როგორ აისახა, ქართულ სარესტორნო ბიზნესზე 22:00 საათის შემდეგ, მუშაობის აკრძალვა

თბილისი (BPI-UG) – დღეს მთელი მსოფლიო კორონავირუსული პანდემიით გამოწვეულ შედეგებს ებრძვის. კორონავირუსი მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის, არამედ მსოფლიო და ადგილობრივი ეკონომიკისთვისაც. ის, თუ რა გავლენას მოახდენს COVID-19 ეკონომიკაზე ბოლომდე ჯერ კიდევ არაა გარკვეული. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს ვაქცინის შექმნის ვადებსა და ცაკლეულ ქვეყანათა ეფექტურ მოქმედებას.

საქართველოში პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები  ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაზე უარყოფითად აისახა. ერთ-ერთი შეზღუდვა კი რესტორნებსა და კაფე-ბარებს შეეხო. კორონავირუსის ფართო გავრცელების გამო, მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნებს 22:00 საათის შემდეგ მუშაობა აეკრძალათ.

დღევანდელი მონაცემებით, რესტორანთა უმეტესობა იმასაც კი ვერ ახერხებს, რომ გადასახადები გაისტუმრონ და თანამშრომლებს ხელფასი გადაუხადონ. რა თქმა უნდა, მოგებაზე საუბარიც კი ზედმეტია. სარესტორნო ბიზნესი საკმაოდ სპეციფიური დარგია და ხშირ შემთხვევაში კაფე-ბარებში სტუმრები სწორედ 10 საათის შემდეგ მიდიოდნენ. დღეს უკვე ამის „ფუფუნება“ აღარ გვაქვს.(შენიშვნა: ჯერ რესტორნებს აეკრძალათ 22:00 საათის შემდეგ მუშაობა და მალევე კომენდანტის საათიც დაწესდა. თუმცა არსებულ ნაშრომში კონკრეტულად რესტორნებისათვის დაწესებულ შეზღუდვაზეა ყურადღება გამახვილებული.)რესტორნის 10 საათზე დაკეტვა ნიშნავს, რომ კონკრეტული ობიექტი 8 საათზე ან 9-ის ნახევარზე მაინც უნდა დაიკეტოს. პირველ რიგში, იმისათვის, რომ თანამშრომლებმა კომენდანტის საათის პირობებში სახლში მისვლა მოასწრონ. ამასთანავე,უნდა მოესწროს ობიექტის წესრიგში მოყვანა და დღის ბოლოს ბალანსის დადგენაც. ამის პარალელურად, დღის განმავლობაში მომხმარებელთა რაოდენობა არც ისე მაღალია, რადგან ერთი მხრივ, ვირუსის ფართო გავრცელების გამო, ხალხი თავს არიდებს გადაადგილებას.მეორე მხრივ კი, დღის განმავლობაში სტუმართა უმეტესობა მხოლოდ ჭიქა ყავას ან რაიმე სხვა სახის სასმელს მიირთმევს.

ეხმარება თუ არა ხელისუფლება სარესტორნო ბიზნესს და რაში ხედავენ გამოსავალს ამ სფეროს წარმომადგენლები

ლოგიკური იქნებოდა, რომ რესტორნებისათვის შეზღუდის დაწესების პარალელურად ხელისუფლებას ამ ბიზნესში დასაქმებული ადამიანებისათვის კონკრეტული გამოსავალი შეეთავაზებინა, თუმცა ასე არ მოხდა. რესტორნებისა და კაფე-ბარების წარმომადგენლები „სამოქმედო გეგმას“ ელიან. მანამდე კი თავადვე საუბრობენ იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც მათი ბიზნესის გადარჩენას შეუწყობს ხელს.

რესტორან „ზაზანოვას“ დირექტორმა მარინა სალუქვაძემ ჩემთან საუბრისას აღნიშნა, რომ პირველ რიგში საჭიროა მოხდეს ბანკებთან შუამდგომლობა და გადავადდეს სესხები. თუმცა ამის პარალელურად, აუცილებლად უნდა შემცირდეს საგადასახადო წნეხიც. ამასთანავე, სახელმწიფოს უჭირს დღგ-ს დათმობა, მაგრამ ბოლოს ამის საჭიროება მაინც დადგება. მითუმეტეს, რომ ამ ბიზნესში დასაქმებული ადამიანები აღნიშნავენ, რომ დღეში ობიექტის შემოსავალმა შესაძლოა 100 ლარსაც კი ვერ მიაღწიოს. ასეთი მცირე შემოსავლის პირობებში კი მფლობელებისათვის პრიორიტეტს თანამშრომლებისათვის ანაზღაურების გადახდა წარმოადგენს და არა სახელმწიფო გადასახადი.

იმის გამო, რომ ხელისუფლება ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს გამოსავალს არ სთავაზობს ისინი ვალდებულნი არიან თავად იფიქრონ ამაზე. კაფე „ლეილას“ მენეჯერმა ქეთი სხირტლაძემ  ჩემთან საუბრისას აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ  ექიმებს დაურიგდეთ სპეციალური ვაუჩერები, რომლის მეშვეობითაც მათ გამოკვებაზე კონკრეტული რესტორნები იზრუნებენ. გარდა ამისა, სასტუმროებში, რომლებიც საკარანტინე ზონებადაა გადაკეთებული მთელი დატვირთვა მიდის თავად სასტუმროზე. აქ იგულისხმება ის, რომ სასტუმრო ყველა საჭირო მომსახურების გარდა, თავადვე ზრუნავს კარანტინში მყოფი ადამიანების კვებაზეც. რესტორნებისათვის კი ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნებოდა, თუ მათ მიეცემოდათ საშუალება საკარანტინე ზონებში მყოფი ადამიანებისათვის მიეტანათ საკვები. აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ „მომუშავე“ კაფე-ბართა რაოდენობა დღითი-დღე მცირდება. შესაბამისად, მსგავსი სახის პროექტში უკვე დახურული კვების ობიექტები ჩართვას ვერ შეძლებენ.

„სახელწიფოს მსგავსი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ(იგულისხმება 10 საათის შემდეგ მუშაობის აკრძალვა) ჩვენთვის ალტერნატივაც უნდა შემოეთავაზებინა. მაგალითად, გაკეთებულიყო ე.წ საველე კაფეები, ზოგიერთი პირდაპირ ტროტუარზეც კი განთავსდებოდა და მართალია, მხოლოდ სასმელების ან ტკბილეულის გაყიდვას შევძლებდით, მაგრამ ჩვენთვის ეს მორალური მხარდაჭერაც იქნებოდა“, – აღნიშნა ქეთი სხირტლაძემ.

ზემოთ აღნიშნულითაც ნათელია, რომ კაფე „ლეილას“ წარმომადგენელი გამოსავალს, მაინც ღია სივრცეში მოწყობილ კვების ობიექტებში ხედავს. მისი თქმით, სკვერებში (პირობითად მუშტაიდის ბაღშიდა სხვაგან) უნდა გამოიყოს სივრცე, სადაც დაიდგმება დიდი გაზის გამათბობლები, მიიტანენ საჭირო ტექნიკასა თუ ნივეთებს და რესტორანთა წარმომადგენლებს მუშაობის საშუალება მიეცემათ.

გასათვალისწინებელია ის მომენტიც, რომ რესტორნებს მუშაობის პროცესში კონკრეტული რეგულაციების დაცვა აქამდეც უწევდათ და ახლაც უწევთ. თუმდაც ის, რომ მაგიდასთან 6 ადამიანი ერთად არ უნდა ისხდეს, დაცული უნდა იყოს დისტანცია და მომარაგებული ჰქონდეთ სპეციალური სანიტარული საშუალებები. რეალურად მსგავსი ობიექტები გაცილებით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე თუმდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ან სხვა თავშეყრის ადგილები.

რამდენი რესტორანი და კაფე-ბარია რეგისტრირებული საქართველოში

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში სულ 11054 კვების ობიექტია რეგისტრირებული. დღეს არ არსებობს კონკრეტული სტატისტიკა იმისა, თუ რამდენი რესტორანი აგრძელებს ფუნქციონირებას ან რამდენი დაიხურა. თუმცა ამ სფეროში მომუშავე ადამიანები ამის შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად იღებენ (შესაბამისი ჯგუფებიდან/ჩატებიდან) და დღეში დაახლოებით, 50 კვების ობიექტი წყვეტს ფუნქციონირებას. პრაქტიკულად, რესტორანთა 70% უკვე დახურულია და ეს მონაცემები ყოველდღიურად იცვლება. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა დაახლოებით, 300 000-ს შეადგენს და მათი ნაწილი ან შემცირებების მსხვერპლი ხდება ან უბრალოდ მათი სამუშაო ადგილი იკეტება. იმისათვის, რომ უფრო უკეთ წარმოვიდგინოთ სარესტორნო სფეროში დასაქმებულ ადამიანთა მდგომარეობა გეტყვით, რომ ჩემ მიერ შესწავლილ რესტორანთა უმეტესობაში მუშაობას თანამშრომელთა ნახევარიც კი ვერ აგრძელებს. მაგალითად კაფემ „ლეილა“ 13 თანამშრომლიდან 10 უკვე გაანთავისუფლა. რესტორანმა „ზაზანოვა“ კი ერთ-ერთი ფილიალის მუშაობა მთლიანად შეაჩერა.

დაწყებულია თუ არა „საუბარი“ მთავრობასთან

„რესტორანთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა კოტე გაბრიჩიძემ ჩემთან საუბარში აღნიშნა, რომ მთავრობასთან, რეტორნებისათვის დახმარების გაწევის საკითხზე, საუბარი უკვე დაწყებულია. გაბრიჩიძე ამბობს, რომ საუბარი ორი მიმართულებით მიმდინარეობს. ერთი მხრივ, უნდა მოხდეს ბანკების სუბსიდირება, ხოლო მეორე მხრივ, საშემოსავლოსა და დღგ-ს შემცირება. ამ ნაბიჯების გადადგმა სარესტორნო ბიზნესს ბოლომდე ვერ იხსნის ზარალისგან, თუმცა დროებით მაინც შეძლებს ობიექტების გადარჩენას.

„რესტორნის ბიზნესი ისედაც სავალალო დღეში იყო  და ახლა უარესი მოხდა. ჯერ ნახევარი მაგიდები ავიღეთ, შემდეგ დისტანციას ვიცავდით, მომხმარებელთა რაოდენობის შეზღუდვაც გვქონდა. ამასთანავე, სანიტარიასთან დაკავშირებით დამატებითი ხარჯების გაღება მოგვიწია. ბოლო რეგულაციამ კი უარეს დღეში ჩაგვაგდო. ვვარაუდობთ, რომ კაფეების 90% მალე დაიკეტება. ბანკი გვთხოვს კრედიტის ფულს, რადგან მუშაობას მაინც ვაგრძელებთ. გადასახადების შემცირება და ბანკების ვალდებულებების სუბსიდირება დროებით, მაინც გადაგვარჩენს და დღესვე არ გავნადგურდებით“, – განაცხადა გაბრიჩიძემ.

რესტორნები და კაფე-ბარები მართლაც სავალალო მდგომარეობაში არიან. ყოველდღიურად უამრავი ობიექტი წყვეტს მუშაობას და უამრავი ადამიანი კარგავს საარსებო წყაროს. სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლები, ცდილობენ შეინარჩუნონ თანამშრომლები და მათ ანაზღაურება გადაუხადონ.(ზოგიერთ მფლობელს ამისათვის ბანკში სესხის აღებაც უწევს.) ხელისუფლებას შეუძლია შეიმუშავოს გეგმა, რომელიც რესტორნებს გარკვეული დროით მაინც იხსნის იმ საბანკო თუ სახელმწიფო გადასახადებისგან, რომელთა დაფარვაც ასეთი კრიზისის პირობებშიც კი უწევთ.

ავტორი: ლიზი ჯიხვაძე

შემთხვევითი სიახლე

15 მარტს ექვსმა მარეგულირებელმა უწყებამ მომხმარებლის დაცვის საერთაშორისო დღე ბათუმში აღნიშნა

15 მარტს, მომხმარებლის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის …