“რაჭული ლორი” ამბროლაურში მაღაზიას გახსნის

თბილისი (BPI) – კომპანია “რაჭული ლორი” ამბროლაურში მაღაზიის გახსნას გეგმავს.

კომპანიის პროდუქცია ამ დროისთვის სხვადასხვა მაღაზიასა და რესტორანში იყიდება. პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ასევე მაღაზიაში რაჭული სახლი, რომელიც კომპანიამ ცოტა ხნის წინ თბილისში, ყაზბეგის გამზირზე გახსნა.

თავდაპირველად საწარმოში ტრადიციული მეთოდით მზადდებოდა ლორი, იბოლებოდა ხორცი ძვალთან ერთად. შემდგომ, ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიამ დაიწყო ძვლის მოშორება და ამის შემდგომ შებოლვა. გარდა ტრადიციული რაჭული ლორისა, საწარმოში მზადდება ძეხვი და კუპატი.

„რაჭული ლორი“ ლორის წარმოება რაჭველი გლეხისათვის ტრადიციული საქმიანობაა. საწარმო 2018 წელს ქალაქ ამბროლაურში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადამამუშავებელ საწარმოთა თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში აშენდა და ტრადიციული გლეხური მეთოდი თანამედროვე წარმოებაში გადაიზარდა. ინვესტიციის ჯამურმა თანხამ $350 000 შეადგინა. მათ შორის სახელმწიფო გრანტი – 40%, შეღავათიანი აგროკრედიტი – 50%, 10% – კერძო ინვესტიცია.

საწარმოში გაერთიანებულია სხვადასხვა ფუნქციის სივრცეები (სასაკლაო, მაცივრები, საშრობი, შესაბოლი კამერები, ლაბორატორია) . პროდუქტი საბოლოო საბაზრო სახეს ადგილზე იღებს. შეფუთვა ხდება პოლიეთილენის პარკებში ვაკუუმის მეთოდით.

საწარმოში დასაქმებულია 12 ადამიანი, ძირითადად ადგილობრივები და 1 მოწვეული ტექნოლოგი თბილისიდან.

შემთხვევითი სიახლე

სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა …