რითეილ ასოციაცია ბიზნესისათვის საგადასახადო შეღავათების გახანგრძლივების აუცილებლობაზე აცხადებს

თბილისი (BPI) – რითეილ ასოციაცია, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უმსხვილეს საცალო გაყიდვების ქსელებს აერთიანებს, ეხმიანება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებას საგადასახადო შეღავათების მოქმედების ვადის გახანგრძლივების საკითხთან დაკავშირებით და არსებული ეკონომიკური სირთულეების გათვალისწინებით სრულად იზიარებს საგადასახადო კოდექსში წარმოდგენილი ცვლილებების შეტანის აუცილებლობას.

როგორც ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული, გლობალური პანდემიის პირველი ტალღის დროს მთავრობის მიერ შემუშავებული ბიზნესის მხარდაჭერის პაკეტი კომპანიების უდიდეს ნაწილს დაეხმარა გადარჩენაში, სამუშაო ადგილების შენარჩუნებასა და ლოქდაუნით გამოწვეულ სირთულეებთან ადაპტაციაში, თუმცა საგადასახადო შეღავათების ექვსთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, შესაბამისი მხარდაჭერის შენარჩუნება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.

“როგორც ვხედავთ, პანდემიის მეორე ტალღა კიდევ უფრო აგრესიულია და მიუხედავად იმისა, რომ სისტემური ლოქდაუნის გარეშე ხდება პანდემიის კონტროლი, გაუარესებული ეკონომიკური ვითარება, მოსახლეობის შემცირებული მსყიდველუნარიანობა და ეროვნული ვალუტის კურსის ცვალებადობით განპირობებული ფასების ზრდა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აყენებს სექტორს.

ჩვენ ვუერთდებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას და მივმართავთ თხოვნით ხელისუფლებას, რომ საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული ის შეღავათი, რომელიც 1500 ლარამდე ხელფასებს შეეხებოდა, დამატებით გაგრძელდეს კიდევ 6 (ექვსი) თვით, რაც საშუალებას მოგვცემს შევინარჩუნოთ როგორც სამუშაო ადგილები, ასევე დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ოდენობა და დავფაროთ ის დამატებითი დანახარჯები, რაც აუცილებელია სამუშაო ადგილებზე კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებასთან”, – ნათქვამია განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …