რა გავლენა ექნება არსებულ სანქციებს საქართველოს საბანკო სისტემაზე?

საქართველოს საბანკო სისტემა სოლიდარულია უკრაინელი ხალხის მიმართ და ერთობლივი ძალებით ყველა ზომას იღებს უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.  როგორც საქართველოს საბანკო ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთი სანქცია დაუწესა აგრესორ რუსეთს და რუსულ ბანკებს.

„გვსურს, განვმარტოთ აღნიშნული სანქციების გავლენა საქართველოს საბანკო სისტემაზე და მის მომხმარებლებზე.

სექტორი ამ პერიოდში მაქსიმალურად მობილიზებულია, იღებს ეფექტურ გადაწყვეტილებებს და სწრაფ ადაპტირებას ახდენს მიმდინარე ცვლილებებზე.

პირველ რიგში, აღვნიშნავთ ვითიბი ბანკზე დაწესებულ სანქციებს, რის შედეგადაც, რამდენიმე დღიანი მოლაპარაკების შემდეგ, ვითიბი ბანკ ჯორჯიამ საკუთარი საცალო პორტფელი ბაზისბანკზე გასხვისების გადაწყვეტილება მიიღო.

რას ნიშნავს ეს ცვლილება ვითიბი ბანკ ჯორჯიას მომხმარებლებისთვის? ვითიბი ბანკ ჯორჯია განაგრძობს იურიდული პირების მომსახურებას, დღესდღეობით მას საკმარისი კაპიტალი და ლიკვიდობა გააჩნია ამისთვის; ხოლო, ფიზიკური პირები ხდებიან ბაზისბანკის მომხმარებლები. ბაზისბანკს ბაზარზე მოღვაწეობის 28 წლიანი ისტორია აქვს და უმსხვილესი ქართული ბანკების ხუთეულშია. ამ გარიგების შედეგად, ვითიბი ბანკ ჯორჯიას ყოფილ მომხმარებლებს სრულად უნარჩუნდებათ მიმდინარე პირობები და ტარიფები, უცვლელია მათი ანაბრები და სასესხო ვალდებულებები. ისინი, როგორც ახლა უკვე ბაზისბანკის მომხმარებლები, სრულფასოვან მომსახურებას მიიღებენ ბაზისბანკში.

შემდეგი სანქცია უკავშირდება რუსული ბანკების გათიშვას SWIFT სისტემიდან. SWIFT-ი საერთაშორისო ანგარიშსწორების და კომუნიკაციის უნივერსალური სისტემაა. ამ ცვლილების შედეგად, საქართველოს საბანკო სისტემის მომხმარებლები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის მომხმარებლები, ვეღარ შეძლებენ SWIFT სისტემით გადარიცხვების განხორციელებას რუსეთის სანქცირებული ბანკების მომხმარებლებთან, ასევე ვერ შეძლებენ გადარიცხვების მიღებას სანქცირებული ბანკებიდან.

სანქციები, ასევე, დაწესდა რუსული ბანკების VISA და Mastercard საბანკო ბარათებზე. სანქცირებული ბანკების ბარათების მფლობელები ვეღარ განახორციელებენ საბარათე ოპერაციებს – იქნება ეს განაღდება თუ გადახდები. შესაბამისად, ამ ბარათების მფლობელები ვერ მიიღებენ საბარათე სერვისს საქართველოს საბანკო სისტემაშიც.

სანქციების რაოდენობა რეგულარულად იზრდება. ჩვენ ვადევნებთ თვალყურს სიახლეებს და ვაანალიზებთ შეზღუდვების შესაძლო გავლენას საქართველოს საბანკო სისტემაზე.

საბანკო სისტემის მიზანია მიმდინარე ცვლილებებზე სწრაფი რეაგირება, განვითარების ტემპის შენარჩუნება და მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა“, აცხადებენ საქართველოს საბანკო ასოციაციაში.

შემთხვევითი სიახლე

სემეკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკი) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი …