როგორ აფასებს მამუკა ბახტაძე პრემიერის პოსტზე ყოფნის პერიოდს

თბილისი (BPI) – მამუკა ბახტაძემ პრემიერის პოსტზე თავისი მოღვაწეობა სოციალურ ქსელში შეაფასა.

შარშან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დამტკიცებისას, ქართულ საზოგადოებას წარვუდგინე 5 პრინციპი, რომელიც ჩვენი მთავრობის სამოქმედო გეგმის მთავარ ქვაკუთხედად ჩამოყალიბდა.
ეს პრინციპებია:
o ქართველი ხალხის ცივილიზაციური არჩევანის − ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დაჩქარება და შეუქცევადობის უზრუნველყოფა;
o ძირეული და ინოვაციური რეფორმების გატარება ეკონომიკაში; ახალი ეკონომიკური მოდელის შექმნა;
o მცირე მთავრობის კონცეფციის დანერგვა;
o ეფექტიანი, გამჭვირვალე, ოპერატიული და მოქნილი ბიუროკრატიის შექმნა;
o განათლების, ახალგაზრდობისა და ინოვაციების უპირობო პრიორიტეტად გამოცხადება, რადგან სწორედ განათლებული, მოტივირებული, სამეწარმეო სულისკვეთებით აღსავსე და საკუთარ ძალებში დარწმუნებული ახალგაზრდობა არის იმ მთავარი შედეგის მომტანი, რომელიც საქართველოს ჩააყენებს განვითარებული და ინოვაციური ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიგში;
o ადამიანი, როგორც მთავარი ფასეულობა და მასზე ზრუნვა.
მე ყოველთვის ვამბობდი, რომ საქართველოს აქვს ორი მთავარი გამოწვევა − რუსული ოკუპაცია და სიღარიბე. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი ინიციატივა, რეფორმა თუ სტრატეგიული განვითარების მიმართულება უნდა ემსახურებოდეს ამ ორი მთავარი გამოწვევის დაძლევას.
მიმაჩნდა, რომ ჩვენს სახელმწიფოს აკლდა ძირითადი სტრატეგიული განვითარების აქცენტები, რის გამოც ქვეყანა ცხოვრობდა არჩევნებიდან არჩევნებამდე.
ჩვენ ვართ ახალგაზრდა დემოკრატია და, სამწუხაროდ, პოლიტიკური პარტიების მიერ შეთავაზებული პროგრამებიც უმეტესად იყო მოკლევადიანი (ხშირად პოპულისტური) და ძირითად შემთხვევაში, მხოლოდ საარჩევნო პერიოდზე ორიენტირებული.
იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც აქვს ჩვენს ქვეყანას და განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც არის ჩვენი სახელმწიფო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს სტრატეგიული განვითარების მიმართულებები, რომელთა ერთობლიობა შექმნის სტრატეგიული განვითარების ჩარჩოს. სწორედ ამ სტრატეგიული განვითარების ჩარჩომ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მდგრადი განვითარება, მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა.
განვითარების ეს სტრატეგიული მიმართულებები უნდა იყოს მკაფიო, გაზომვადი, რეალისტური და სარგებლობდეს საზოგადოების მხარდაჭერით.
ჩემი შეხედულებით, ეს სამი ძირითადი სტრატეგიული მიმართულებაა:
1) საქართველოს ადგილისა და როლის განსაზღვრა გლობალურ სამყაროში − ევროპისა და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრობა;
2) განვითარების ახალი ეკონომიკური მოდელი (21-ე საუკუნის გამოწვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით);
3) განათლება, როგორც ეროვნული იდეა.

სწორედ აღნიშნული სტრატეგიული განვითარების ჩარჩოს შექმნა და დანერგვა გახდა ჩემი პრემიერ-მინისტრად არჩევის საფუძველი და ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ჰქონდა სრული კონსესუსი ამ საკითხზე.
ამ მიმართვის მიზანიც გახლავთ ის, რომ მოგახსენოთ, რა გაკეთდა და რა უნდა გაკეთდეს ზემოხსენებული მიმართულებაში წარმატების მისაღწევად.

საქართველოს ადგილი და როლი გლობალურ სამყაროში − ევროპისა და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრობა
ჩვენი უმთავრესი ამოცანა იყო, ხარისხობრივად ახალ დონეზე აგვეყვანა ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირსა და ნატოსთან და წარმოგვეჩინა საქართველოს გაძლიერებული სტრატეგიული როლი რეგიონში; სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ეს ურთიერთობები უმაღლეს ისტორიულ ნიშნულზეა. ჩვენი საერთაშორისო პოზიციები ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა და მას სჭირდება განსაკუთრებული მოფრთხილება და შემდგომი განმტკიცება.
ევროინტეგრაცია − ეს არ არის მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური არჩევანი, როგორც ხშირად პოლიტიკოსები მოიაზრებენ, ევროინტეგრაცია არის ჩვენი ერის ცივილიზაციური არჩევანი.
დღეს ჩვენ ვართ ევროკავშირის ასოცირებული წევრები, გვაქვს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA), ვიზალიბერალიზაცია, რამაც პირდაპირი და ხელშესახები შედეგები მოუტანა ჩვენს ხალხს.საქართველო დღეს არის იმაზე ახლოს ევროპულ ოჯახთან, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
o ყველა პარტნიორი ერთხმად აღიარებს, რომ ვართ ლიდერი სახელმწიფო აღმოსავლეთის პარტნიორ ქვეყნებს შორის.
 ჩვენ გვჭირდება კონკრეტული გეგმა შემდგომი ფაქტობრივი ინტეგრაციისთვის ევროპულ სივრცეში, ვიდრე ევროკავშირს ექნება შესაძლებლობა, მოგვცეს ევროკავშირის წევრობის ოფიციალური პერსპექტივა.
სწორედ ამიტომ, ჩვენ:
o შევიმუშავეთ ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა (Roadmap2EU);
o ბათუმის კონფერენციაზე ვიმსჯელეთ ფაქტობრივი ინტეგრაციისათვის საჭირო დამხმარე მექანიზმებზე, სადაც ნათლად გამოჩნდა, რომ ევროკავშირის მხრიდან არის მზადყოფნა და ჩვენგან ელიან ინიციატივებს;
o ევროკავშირთან ერთად შევიმუშავეთ უნიკალური ფორმატი, რომელიც შეიქმნა სპეციალურად საქართველოსთვის − ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად გაიმართა უმაღლესი დონის შეხვედრა საქართველოს მთავრობისა და ევროკომისიის წევრების მონაწილეობით ბრიუსელში;
o სექტორალური ინტეგრაცია არის ევროკავშირში ფაქტობრივი ინტეგრაციის საუკეთესო გზა;
o ჩვენი ევროპული ცივილიზაციური არჩევანი განპირობებულია ჩვენი ისტორიითა და უნიკალური კულტურით. ჩვენი კულტურა არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, უფრო მეტიც − ჩვენ განსაკუთრებული წვლილი გვაქვს შეტანილი ევროპული ცივილიზაციის შექმნაში. შესაბამისად, განსაკუთრებით ემოციური და პრაგმატულადაც უმნიშვნელოვანესია, რომ სრულფასოვანი სექტორალური ინტეგრაციის პირველი ნაბიჯები ხორციელდება სწორედ კულტურისა და განათლების სფეროებში.
შესაბამისად, კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა, მის დაცვასა და შენარჩუნებაზე მნიშვნელოვანი ხარჯების გაღება არის უალტერნატივო არჩევანი, რომ, ერთის მხრივ, შევინარჩუნოთ ჩვენი თვითმყოფადობა, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველვყოთ ევროპულ ოჯახში შესვლის პერსპექტივის რეალიზაცია;
o ცირკულარული შრომითი მიგრაციის (ლეგალური დასაქმება ევროპაში) შესახებ მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან;
o და ბოლოს, სანამ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი, საქართველოს ევროპასთან ფაქტობრივი ინტეგრაციის საუკეთესო მექანიზმად მიმაჩნია საქართველოს ევროპის ეკონომიკურ სივრცეში გაწევრიანება (European Economic Area).

ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან

დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა, ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ერთგული მეგობარი და პარტნიორი, დგას საქართველოს გვერდით. ჩვენი ურთიერთობები ვითარდებოდა ყველა ადმინისტრაციის პირობებში და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ის უმაღლეს ნიშნულზეა. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთი მრავალვექტორული და ყოვლისმომცველი, როგორც ეს მოხერხდა ბოლო ერთი წლის მუშაობის შედეგად.
უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველოს აქვს ორპარტიული მხარდაჭერა კონგრესში. ივნისში, სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მივიღეთ ერთობლივი დეკლარაცია, ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელმაც განსაზღვრა ორმხრივი ურთიერთობების პრიორიტეტები შემდეგი წლების განმავლობაში.

აშშ-სთან ურთიერთობის დღის წესრიგში არის სამი უმთავრესი პრიორიტეტი:
o ორივე პარტნიორი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მტკიცე დაცვა;
o ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებში;
o ეკონომიკური თანამშრომლობა;
o ჩვენ გვჭირდება მეტი ამერიკული ინვესტიცია საქართველოში, ჩვენ გვჭირდება მეტი მსხვილი ამერიკული კომპანია, რომელიც საქართველოდან მოახდენს ოპერირებას რეგიონის მასშტაბით. ამისთვის საჭიროა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, რომელზეც მიმდინარეობს კონსულტაციები და ეს ინიციატივა ასახულია კონგრესის დოკუმენტშიც (Georgia Support Act).

ნატო

პარალელურად, ვანვითარებთ და ვაღრმავებთ ნატოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას.
დღეს ნატო – საქართველოს თანამშრომლობა უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა.
ამაზე მეტყველებს:
o გაზრდილი საერთო სამხედრო წვრთნების ინტენსივობა;
o პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ნატო – საქართველოს ერთობლივი სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების ფაზის განხორციელება მოხდა სრულად ქართველი სამხედროების მიერ. ეს არის საქართველოს აღიარება, როგორც ნატოს ღირსეული პარტნიორის, რომელიც მზად არის, გახდეს ალიანსის წევრი ქვეყანა;
o საქართველოს ჩართულობა და როლი ნატოს ოპერაციებში;
o კონცეფცია − „მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში“;
o ნატოს სტანდარტებთან სრული თავსებადობა.
ჩვენი მთავარი გზავნილი პარტნიორების მიმართ იყო, რომ წარმოუდგენელია, ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახს ჰქონდეს მდგრადი უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე. ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის დიდი მიღწევა, რომ როგორც ევროკავშირი, ისე ნატო, დღეს შავი ზღვის რეგიონს მიიჩნევს, როგორც უმთავრეს პრიორიტეტს.
ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისთვის დაგეგმილია მნიშვნელოვანი რეფორმები.
გამოვყოფ რამდენიმე მათგანს:
o ტოტალური თავდაცვის კონცეფცია;
o სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სისტემური რეფორმა;
o სამხედროებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება (მათ შორის, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ბინათმშენებლობის პროექტი).

ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან

სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარების მიზნით, გააქტიურდა ურთიერთობა თურქეთსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში.

აქტიურად ვითარდება ურთიერთობები სომხეთის რესპუბლიკასთან ყველა მიმართულებით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვახორციელებთ რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან და ამ მიდგომაში არ უნდა იყოს წყვეტა. ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობისას, ყოველთვის უნდა იდგეს დღის წესრიგში ახალი რეგიონული პროექტების განვითარება, რომელიც კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას მიანიჭებს ჩვენს რეგიონს და გახდის უსაფრთხოს.

ოკუპაციის დაძლევა და არაღიარების პოლიტიკა
დღეს საქართველოს აქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა საერთაშორისო პოლიტიკაში. ამას ცხადყოფს ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიც. ბრძოლა რუსულ ოკუპაციასთან არის ძალიან მძიმე და ჩვენგან მოითხოვს მაქსიმალურ პრინციპულობასა და თანმიმდევრულობას.
ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, არსებული ჰუმანიტარული კატასტროფა შევაჩეროთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რადგან იქ ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები და ჩვენ გვაქვს ვალდებულებები მათ წინაშე.
თითოეული ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უნდა გრძნობდეს, რომ საქართველო მათზე ზრუნავს და რომ საქართველოს თითოეული წარმატება მათი წარმატებაა, მათი ტკივილი კი, ჩვენი საერთო ტკივილია.
სწორედ ამ მიზნის მიღწევას ემსახურება ჩვენ მიერ შექმნილი სამშვიდობო ინიციატივა − „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარადჭერით შევძლოთ ამ ინიციატივის სრულფასოვანი დანერგვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ.
ჩვენ ვაგრძელებთ ყველა საერთაშორისო ფორმატის გამოყენებას ოკუპაციის შესაჩერებლად და მშვიდობიანი გზით დეოკუპაციის პროცესის დასაწყებად.
ამაზე მეტყველებს:
• ევროკავშირის მხარდამჭერი დეკლარაციები და ევროპარლამენტის რეზოლუცია;
• გაეროს გენერალური ასამბლეისა და ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში მიღებული რეზოლუციები, ასევე დისკუსიები უშიშროების საბჭოს ფორმატში;
• ნატოს სამიტისა და მინისტერიალების დეკლარაციები, ევროპის საბჭოს მინისტერიალების გადაწყვეტილებები.
გაეროში შარშან გავაჟღერე და საერთაშორისო საზოგადოებას შევთავაზე „თბილისის მშვიდობის ფორუმის“ ჩატარება. მნიშვნელოვანია, მეტიც, აუცილებელია, სწორედ ჩვენ ავიღოთ ხელში ინიციატივა და საქართველო გავხადოთ ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის ლიდერი, რომ შავი ზღვის რეგიონი და სამხრეთ კავკასია, რომელიც დღეს დაპირისპირებისა და გამოწვევების არეალია, გადაიქცეს მშვიდობის, თანამშრომლობისა და განვითარების სივრცედ.

დემოკრატიის კონსოლიდაცია

ჩვენ ვართ ლიდერი ქვეყანა დემოკრატიის კონსოლიდაციის მხრივ. ადამიანის უფლებების დაცვა და მისი ხარისხის გაუმჯობესებაზე მუშაობა არის უწყვეტი პროცესი და მოითხოვს მუდმივ ძალისხმევას.
მაგალითისთვის, 2011 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ქართული მხრიდან იყო 395 საჩივარი, ხოლო 2018 წელს ეს ციფრი თითქმის მეოთხედი გახდა. ჩემთვის წარმატებული რეფორმის ინდიკატორი სწორედ მსგავსი სტატისტიკაა, პირდაპირი და ხელშესახები შედეგი.
მართლმსაჯულების რეფორმის ყოველი შემდგომი ეტაპი ხდება უფრო კომპლექსური, უფრო რთული და მოითხოვს მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფას.
ყველა მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სასამართლოში, პროკურატურასა და იუსტიციის სამინისტროში შედგენილია საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით და ჩვენ ამ უმაღლეს თამასას აუცილებლად შევინარჩუნებთ.
ეს არის იმ ტიპის რეფორმები, რომელთა განხორციელების დროსაც ჩვენ ვეყრდნობით საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას იმ ქვეყნების მაგალითზე, რომლებმაც ეს გზა წარმატებით გაიარეს და დღეს საერთო ევროპული ოჯახის წევრები არიან.
საქართველოს ევროსაბჭოს მომავალი პრეზიდენტობა ამ წარმატებულად გატარებული რეფორმების განმტკიცების საწინდარია.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველო, ქვეყნის ისტორიაში პირველად, ხდება საერთაშორისო ორგანიზაციის – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა, რაც გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, როგორც ევროპული ოჯახისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრმა, საკუთარი წვლილი შეიტანოს ევროპის კონტინენტზე ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების საქმეში.

საქართველო, როგორც რეგიონული ცენტრი

საქართველოს საგარეო პოლიტიკა და ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება საერთაშორისო ასპარეზზე უნდა პასუხობდეს ეკონომიკურ ამოცანებს. ჩვენ გვაქვს რეალური შანსი და მსოფლიოს ვთავაზობთ, საქართველო გახდეს მულტიფუნქციური რეგიონული ცენტრი შემდეგ სექტორებში:
o საერთაშორისო ბიზნესში;
o ინოვაციებში;
o განათლებაში;
o ტურიზმსა და
o ლოგისტიკაში.
საქართველოს პოზიციონირება ევრაზიის კონტინენტზე უნდა იყოს აზიელებისთვის როგორც კარიბჭე ევროპაში, ხოლო ევროპელებისთვის ის ევროპული ქვეყანა, რომელიც დამაკავშირებელი ხიდია აზიასთან.
მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში მნიშვნელოვანია მოვახდინოთ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის სწორი და გააზრებული გამოყენება, რათა ეს ისტორიული შანსი არ გავუშვათ ხელიდან.
ამისათვის აუცილებელია:
o ინოვაციების განსავითარებლად, სტარტაპების ახალი ეკოსისტემის წარმატებით დანერგვა;
o თავისუფალი ვაჭრობის არეალის შემდგომი გაფართოება;
o საერთაშორისო კომპანიებისთვის მიმზიდველი საგადასახადო და საოპერაციო გარემოს შექმნა (კანონი, რომელიც ძალაშია პირველი ივლისიდან, უპრეცედენტოა მსოფლიო მასშტაბით);
o ელექტრონული რეზიდენტობის სისტემის დანერგვის დასრულება;
o რეგიონული მნიშვნელობის კაპიტალის ბაზრის შექმნა.

ახალი ეკონომიკური მოდელი

ეკონომიკური პოლიტიკა, ყველა რეფორმა, ყველა ინიციატივა უნდა ემსახურებოდეს სიღარიბის დაძლევასა და ჩვენი ხალხისთვის დოვლათის შექმნას. მხოლოდ მაღალი და ამავე დროს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდით შევძლებთ სიღარიბის დაძლევას, სადაც თითოეული მოქალაქე ჩართული იქნება ეკონომიკურ აქტივობაში.
სიღარიბე არის ფუნდამენტური პრობლემა და მის დაძლევას სჭირდება ფუნდამენტური ცვლილებები (ის ვერ დაიძლევა მხოლოდ მოკლევადიანი და მიმდინარე გადაწყვეტილებების შედეგად).
რატომ არის საქართველო ღარიბი ქვეყანა?!
სიღარიბის გამომწვევი მთავარი მიზეზი არის კატასტროფული დამოკიდებულება იმპორტზე. წლების განმავლობაში ისე იზრდებოდა ჩვენი ეკონომიკის დამოკიდებულება იმპორტზე (ეს დეფიციტი კი, დიდწილად ფინანსდებოდა ეკონომიკის მიერ აღებული ვალებით), რომ საბოლოო ჯამში მივედით იმ მდგომარეობამდე, როდესაც ქვეყნის საგარეო ვალი მთლიან ეკონომიკაზე მეტია.
ამის შედეგად, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მუდმივად ორნიშნა მაჩვენებელს აღწევდა. თვალსაჩინოებისთვის − მსგავსი დეფიციტის მაჩვენებლები აქვთ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: გამბია, ერაყი, ტოგო, მალავი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა.
სამწუხაროდ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან, არ ხდებოდა ამ პრობლემის სწორი შეფასება, რაც ქრონიკულ დაავადებად იქცა.
სწორედ ამიტომ, პირველი რიგის ამოცანაა, რომ აღმოვფხვრათ ეს გამოწვევა. ამიტომაც შევიმუშავეთ ახალი ეკონომიკური მოდელი, რათა ქვეყანას არ ეცხოვრა ვალით და აღარ გაგრძელებულიყო დამანგრეველი და ქვეყნისათვის ბოლოს მომღები ეკონომიკური პოლიტიკა.
სწორედ ახალი ეკონომიკური მოდელის დამსახურებაა, რომ 3 წლის განმავლობაში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი 13%-იდან შემცირდა 4.5%-მდე (2019 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი), რაც მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტო წარმატებაა.
საგარეო მოწყვლადობის კუთხით, აღნიშნული ეკონომიკური მოდელის ეფექტიანობა დაამტკიცა გასულ წელს ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში − თურქეთის ეკონომიკაში შექმნილმა პრობლემებმა, რომლის მიმართ საქართველოს ეკონომიკამ განსაკუთრებული მდგრადობა გამოიჩინა და რასაც ხაზი გაუსვეს ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა.
ჩვენი ეკონომიკის მოწყვლადობის მეორე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მისი კიდევ ერთი სენი − მაღალი დოლარიზაცია. ამ მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის ჩვენ წამოვიწყეთ ამბიციური ლარიზაციის რეფორმა. ჩვენი ოპონენტები ამ რეფორმას ეწინააღმდეგებოდნენ მთავარი არგუმენტით, რომ საპროცენტო განაკვეთები გაიზრდებოდა, თუმცა სახეზე გვაქვს აბსოლუტურად საპირისპირო სურათი. დღეს იპოთეკურ სესხზე განაკვეთი მერყეობს 7-8 პროცენტის ფარგლებში, რაც იმაზე ნაკლებია, ვიდრე წლების განმავლობაში უცხოურ ვალუტაში არსებულ სესხებზე არსებობდა. ამასთანავე, ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობა, ახალგაზრდა ოჯახებისათვის პირველი ბინის შეძენისას საპროცენტო განაკვეთი იყოს 6 პროცენტის ფარგლებში.

საინვესტიციო რეიტინგი

მე ყოველთვის ხაზს ვუსვამდი, რომ ჩვენ განვახორციელებდით ყველა რეფორმას, რომელიც დაგვეხმარებოდა საინვესტიციო რეიტინგის მიღებაში და წინ აღვუდგებოდით ნებისმიერ წამოწყებას, რომელსაც შეიძლებოდა, ეს დაეზიანებინა.
რატომ ვარ ასე ფოკუსირებული საინვესტიციო რეიტინგზე?
ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა − გლობალურ ეკონომიკაში ქვეყანას ან აქვს საინვესტიციო რეიტინგი (ან მისი მიღების პრაქტიკული პერსპექტივა), ან ის რჩება „მაჩანჩალა“ რეპუტაციის მქონე ქვეყნად.
საინვესტიციო რეიტინგი ნიშნავს ბევრ სამუშაო ადგილს, მეტ ინვესტიციას, მეტ კეთილდღეობას, მეტ სტაბილურობას, იაფ ფულს ჩვენი მეწარმეებისათვის, განახევრებულ საპროცენტო განაკვეთებს ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობისათვის.
პოლიტიკოსების მხრიდან ნებისმიერი სხვა მაჩვენებლის გამოყენება ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის საწარმოებლად ან შესაფასებლად არის შეცდომა და საზოგადოების მოტყუება.
21-ე საუკუნეში მსოფლიო ეკონომიკაში არის წინსვლის ერთადერთი მართებული საზომი და ეს არის საინვესტიციო რეიტინგი.
ეკონომიკური პრობლემების დაძლევის პარალელურად, საინვესტიციო რეიტინგის მიღება ამავე დროს იქნება უმნიშვნელოვანესი სტიმული ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მისაღწევად.
ბოლო ორი წლის განმავლობაში საკრედიტო რეიტინგებში მიღწეული წარმატებების შემდეგ, გვრჩება ორი საფეხური საინვესტიციო რეიტინგის მისაღებად.
უპრეცედენტოდ შემცირებული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ფონზე და მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, გაგვიჩნდა ისტორიული შანსი, რომ უკვე 2022 წელს მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი.
საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა 2022 წელს ნიშნავს, რომ გვაქვს ხელშესახები პროგრესი:
o მშპ ერთ სულ მოსახლეზე იქნება $5500-6000-მდე;
o სახელმწიფო მმართველობის ეფექტიანობის მაქსიმალური მიახლოება ევროკავშირის ქვეყნებთან; და
o საგარეო მოწყვლადობა (სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულება) მაქსიმალურად შემცირებული.

ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობები კიდევ უფრო შევამციროთ და მინიმალურ ნიშნულზე შევინარჩუნოთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ამის კარგი მაგალითია:

ტურისტების რაოდენობისა და შესაბამისად, პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდის მიუხედავად, შესაძლებელი გახდა, სოფლის მეურნეობის პროდუქტებში სავაჭრო დეფიციტი 900 მილიონ აშშ დოლარიდან შეგვემცირებინა 300 მილიონ აშშ დოლარამდე. 2020 წელს კი, გვაქვს რეალური შანსი, ეს დეფიციტი გავანულოთ, მით უმეტეს, რომ ამ დროისთვის ფაროსანასთან დაკავშირებული რისკები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

ჭარბვალიანობა

ეკონომიკის ქრონიკული დამოკიდებულება ვალზე აისახა მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე, ეს იყო უპასუხისმგებლო პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ იყო მიმართული ქართველი ხალხის ძარცვისკენ. მსოფლიოში ვერ ნახავთ წარმატებულ ქვეყანას, სადაც მსგავსი ტიპის თამაშის წესები არსებობს, როდესაც 800-1000%-იან პროცენტებსა და ჯარიმებს ახდევინებდნენ მოსახლეობას.
ეს იყო ყოვლად ამორალური, წინასწარ გაკოტრებისთვის განწირული სესხების გაცემა, იმაზე გათვლით, რომ მოქალაქე დაკარგავდა ბინას ან სხვა ქონებას!
ჩვენ დავაწესეთ:
– პროცენტის მაქსიმალური ზღვარი;
– ჯარიმებისა და საურავების ნებისმიერი დამატებითი ხარჯების მაქსიმალური ზღვარი;
– 200 000 ლარამდე სესხები მხოლოდ ლარში.

ამით ჩვენ შევძელით, დაგვემკვიდრებინა სამართლიანი თამაშის წესები და გამოგვერიცხა ალბათობა, რომ საქართველო დაბრუნებულიყო ამ ჭაობში.
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“, რომლის დახმარებითაც 600 000 ადამიანი სესხის გარეშე შეხვდა 2019 წელს.

რეგიონული განვითარება და ინფრასტრუქტურა

ახალი ეკონომიკური მოდელის პრინციპი არის კაპიტალური ინვესტიციების მასშტაბური ზრდა. 2016 წელთან შედარებით, 2/3-ით გავზარდეთ ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, ხოლო 2019 წლის პირველ 8 თვეში 45%-ით გავზარდეთ ათვისება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
გაზრდილმა ბიუჯეტმა მოგვცა საშუალება, რომ დაგვეწყო რეგიონების თანაბარი ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის შექმნა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკვე განხორციელებული შესყიდვებით მომავალ წელს მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სიტუაცია საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით.
განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო:
• კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის რეალიზაციისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის დამთავრება 2023 წლამდე;
• საქართველოს დიდი ქალაქების თანამედროვე ურბანულ ცენტრებად ჩამოყალიბება;
• ქვეყნის სრული ინტერნეტიზაცია;
• შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება;
• მთის კურორტებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა;
• მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება.

ბიზნესგარემო

საქართველო იმყოფება გლობალურ კონკურენციაში, შესაბამისად ბიზნესგარემოს გაუმჯობესება არის მუდმივი ჩვენ შევძელით და განვახორციელეთ უმნიშვნელოვანესი ინიციატივები ამ მიმართულებით.
• დღგ-ის დაბრუნების რეფორმა, რომლის ფარგლებშიც, 2018-2019 წლებში 1 მლრდ ლარზე მეტს დაიბრუნებს ბიზნესი;
• საერთაშორისო სავაჭრო პალატის არბიტრაჟის რეგიონული ოფისის გახსნის ინიცირება;
• მედიაციის ინსტიტუტის შემოღება;
• კანონპროექტი საინვესტიციო ფონდების შესახებ;
• გადახდისუუნარობის ახალი და ბიზნესისათვის ლიბერალური კანონი;
• ევრორეგულაციებთან ჰარმონიზებული ახალი საბაჟო და საგადასახადო კოდექსები;
• მაქსიმალური აქცენტის გაკეთება მაღალტექნოლოგიური და საექსპორტო პოტენციალის მქონე ინვესტიციების მოზიდვაზე (მზის პანელების მაღალტექნოლოგიური საწარმო; ელექტრომანქანების წარმოება საქართველოში);
• ახალგაზრდული ეკონომიკის მაქსიმალური სტიმულირება, სტარტაპებისა და ახალგაზრდებში სამეწარმეო კულტურის წახალისების გზით.
შემდგომმა რეფორმებმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ საქართველო 2022 წლისთვის მსოფლიოს ყველა წამყვანი საერთაშორისო რეიტინგების ხუთეულში იყოს.

მცირე და საშუალო ბიზნესი

მცირე და საშუალო ბიზნესი არის ახალი ეკონომიკური მოდელის მთავარი პრიორიტეტი. მისი შემდგომი განვითარებისა და მთლიან ეკონომიკაში წილის ზრდის გარეშე, შეუძლებელია სიღარიბესთან ეფექტიანი ბრძოლა.
ჩვენ ამ მიზნის მისაღწევად დავნერგეთ მნიშვნელოვანი ინიციატივები. გამოვყოფ რამდენიმეს:
• საკრედიტო საგარანტიო სქემის განვითარება;
• 1%-იანი გადასახადის შემოღება (500 000 ლარამდე ბრუნვის მქონე მეწარმეებში);
• საგადასახადო ადმინისტრირების მნიშვნელოვანი გამარტივება;
• მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამების დაფინანსების მასშტაბური ზრდა.

ენერგეტიკა და ტრანსპორტი, მწვანე ეკონომიკა

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ენერგეტიკა და ტრანსპორტი არის ის ორი ძირითადი სექტორი, რომელიც წინ უნდა უსწრებდეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, სხვანაირად ჩვენ ვერ შევძლებთ სწრაფი ეკონომიკური ზრდის მიღწევას − ეს არის მარტივი კანონზომიერება.
ენერგოსექტორის მასშტაბური რეფორმა და ახალი სიმძლავრეების მშენებლობა უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობასა და, მეორე მხრივ, მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო, რომ დავიწყეთ ისეთი რეფორმები, რომლებითაც საქართველო 21-ე საუკუნეში გახდება მოწინავე ქვეყანა მწვანე ეკონომიკის თვალსაზრისით. ეს შეეხება როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ელექტრომობილების პოპულარიზაციას, ისე ევროპული სტანდარტის რეგულაციებს გარემოზე და სოფლის მეურნეობაში ორგანული პროდუქტების წარმოებაზე აქცენტის გაკეთებას.
სოფლის განვითარება
ჩვენი მოსახლების 40%-ზე მეტი ცხოვრობს სოფლად, შესაბამისად, სოფლის განვითარება არის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. მიუღებელია მოსაზრება, თითქოს სოფლის მეურნეობას არ აქვს საქართველოში მომავალი – საქართველოში მომავალი აქვს საბაზრო პრინციპებზე ფუნქციონირებად ფერმერულ მეურნეობას.
ამ განვითარებისთვის აუცილებელია:
• მიწის საკუთრების რეფორმა − სახელმწიფოს აქტიური თანამონაწილეობით, მომდევნო 2 წელიწადში შესაძლებელი იქნება სასოფლო-სამეურნეო მიწების სრულად რეგისტრაცია საქართველოს მოქალაქეებზე;
• სამელიორაციო ინფრასტრუქტურის განვითარება;
• მაღალპროდუქტიული კულტურების წახალისება;
• სოფლის მეურნეობაში სადაზღვევო სისტემის განვითარება.

მცირე მთავრობა

მცირე მთავრობის ამოსავალი წერტილია, რომ გადასახადის გადამხდელებს რაც შეიძლება ნაკლები უჯდებოდეთ სახელისუფლებო უწყებების დაფინანსება და ეს ამოცანა მიღწეულია:
• შემცირდა სამინისტროების რაოდენობა, რაც საშუალებას იძლევა, გაუმჯობესდეს კოორდინაცია და მართვის ეფექტიანობა;
• ჩვენ თანმიმდევრულად ვაუმჯობესებთ ჩვენს პოზიციებს მმართველობითი ინდიკატორების საერთაშორისო რეიტინგში;
• 2019 წელს შრომის ანაზღაურება პირველად დაიგეგმა მშპ-ის 3.9%-ის ოდენობით;
• რეგიონული მმართველობის გასაუმჯობესებლად, გაიზარდა კოორდიანაცია ცენტრალურ, რეგიონულ და მუნიციპალურ ორგანოებს შორის, მმართველობის პროცესში აქტიურად ჩაერთო რწმუნებულების ინსტიტუტი, რამაც უკვე წელსვე მოიტანა ხელშესახები შედეგები. კერძოდ, ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულების მაჩვენებელი, გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია 40%-ით;
ამასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია, გაგრძელდეს:
• ელექტრონული მმართველობის განვითარება და თანამედროვე IT ტექნოლოგიების სრულყოფილი დანერგვა;
• ფუნქციური და ფინანსური დეცენტრალიზაცია;
• საჯარო სამსახურის სრულყოფილი რეფორმა.
ჯანდაცვა
საყოველთაო ჯანდაცვა არის „ქართული ოცნების“ უდიდესი მონაპოვარი, რომელმაც გადაარჩინა მრავალი სიცოცხლე. ამ უმნიშვნელოვანეს რეფორმას სჭირდება შემდგომი განვითარება,
რაც გულისხმობს:
• სელექტიური კონტრაქტების დანერგვას;
• პირველადი ჯანდაცვის განვითარებას;
• ეტალონური კლინიკების ჩამოყალიბებას;
• დიაგნოზების ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მეთოდის სისტემის დანერგვას;
• სადაზღვევო სისტემის განვითარებას.
ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მასობრივი სპორტის განვითარება არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა. ჩვენ გვაქვს მართლაც უპრეცედენტო შედეგები პროფესიულ სპორტში (2019 წელს ჩვენმა სპორტსმენებმა 800-ზე მეტი მედალი აიღეს), მაგრამ ჩვენი ბავშვებისა და მოზარდების ჩართულობა მასობრივ სპორტში რჩება დაბალ ნიშნულზე.
ხშირად მესმოდა არაკომპეტენტური კრიტიკა სპორტის მზარდი დაფინანსების გამო.
მასობრივ სპორტში განუხორციელებელი ინვესტიციები ერთი ათად დაუჯდება სახელმწიფოს ჯანდაცვის ხარჯების ზრდით მომავალში.

ზემოაღნიშნული ეკონომიკური პოლიტიკა, მისი შემადგენელი რეფორმის მიმართულებებით, განათლების რეფორმასთან ერთად, გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში ყოველწლიურად შეიქმნას 50 ათასი დამატებითი სტაბილური სამუშაო ადგილი, რაც ერთადერთი გზაა ქვეყანაში სიღარიბის საბოლოოდ დასამარცხებლად.
2020 წლის ბიუჯეტში დამატებითი რესურსი გვექნება დაახლოებით 700 მილიონი ლარის ოდენობით და გუნდში მიმდინარეობს აქტიური კონსულტაციები სხვადასხვა პროგრამებზე, რომელიც ხელს შეუწყობს ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევას.
ეკონომიკის განვითარების პარალელურად, სანამ სიღარიბე სრულად იქნება დაძლეული, აუცილებელია ვუზრუნველყოთ, რომ არცერთი ადამიანი არ დარჩეს აღნიშნული განვითარების მიღმა.
ამიტომ, აუცილებელია, მაქსიმალური ყურადღება მიექცეს მოსახლეობის იმ ფენებს, რომლებიც არ არიან ჩართული ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში და სჭირდებათ მაქსიმალური მხარდაჭერა. ამისათვის საჭიროა:
• 2019-2020 წლებში დევნილებისთვის ბინათმშებლობის ბიუჯეტი იქნება 250 მილიონი ლარი და ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს მისი მოცულობა. ამის პარალელურად, უმნიშვნელოვანესია, მოხდეს იძულებით გადაადგილებულ პირთა შემოსავლის წყაროთი უზრუნველყოფა, რათა არ იყვნენ დამოკიდებულნი სოციალურ შემწეობაზე;
• 2020 წელს პენსიების ზრდა და მისი შემდგომი ინდექსაცია, რაც იქნება პენსიების ყოველწლიური ზრდის გარანტი;
• მედიკამენტების პროგრამა − ვინაიდან ქვეყანაში წამალზე გაწეული ხარჯები მთლიანად ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების თითქმის ნახევარია, ჩვენ დავიწყეთ და ეტაპობრივად უნდა განვითარდეს ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის სისტემა. მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამა, რომელმაც ათეულობით ათას ადამიანს მოუტანა შვება, თუმცა ბევრისთვის ისევ რჩებოდა მაღალ ფინანსურ ბარიერად, 2019 წლის აგვისტოში გაფართოვდა აღნიშნული პროგრამა, რითაც სიმბოლურ ფასად − 1 ლარად უმეტესი ქრონიკული დაავადების სამკურნალო წამლებზე მიეცა წვდომა არა მარტო სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, არამედ ასაკით პენსიონრებს, ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ვეტერანებსა და საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას;
• ბავშვების სოციალური უზრუნველყოფის სისტემის განვითარება − 2019 წელს სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 5-ჯერ გავზარდეთ, მაგრამ ესეც არ არის საკმარისი, ჩვენი ბავშვების 25% ჯერ კიდევ ცხოვრობს სიღარიბეში და ეს არის დიდი ტრაგედია. შესაბამისად, აუცილებელია სხვა მხარდამჭერი მასშტაბური პროექტების განხორციელება [მაგალითისთვის, საინტერესოდ მეჩვენება ამერიკული გამოცდილება Food Bank -ის სახით (კვებითი უზრუნველყოფის პროგრამა)].

განათლება, როგორც ეროვნული იდეა

ზემოთ ხსენებულ სტრატეგიული განვითარების ჩარჩოში განათლებას აქვს ყველაზე მნიშვნელოვანი როლი და მე ყოველთვის ვამბობდი, რომ განათლების − როგორც ეროვნული იდეის წარმოჩენა და რეალიზაცია იყო ჩემთვის საჯარო პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მოტივაცია.
სწორედ ამ სტრატეგიულ მიმართულებებთან ერთობლიობაში, განათლება არის ერთადერთი გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების რიგში ჩააყენებს. მეტიც, განათლების, როგორც ეროვნული იდეის, რეალიზაცია არის ყველაზე გაბედული ნაბიჯი, რაც კი ჩვენ გადაგვიდგამს დამოუკიდებლობის შემდეგ.
მე ამაზე ბევრი მისაუბრია: წლების განმავლობაში ყველაზე მცირე დაფინანსება სწორედ განათლების სექტორზე მოდიოდა − ეს იყო სტრატეგიული (ზოგიერთ წლებში − მიზანმიმართული) შეცდომა, რომლის ფასსაც საქართველო დღემდე იხდის.
მოცემულობა არის ძალიან მარტივი − ან განათლებაში მივმართავთ ქვეყანაში არსებულ საბიუჯეტო და საინვესტიციო შესაძლებლობების უდიდეს წილს, ან 21-ე საუკუნეში ქართული სახელმწიფო ვერ იქნება წარმატებული. მეტიც, ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, არსებობაც კი შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ.
შესაბამისად, ეს არის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის და ეროვნული იდეის დატვირთვას ატარებს.
ჩვენი თავისუფლება გადის განათლებაზე!
პოლიტიკაში მოსვლამდე ძალიან აქტიურად ვმუშაობდი ამ სტრატეგიულ მიმართულებაზე და ფინანსთა მინისტრად მუშაობის დროს დავინახე ის სისტემური პრობლემა, რომელიც საშუალებას არ აძლევდა მთავრობას, მოეხდინა რადიკალური ცვლილებები ამ მიმართულებით.
ეს პრობლემა ყველაზე კარგად გამოჩნდა ბიუჯეტის დაგეგმვის დროს, როდესაც ფაქტის წინაშე დავდექით − ერთდროულად უნდა გაგვეთვალისწინებინა მიმდინარე გამოწვევები, საზოგადოების ყოველდღიური პრობლემები და ამავე დროს, რესურსები მიგვემართა სტრატეგიული მიმართულებების დასაფინანსებლად და თან ეს ყველაფერი მწირი ბიუჯეტის პირობებში. შეუძლებელია, ბიუჯეტში ყველაფერი იყოს პრიორიტეტი, ეს ნიშნავს, რომ არაფერს არ ექნება სტრატეგიული განვითარების პერსპექტივა.
ეს იყო მიზეზი, რის გამოც დავსვი ეს საკითხი პოლიტიკური დღის წესრიგში, რათა საკანონმდებლო დონეზე დაგვეყენებინა განათლებისათვის რესურსების მობილიზაციის საკითხი. შედეგად მივიღეთ კანონში ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ყველა შემდეგი მთავრობა ბიუჯეტის შედგენისას ვალდებული იქნება, მშპ-ის 6%, ანუ ბიუჯეტის მეოთხედი, მიმართოს განათლების სექტორის დაფინანსებისკენ.
შეიძლება ბევრმა ჩათვალოს, რომ ეს არის ძალიან დიდი ციფრი, თუმცა, სინამდვილეში ესეც მინიმალურია. სახელმწიფოს მხრიდან მშპ-ის 6%-ის ინვესტირება განათლებაში საშუალებას მოგვცემს, კერძო სექტორიდან მოვიზიდოთ დამატებით 4-5% და ქვეყნის ეკონომიკაში განათლება გავხადოთ დომინანტი სექტორი ორნიშნა წილით მთლიან ეკონომიკაში − ეს კი იმას ნიშნავს, რომ გავუსწორდებით ყველაზე წარმატებულ ქვეყნებს, რომლებმაც შეძლეს და შექმნეს ცოდნაზე დაფუძნებული მდგრადი ეკონომიკა.
განათლების ასეთ ფუნდამენტურ რეფორმას გარკვეულწილად ისტორიული მისიის გაგრძელებად აღვიქვამ, ვინაიდან, ჩვენი მრავალსაუკონოვანი ისტორიის განმავლობაში, ქართული სახელმწიფოს აღმავლობის პერიოდებში, ჩვენი დიდი წინაპრები მთავარ აქცენტს სწორედ განათლებაზე აკეთებდნენ.
ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულია პირველი რესპუბლიკის გამოცდილება, რომლის დროსაც, სულ რაღაც სამ წელიწადში, მთავრობამ 1000-ზე მეტი სკოლა გახსნა და დააარსა პირველი უნივერსიტეტი.
21-ე საუკუნეში საქართველოს სავიზიტო ბარათი უნდა იყოს ცოდნა. მე მწამს ქართველი ერის განსაკუთრებული ნიჭიერების და, შესაბამისად, განათლება ჩვენთვის არის უალტერნატივო გზა თავისუფლებისკენ.
სწორედ განათლების სისტემამ უნდა გაზარდოს მომავალი საჯარო მოხელეები, სამხედროები, პოლიციელები, მეწარმეები, ექიმები, ინჟინრები, პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანები − ხალხი, რომლის მხრებზეც დგას ქართული სახელმწიფო.
განათლების რეფორმაში გამოვყავით ხუთი დონე:
– სკოლამდელი განათლება;
– ზოგადი განათლება;
– პროფესიული განათლება;
– უმაღლესი განათლება და
– მეცნიერება.

ეს რეფორმა გულისხმობს:
– ხელფასების მნიშვნელოვან ზრდას ბაღებისა და სკოლის მასწავლებლებისთვის, მეცნიერებისთვის, პროფესორებისთვის, მკვლევარებისთვის;
– ყველა დასახლებულ პუნქტში უმაღლესი სტანდარტის სკოლებისა და ბაღების მშენებლობას;
– ყველაზე თანამედროვე ლაბორატორიებისა და კვლევითი ცენტრების შექმნას;
– წამყვანი დასავლური უნივერსიტეტების შემოსვლას საქართველოში;
– საქართველოს, როგორც განათლების კერის იდეის რეალიზაციას.

განათლება, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და კულტურასთან ერთად, არის საქართველოში ყველაზე ძლიერი და დიდი რესურსის − ადამიანური კაპიტალის განვითარების საფუძველი. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სამივე ამ მიმართულების განვითარება იყოს ჰარმონიული და ურთიერთდაკავშირებული.
2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი წარდგენის მიზანი და მთავარი მანდატი იყო სწორედ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და დანერგვა, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას, გახდებოდა ქვეყნის განვითარების სახელმძღვანელო.
განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან ვთვლი, რომ ჩემი მისია ამ ეტაპისათვის შევასრულე.

2012 წლის პირველმა ოქტომბერმა ახალი შესაძლებლობები მისცა ქართული სახელმწიფოს განვითარებას, დაფუძნებულს ეროვნულ ინტერესებსა და ევროპული დემოკრატიის იდეალებზე. ამ გამარჯვების სულისჩამდგმელი იყო პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი − ბიძინა ივანიშვილი და მსურს, გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა მას და ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყველა წევრს იმ მხარდაჭერისა და ნდობისთვის, რომელსაც მე ყოველთვის ვგრძნობდი.

ჩემთვის იყო დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად.
მე ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი.

მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს.

დღეს 15:00 საათზე ამ და სხვა საკითხებზე მექნება შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან, სადაც ყველა შეკითხვას ვუპასუხებ.

ჩემი გულწრფელი მადლობა სახელმწიფო უწყებების ყველა თანამშრომელს, მინისტრთა კაბინეტს, სამოქალაქო საზოგადოებას, კერძო სექტორს, საერთაშორისო პარტნიორებსა და ყველას, ვისთან ერთადაც შესაძლებელი გახდა ზემოაღნიშნული მიზნების მიღწევა.
მადლობა ჩემს თითოეულ თანამშრომელსა და თანამებრძოლს, ვისთან ერთადაც ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობდი.
მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენ − ქართულ საზოგადოებას, თქვენი მხარდაჭერა, რჩევები, კრიტიკა ჩემთვის იყო და არის მთავარი მამოძრავებელი იმპულსი ქვეყნის მშენებლობის საქმეში.

მიუხედავად სტრატეგიული განვითარების მთავარი ჩარჩოს შექმნისა და ხელშესახები პროგრესისა, მე ვგრძნობ და ვხედავ, რომ არის რიგი საკითხები, სადაც უკეთესი შედეგის მიღება შეგვეძლო.

მეგობრებო, ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები იმდენად მძიმეა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ქვეყანაში გვქონდეს ნეგატიური დღის წესრიგი და პოლიტიკურად ასეთი პოლარიზებული გარემო. იცით, რომ თანამედროვე მსოფლიოსა და დასავლეთის ქვეყნებშიც სულ უფრო იზრდება პოლიტიკური პოლარიზაცია, თუმცა, ეს სახელმწიფოები სისტემურად იმდენად მდგრადია, რომ ასეთ რყევებს უძლებენ − ჩვენ ამის ფუფუნება არ გვაქვს და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ერთადერთი, ვინც ქართული საზოგადოების პოლარიზაციით მოიგებს, იქნება ოკუპანტი ქვეყანა.

მიუღებელი და დაუშვებელია ნებისმიერი პოლიტიკური მოთამაშის მხრიდან, საკუთარი მოკლევადიანი ამოცანის გადასაწყვეტად, განგვისაზღვროს დღის წესრიგი, რომელიც პოლიტიკურ რყევებზე გადის.

ამიტომ, პრინციპულად მნიშვნელოვანია, პარტიის თავმჯდომარის − ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა პროპორციული არჩევნების ჩატარების შესახებ, ნულოვანი ბარიერის პირობებში, რათა მოქალაქეთა მცირე ჯგუფის ხმაც ისმოდეს პარლამენტში. ამავე დროს, ეს იქნება შესაძლებლობა, რომ ახალ სახეებსაც გაეხსნათ გზა ქართულ პოლიტიკაში, რაც, ჩემი აზრით, მოსახლეობის დიდი ნაწილის დაკვეთაა.

2020 წლის არჩევნები უნდა იყოს პროგრამებისა და იდეების შეჯიბრი და არა შეჯიბრი ლანძღვასა და სიძულვილის ენაში. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ხელს უწყობს პოლარიზაციას ქვეყანაში და ამკვიდრებს ნეგატიურ დღის წესრიგს, ძირს უთხრის ქართულ სახელმწიფოებრიობას, აფერხებს მის განვითარებას და მხოლოდ საქართველოს მტრების ინტერესებში შედის.

დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება სრული კონსოლიდაცია და დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ეს არის წარმატების ერთადერთი ფორმულა.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას!
მჯერა, ერთად ყველაფერს შევძლებთ!
ღმერთმა დალოცოს საქართველო!

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეებმა საშუალოდ 400 000 ლარი დაზოგეს – დავით ნარმანია

კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების …