რა შემთხვევაში დაიწყებს სებ-ი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას? – არჩილ მესტვირიშვილის განმარტება

როგორც მოსალოდნელი იყო და პროგნოზირებული, ინფლაციას გააჩნია მკვეთრად გამოხატული შემცირების ტენდენცია, მოსალოდნელია, რომ ეს შემდეგ თვეებშიც გაგრძელდება და წლის მეორე ნახევარში ინფლაცია მიზნობრივზე ქვევით იქნება, – ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა ჟურნალისტებთან მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელმაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

არჩილ მესტვირიშვილის თქმით, ინფლაციის შემცირების ტენდენციას ხელს უწყობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, ფისკალური კონსოლიდაცია და საგარეო ფაქტორები.

„რომ შევხედოთ შემცირების დინამიკას, შემცირებაში გადამწყვეტი ფაქტორია საგარეო ფაქტორები, ხოლო ადგილობრივი ინფლაცია ჯერ კიდევ მაღალი რჩება. როგორც წესი და წინა პერიოდში როდესაც გვქონდა მაღალი ინფლაცია, იზრდებოდა საგარეო ფაქტორების შედეგად და შემდეგ ამას მიჰყვა ადგილობრივი ინფლაცია.
ამიტომ ჩვენ ახლა ველოდებით, რომ საგარეო ფაქტორების მილევასთან ერთად, ადგილობრივი ინფლაციაც დაიწყებს შემცირებას, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს დავიწყოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან დავიწყოთ ეტაპობრივი გამოსვლა. ეგზოგენური ფაქტორების წილი ფაქტობრივად აღარ არის.

რამდენიმე ფაქტორია რაც ადგილობრივი პროდუქციის ინფლაციაზე ახდენს გავლენას. ეს არის ადრე არსებული მაღალი ინფლაცია და გარკვეული მარაგები. ასევე მნიშვნელოვანია შევხედოთ თუ რა ხდება შრომის ბაზარზე, ხელფასების ზრდა უფრო მაღალია ვიდრე პროდუქტიულობის ზრდა. შესაბამისად, ეს აძვირებს ადგილობრივ წარმოებას. ჩვენი მოლოდინია, რომ პროდუქტიულობის ზრდა დაჩქარდება, რისკები შემცირდება, და ეს ფაქტორი, რომელიც ჩვენი აზრით არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ინფლაციისთვის ნელ-ნელა მიილევა. ეს კი მოგვცემს საშუალებას იმისთვის, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა დავიწყოთ“, – განმარტავს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.

რაც შეეხება ინფლაციაზე მიგრანტების გავლენას, არჩილ მესტვირიშვილი ორი მიმართულებით საუბრობს და ამბობს, რომ თუ არსებული ტენდენცია გაგრძელდება, მაშინ სებ-ს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების შესაძლებლობა მიეცემა.

„ერთი მოთხოვნის კუთხით, რომელიც ზრდის მოთხოვნას და ამას ჩვენ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკით ვპასუხობთ და ეს გაზრდილი მოთხოვნა ადგილობრივი პროდუქციის ფასებშიც აისახება. მეორე ფაქტორია, უძრავი ქონების ფასები, რომელიც საკმაოდ მტკივნეულია სტუდენტებისათვის, ბიზნესისთვის და მისი გავლენა ინფლაციაშიც ნელ-ნელა მცირდება. იმიტომ, რომ ისეთი სწრაფი ტემპი აღარ აქვს უძრავი ქონების ფასების ზრდას და ესეც მოსალოდნელია, რომ ნელ-ნელა წლიური ინფლაციის მაჩვენებლიდან ნელ-ნელა მიილევა.

თუ ის ტენდენციები გაგრძელდა რაც გვაქვს და დამატებით დავინახავთ, რომ ადგილობრივად წარმოებულ პროდუქციაზე, მოსახლეობაზე ინფლაცია იწყებს შემცირებას, იქ დავინახავთ შემცირების ტრენდს ეს მოგვცემს საშუალებას რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება დავიწყოთ“, – აცხადებს მესტვირიშვილი.

 

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …