანებამ, რუსეთის ფერმერთა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ასოციაციამ (AKKOR) მიმართა და მარცვლეულის წარმოების შესანარჩუნებლად, ასევე, საექსპორტო გადასახადის გაუქმება მოითხოვა. ამ მოთხოვნის მიზეზად ასოციაცია AKKOR მიმდინარე წელს შიდა ბაზარზე მარცვლეულის ფასების კოლაფსს ასახელებდა. თუმცა პუტინმა რუსი ფერმერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი გადასახადი ძალაში დატოვა. თუმცა ჭარბი რაოდენობის გამო, რუსულ ხორბალზე ფასები ყოველდღიურად მცირდება. ასევე მცირდება საექსპორტო გადასახადიც.

 

წყარო: bpn.ge

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …