რატომ მცირდება FDI, რა ელის ლარს

თბილისი (BPI) – როგორი ეკონომიკური რეალობაა, რატომ მცირდება უცხოური ინვესტიციები, რა ელოდება ეროვნულ ვალუტას და  რა გამოწვევები არსებობს დასაქმებისა და ინკლუზიური განვითარების მიმართულებით? – აღნიშნულ საკითხებზე თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორს“  ისაუბრა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით, 53.7 პროცენტით არის შემცირებული.

ღაღანიძე ინვესტიციების ნაკადის შემცირებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და მის ზრდას წლის მესამე და მეოთხე კვარტალში ელოდება. მისი განმარტებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არ წარმოადგენს იმ ეკონომიკურ კატეგორიას, რომელიც კვარტალი კვარტალს უნდა შეადარო, რადგან ინვესტიციების ბუნება განსხვავდება საგარეო ვაჭრობისგან, სადაც გარკვეული სასაქონლო ჯგუფებია ჩამოყალიბებული და მათი იმპორტ-ექსპორტი ყოველ წელს ერთსა და იმავე დროს ხდება.

რა თქმა უნდა, კარგი და სასიამოვნო აქ არაფერია, მაგრამ ეს კატასტროფული მაჩვენებელი არ არის. თუ ჩვენი ქვეყნის პრაქტიკას გადავხედავთ, როგორც წესი, ყველაზე მეტი ინვესტიცია მესამე და მეოთხე კვარტალში შემოდის – აცხადებს ღაღანიძე.

მისი განმარტებით, ინვესტიციების ნაკადის შემცირება გარკვეულ ხარვეზებზეც მიუთითებს, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანია თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკის უქონლობა, რომელმაც ქვეყნის კონკურენტული უპირატესობა უნდა განსაზღვროს. ღაღანიძის ინფორმაციით, ჩვენთან ინვესტიციები, როგორც წესი, ექსპორტს ებმის. სამწუხაროდ, ბოლო 20 წლის განმავლობაში ახალი საექსპორტო პროდუქტი არ შექმნილა. ამ მიმართულებით არც ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს. ძირითადად, არსებული ექსპორტისთვის საგარეო ბაზრების გახსნაზე ვიყავით ორიენტირებული. ეს ამოცანა საკმაოდ წარმატებით გადაწყდა, რადგან მსოფლიოში ძალიან ცოტა ქვეყანაა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობა ერთდროულად აქვს ევროკავშირთან, ჩინეთთან, დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის (დსთ) სივრცესთან, პრეფერენციების გენერალზიებული სისტემა აქვს აშშ-თან. მაგრამ ბაზრები გვაქვს, პროდუქტი – არა.

აქ მივადექით იმ ყველაზე მნიშვნელოვან და რთულ პრობლემას, რომლის იდენტიფიცირებაც ჯერ კიდევ ამ საუკუნის დასაწყისში მოხდაჩვენ გვჭირდება თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკა, რომელმაც უნდა განსაზღვროს, თუ სად აქვს საქართველოს კონკურენტული უპირატესობები და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, – აღნიშნავს  ღაღანიძე.

როგორც ის განმარტავს, ბაზრების დღევანდელი გლობალიზაციის პირობებში, ქვეყანას თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკის გარეშე პერსპექტივა არ აქვს.ღაღანიძის აზრით, გლობალურ სამყაროში ყველა ყველას კონკურენტია და შეუძლებელია ერთი გადაწყვეტილებით უპირატესობის მიღწევა. ყველა გადაწყვეტილება კომპლექსურია, მოიცავს სამართლებრივ, განათლების, ტექნიკურ თუ წარმადობის ასპექტებს, სხვანაირად კონკურენტული უპირატესობა აღარ მიიღწევა. თანამედროვე მსოფლიო სხვა განზომილებებზეა.

მისი განმარტებით, საქართველოში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების ნაკადი რომ გაიზარდოს, ქვეყანას თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკა და გლობალურ ბაზარზე საკუთარი უპირატესობების განსაზღვრა სჭირდება.

რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე თვლის, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურების შეჩერება შესაძლებელია, მაგრამ ამას ეკონომიკური ზრდის შეჩერება მოჰყვება. მეორე მხრივ, საკითხავია, რამდენად მზად იყო ქვეყანა დოლარის გამყარების ტრენდის მიმართ, რაც უკვე 2011 წელს გახდა ცხადი.

მისი განმარტებით, ინვესტიციების ნაკადის შემცირება ეროვნული ვალუტის კურსზეც უარყოფითად აისახება, რასაც ბიზნესი დღესდღეობით, ნომერ პირველ გამოწვევად ასახელებს და მის მოგვარებას ითხოვს. გიორგი ღაღანიძის მტკიცებით,  რომ იმპორტზე ორიენტირებული ქვეყნის ვალუტის კურსი ნამდვილად დიდ გამოწვევას უქმნის ბიზნესს, თუმცა თვლის, რომ ლარის გაუფასურების ფინანსური ინსტრუმენტებით შეჩერების შემთხვევაში, ეკონომიკის ზრდა დაზარალდება.

ლარმა თითქოს მოძებნა ახალი წონასწორობის ნიშნული 2.95-ი. მოსახლეობა ხშირად სვამს კითხვას, ხომ შეიძლება, რომ ლარი გაამყარო? შეიძლება, მაგრამ ამის საპირწონე ეკონომიკის ზრდის შეჩერება იქნება. თუ ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს მკვეთრად გაზრდის, ფულის მასას შეამცირებს, ლარი ძალიან მარტივად დაუბრუნდება საწყის ნიშნულს, მაგრამ ეს დანარჩენ ეკონომიკაზე როგორ აისახება?“,- აცხადებს გიორგი ღაღანიძე.

მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია ერთი საკითხი, კერძოდ, რამდენად მზად იყო ქვეყანა დოლარის გამყარებასთან დაკავშირებული პრობლემების მიმართ, რადგან დოლარის გამყარების ზოგადი ტენდენცია ჯერ კიდევ 2011 წელს გამოიკვეთა.

მეორეა, რამდენად მომზადებული ვიყავით იმ პრობლემებისთვის, რაც 2013 წელს დაგვეწყო? 2011 წლიდან ცხადი და ნათელი იყო, რომ დოლარი გამყარებას დაიწყებდა. საქმე ის არის, რომ მაშინდელმა ადმინისტრაციამ კონგრესთან შეთანხმება დადო, რომ დოლარის ბეჭდვის შემცირებას დაიწყებდა იმის ხარჯზე, რომ ვალის ზედა ნიშნულმა აიწია და ცხადი იყო, რომ დოლარი მთელ მსოფლიოში დაიწყებდა გამყარებას.

როგორც ღაღანიძე აღნიშნავს, ქვეყანამ საინვესტიციო უპირატესობის გამოყენება რომ შეძლოს, მას პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება. მისი განცხადებით, საქართველოს ნამდვილად აქვს გარკვეული საინვესტიციო მიმზიდველობა, რასაც პოლიტიკური სტაბილურობის წინაშე მდგარი გამოწვევების გამო, სრულად ვერ იყენებს. მისი ინფორმაციით, ჩვენი კონკურენტული უპირატესობიდან ერთი არის გეოსტრატეგიული მდებარეობა და მეორე – ცალსახად, ჰიდრორესურსები. დიდი საინვესტიციო პოტენციალი გვაქვს ყველაფერში, რაც ამ ორ სექტორს უკავშირდება.

რასაკვირველია, გეოსტრატეგიული მდებარეობის რეალიზაციის ერთერთი მთავარი მექანიზმი ღრმაწყლოვანი პორტების განვითარებაა. ამას პირველ რიგში პოლიტიკური სტაბილურობა სჭირდება. ქვეყანაში, რომლის 20 პროცენტი ოკუპირებულია და კბილებამდე შეიარაღებული ძალიან აგრესიული მეზობელი ჰყავს, ეს ძალიან ძნელი იქნება. მაგალითად, თუ შევხედავთ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ინვესტიციების ზრდის გრაფიკს, ვნახავთ, რომ რაღაც წერტილიდან ინვესტიციები იზრდება. ეს ზრდის წერტილი ყველგან დადგა იმ დროს, როდესაც ამ ქვეყნებმა მიიღეს მაპ. ანუ როდესაც ფიზიკური დაცულობის გარანტია გაჩნდა, იმ წამიდან ქვეყნების ინვესტიციები ზრდას იწყებსაცხადებს  გიორგი ღაღანიძე.

 

 

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

დავით ნარმანიამ მომხმარებელთა უფლებების შესახებ გურჯაანში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქალაქ გურჯაანში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გახსნეს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური …