თბილისი (BPI) – საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე გენერაცია. მოხმარება ბოლო 6 წელია დაახლოებით 5%-ით იზრდება და 2018 წელს 12.6 ტერავატ/საათს მიაღწია, მაშინ როდესაც გენერაცია 3.8%-ით გაიზარდა და 12.1 ტერავატ/საათს შეადგენდა.
ელექტროენერგიის მოთხოვნის ზრდამ შესაბამისად იმპორტის ზრდა გამოიწვია 13%-ით (y.y) 0.9 ტერავატ/საათის ოდენობით. წყლის რესურსების შემცირებამ გენერაცია 2019 წლის პირველ ნახევარში 6.2 ტერავატ/საათამდე შეამცირა (კლება 2.1% y.y), რამაც შესაბამისად 0.4 ტერავატ/საათი წმინდა იმპორტის ზრდის საჭიროება გამოიწვია (ზრდა – 185% y.y).
TBC Research-ის პროგნოზით, ელექტროენერგიის მოხმარება მომდევნო 5 წლის განმავლობაში წლიურად 5.1%-ით გაიზრდება და 2023 წლისთვის 16.1 ტერავატ/საათს მიაღწევს. ზრდას ხელს უწყობს მზარდი ტურიზმი და კრიპტო მოპოვების ინდუსტრიის შენელება. საანგარიშო პერიოდისთვის, TBC Research თვლის, რომ დიდი კრიპტოვალუტის მომპოვებელი კომპანიები შეინარჩუნებენ მიმდინარე მოხმარების დონეს 0.9 ტერავატ/საათზე. 2018 წელს ბიტკოინის ფასი თითქმის მისი გამომუშავების ფასს გაუტოლდა ($2900-3300), სანამ ის გარკვეულწილად გამოჯანმრთელდა 2019 წელს. ამავდროულად, მათი თქმით, ყოველწლიურად მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების მოხმარება 4.2%-ით გაიზრდება და 2023 წლისთვის 3.2 ტერავატ/საათს გაუტოლდება. მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა და უფრო მაღალი დონის წარმოებები ამ ზრდის მთავარი კონტრიბუტორი იქნება.
TBC Research აფხაზეთის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის ტრენდის შენარჩუნებასაც ვარაუდობს, ყოველწიურად 4.2%-ით, იმავე დონეზე, რაც 2008-2018 წლებში იყო. შინამეურნეობებისა და კომერციული მომხმარებლების მოხმარების ზრდა კვლევაში 5.9%-ითაა ნავარაუდევი, შედარებით მცირე დონეზე, ვიდრე 2008-2018 წლების საშუალო ზრდა იყო (6.5%). ვარაუდობენ, რომ 2023 წლისთვის ტურიზმის წმინდა ეფექტი მთლიანი მოხმარების 5% იქნება (0.7 ტერავატ/საათი), მაშინ როდესაც 2018 წელს 3% იყო (0.3 ტერავატ/საათი).
მეორე მხრივ, კრიპტო მოპოვების სექტორის შენელება შეამცირებს ელექტროენერგიის მოხმარებას შინამეურნეობების და მცირე მომპოვებელი კომპანიების მიერ, რომელთა წარმოების ხარჯები უფრო მაღალია, ვიდრე მსხვილი კრიპტოვალუტის მწარმოებლებისა. მათივე განცხადებით, გარდა ზამთრის თვეებისა, ზაფხულის პიკებმაც განაპირობა მოხმარების ზრდა. 2018 წლის მაღალმა ტემპერატურამ კონდენციონერის მოხმარება გაზარდა.
„ჩვენ ველით, რომ გამოსახული ელექტროენერგიის მაღალი ზრდა ზაფხულის თვეებში ელექტროენერგიის მოთხოვნილებას შეამცირებს მომავალში“.
საერთო ჯამში TBC Research ფიქრობს რომ დამატებითი გენერაციის აქტივები საჭირო გახდება და ამავდროულად, დამატებითი წახალისების საჭიროებაზე მიუთითებენ ახალი თაობის შესაძლებლობებში ინვესტიციის მოსაზიდად. მათივე აზრით, მარეგულირებლის მიერ ელექტროენერგიის ფასების შემცირებამ შეიძლება შეაფერხოს ინვესტიციები და გამოიწვიოს კლიენტისთვის პირობების გაუარესება გრძელვადიან პერიოდში.
კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ ყოველწლიურად ელექტროენერგიის გენერაციის ზრდა 4.1% იქნება მომდევნო 5 წლის განმავლობაში და 2023 წელს 14.8 ტერავატ/საათს მიაღწევს, რაც სამ მთავარ გენერაციის წყაროზე დაყრდნობითაა გაკეთებული, ჰიდრო, თბო და სხვა განახლებად ენერგიებზე. მთავარი კონტრიბუტორები ამ ზრდის დაგეგმილი და მშენებარე ჰიდროელექტროსადგურები იქნება. მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგია მოსალოდნელია, რომ 4.2%-ით გაიზრდება 12.2 ტერავატ/საათამდე. თბოელექტროსადგურების წარმოება ყოველწლიურად 3.4%-ით, 2.5 ტერავატ/საათამდე გაიზრდება 2023 წლისთვის. მათი თქმით, ელექტროენერგიის წარმოება გაზით, რომელსაც ძვირადღირებული კომერციული ფასი აქვს არაა ხარჯთეფექტური ალტერნატივა იმპორტირებული ელექტროენერგიისა, თუმცა შაჰ დენიზის მილსადენის პოტენციალის გამოყენებით, სავარაუდოდ, გაიზრდება თბოელექტროსადგურების სუბსიდირებული ბუნებრივი გაზის მიწოდება. რაც შეეხება ქარის ენერგიას, მათივე განცხადებით, 2022 წლამდე არაა დაგეგმილი ახალი პროექტების დასრულება, შესაბამისად, მისი გენერაცია სტაბილური დარჩება 0.1 ტერავატ/საათზე. თუმცა, ახალი ქარის ან მზის პროექტებიც კი ნაკლებად სავარაუდოა, რომ მნიშვნელოვნად შეცვლიან ელექტროენერგიის საერთო რაოდენობას, რადგან ახალი პროექტები შეზღუდულ სიმძლავრეებს წარმოადგენენ.
მარიამ მინაძე