რომ არა პანდემია და შემდეგ ომი, დიდი ალბათობით, დღეს საქართვლოს საინვესტიციო რეიტინგი ექნებოდა – კობა გვენეტაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის შეფასებით, „რომ არა პანდემია და შემდეგ ომი, დიდი ალბათობით, დღეს საქართველოს საინვესტიციო რეიტინგი ექნებოდა”.

ასე ეხმაურება სებ-ის პრეზიდენტი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივის “სტაბილურიდან” “პოზიტიურამდე” გაუმჯობესებას, ხოლო რეიტინგის უცვლელად, BB დონეზე დატოვებას.

„Fitch-ის მხრიდან მნიშვნელოვანი და ლოგიკური შეფასებაა, თუ როგორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა გაატარა საქართველოს ეკონომიკურმა გუნდმა, განსაკუთრებით ისეთ რთულ პერიოდში, როგორიც იყო პანდემია, პანდემიის შემდგომი პერიოდი და რეგიონში მიმდინარე ომის პერიოდი.

სარეიტინგო სააგენტოს შეფასებაში აბსოლუტურად სწორად არის აღნიშნული ის დადებითი მომენტები, რაც გულისხმობს სწორი მონეტარული პოლიტიკის გატარებას ეროვნული ბანკის მიერ, დოლარიზაციის შემცირებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვებას და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის რეკორდულ დონემდე შემცირებას.

ამასთან, ფისკალური კონსოლიდაცია, რომელიც აბსოლუტურად აუცილებელია იმისათვის, რომ ქვეყნის ფინანსები იყოს მდგრადი და ამავდროულად, დაეხმაროს ინფლაციის შემცირებას.

ვფიქრობ, ეს ყველაფერი არის ლოგიკური ნაბიჯი იმისკენ, რომ მომავალში ქვეყნის სუვერენული რეიტინგი კიდევ ერთი ბიჯით გაუმჯობესდეს, რაც მხოლოდ ერთ ნაბიჯს დატოვებს საინვესტიციო რეიტინგამდე. ესეც აუცილებლად მოხდება და როგორც ადრე აღმინიშნავს, რომ არა პანდემია და შემდეგ ომი, დიდი ალბათობით, დღეს საქართვლოს საინვესტიციო რეიტინგი ექნებოდა“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …