რა შემთხვევაში ისარგებლებენ მცირე ჰესების ინვესტორები შეღავათებით

თბილისი (BPI) – მთავრობა იმ მცირე ჰესებისთვის და მათი ინვესტორებისთვის, ვინც არ მოითხოვს სახელმწიფოსგან გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს და გარანტირებულ ტარიფებს, შეღავათებს აწესებს.

ნათია თურნავას ინფორმაციით, მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მცირდება მცირე ჰესების მიმართ მოთხოვნილი სამშენებლო გარანტიები, რაც აქამდე ერთ მეგავატზე 100 000 აშშ დოლარს შეადგენდა. კერძოდ, იმ ჰესებისთვის, რომლებიც არ საჭიროებენ დამატებითი შესყიდვის ხელშეკრულებებს და  დამატებით ხელშეწყობას, ეს ოდენობა ათჯერ მცირდება და იქნება 10 000 აშშ დოლარი ერთ მეგავატზე. მისი ინფორმაციით, ასეთი ჰესები საკმაოდ ბევრია.

მინისტრის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მთავრობამ ენერგობაზრის მიმდინარე რეფორმის ფარგლებში მიიღო, რაც ბაზრის გახსნას და კონკურენციის სტიმულირებას გულისხმობს.

„ამით ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ინვესტორებისთვის გამოთავისუფლდება მათი რესურსის და საკუთარი კაპიტალის დაახლოებით 10%, რომელიც მოხმარდება უფრო სწრაფ მშენებლობას და მცირე ჰიდროელექტროსადგურების განვითარებას. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ფარგლებში – ერთი მხრივ ბაზრის გახსნა და კონკურენციის გაჩენა, რამაც სტიმული მისცა  ისეთ ჰესებს, რომლებიც არ მოითხოვს გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებებს და მეორე მხრივ – ჩვენი მხრიდან დამატებით ვუმცირებთ მოთხოვნილ გარანტიას  და მათ განკარგვაში ვუტოვებთ მეტ რესურსს, რომელიც ჰიდროელექტროსადგურების უფრო სწრაფ მშენებლობას მოხმარდება“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …